არაალერგიული რინიტი

დაავადების აღწერა

არაალერგიული რინიტი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქრონიკულად გაცემინებთ, აღინიშნება ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის ღრუს დაცობა, თუმცა გამომწვევი მიზეზი უცნობია. არაალერგიული რინიტის სიმპტომები გავს ალერგიულ რეაქციას, თუმცა ალერგიული გამომწვევი ვერ დგინდება. არაალერგიული რინიტი გვხვდება ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, თუმცა უფრო ხშირია 20 წლის შემდეგ.

არაალერგიული რინიტი საშიში არ არის, თუმცა დისკომფორტს უქმნის ადამიანს. არაალერგიული რინიტის გამომწვევი ფაქტორები განსხვავდება და შესაძლოა იყოს გარკვეული სუნი, გამღიზიანებელი ჰაერში, ამინდის ცვლილებები, ზოგიერთი მედიკამენტი, გარკვეული საკვები და ქრონიკული დაავადებები. არაალერგიული რინიტის დიაგნოზი მას შემდეგ ისმება, რაც გამოირიცხება ალერგიული მიზეზები. ამას შესაძლოა ალერგიის ტესტები დაჭირდეს.

გამომწვევი მიზეზი

არაალერგიული რინიტი ვითარდება, როცა ცხვირის ღრუს სისხლძარღვები ზედმეტად ფართოვდება, რის შედეგადაც ღრუ ივსება სითხით. სისხლძარღვების გაფართოების ან ცხვირის ღრუს ანთების რამდენიმე შესაძლო მიზეზი არსებობს, მაგრამ მიზეზის მიუხედავად, შედეგი ერთია– შესიებული ცხვირის ღრუს მემბრანები და ღრუს დაცობა.

მრავალი მიზეზით შესაძლოა განვითარდეს შესიება არაალერგიული რინიტის დროს. ზოგიერთი მიზეზი ხანმოკლე სიმპტომებს იწვევს, ზოგი კი ქრონიკულ გამოვლინებასთანაა ასოცირებული. არაალერგიული რინიტის გამომწვევი მიზეზებია:

  • გარემოში არსებული ან ოკუპაციური გამღიზიანებლები. მტვერი, სმოგი, სიგარეტის მეორადი ბოლი, ძლიერი სუნი, როგორიცაა სუნამოებში, შესაძლოა გახდეს რინიტის მაპროვოცირებელი ფაქტორი. ქიმიური გამონაბოლქვი, მაგალითად სამსახურეობრივი მოვალეობის დროს, შესაძლოა ასევე იყოს მიზეზი.
  • ამინდის ცვლილებები. ტემპერატურის ან ჰაერში წყლის შემცველობის ცვლილებები ასოცირებულია ცხვირის ღრუს მემბრანების შესიებასა და დაცობის ან გამონადენის განვითარებასთან.
  • ინფექციები. არაალერგიული რინიტის ხშირი გამომწვევი მიზეზი ვირუსული ინფექციაა–გაციება, გრიპი. ამ ტიპის რინიტი ძირითადად რამდენიმე კვირის შემდეგ გაივლის, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს ხახაში ლორწოს გადასვლა ცხვირის ღრუდან. ზოგჯერ, ამ ტიპის რინიტი ქრონიკული ხდება, რაც იწვევს ცხვირიდან ფერშეცვლილ გამონადენს, სახის ტკივილსა და სინუსიტს.
  • საკვები და სასმელები. არაალერგიული რინიტი შესაძლოა დაიწყოს ჭამი დროს, განსაკუთრებით ზედმეტად ცხარე, სანელებლებიანი საკვების შემთხვევაში. ალკოჰოლური სასმელები შესაძლოა უკავშირდებოდეს ცხვირის ღრუს დაცობას.
  • გარკვეული მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტი ზოგჯერ იწვევს ალერგიულ რინიტის. ესენია: ასპირინი, იბუპროფენი, სისხლის წნევის საკონტროლო (ანტიჰიპერტენზიული) მედიკამენტები, მაგალითად ბეტა–ბლოკერები, სედაციური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ორალური კონტრაცეპტივები ან ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოყენებული საშუალებები. ცხვირის გამხსნელი სპრეის ზედმეტად, ჭარბად გამოყენება იწვევს არაალერგიულ რინიტს, იგივე მედიკამენტოზურ რინიტს.
  • ჰორმონალური ცვლილებები. ჰორმონების ცვლილებები ორსულობის, მენსტრუაციის, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს, ან ენდოკრინული დაავადებების გამო, შესაძლოა გახდეს რინიტის მიზეზი.
  • სტრესი. ემოციური ან ფიზიკური სტრესი ზოგიერთ ადამიანში იწვევს რინიტს.

სიმპტომები

თუ გაქვთ არაალერგიული რინიტი, შესაძლოა სიმპტომები გაქრეს და გაჩნდეს. სიმპტომები ზოგჯერ რამდენიმე საათს გრძელდება, ზოგჯერ კი რამდენიმე დღესაც კი. არაალერგიული რინიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ცხვირის ღრუს დაცობა
  • გამონადენი ცხვირის ღრუდან
  • ცემინება
  • ლორწო (ფლეგმა) ხახაში (ცხვირის ღრუდან)


არაალერგიული რინიტი ძირითადად არ იწვევს ცხვირის, თვალების ან ხახის ქავილს. ქავილი მეტად ასოცირდება ალერგიულ რინიტთან.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • სიმპტომები ძლიერია
  • სიმპტომები არ ქრება ან მსუბუქდება ურეცეპტო მედიკამენტების და სახლის პირობებში მოვლის ფონზე
  • აღგენიშნათ ურეცეპტო მედიკამენტების გვერდითი ეფექტები