ასკარიაზი (პარაზიტული დაავადება)

დაავადების აღწერა

ასკარიაზი მრგვალი ჭია ასკარიდას მიერ გამოწვეული ინფექციური დაავადებაა. ჭიები პარაზიტული ორგანიზმებია, რომლებიც მასპინძლად იყენებენ ადამიანის სხეულს რათა ლარვას ან კვერცხების ფორმიდან გადაიზარდონ მოზრდილ ჭიებში. მოზრდილი ჭიები მრავლდებიან და შესაძლოა 30 სანტიმენტრამდე სიგრძეს მიაღწიონ.

ასკარიაზი ერთ–ერთი ყველაზე ხშირი პარაზიტული დაავადებაა მსოფლიოში. ინფიცირებული პაციენტების უმეტესობას ძირითადად მსუბუქი დაავადება აქვს, სიმპტომების გარეშე. მძიმე დაინფიცირება კი იწვევს მნიშვნელოვან სიმპტომებსა და გართულებებს.

ასკარიაზი ხშირად გვხვდება ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონების მოსახლე ბავშვებში, განსაკუთრებით სანიტარიისა და ჰიგიენის დაუცველობის პირობებში.

გამომწვევი მიზეზი

ასკარიაზი არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ინფიცირება ხდება ნიადაგში ან წყალში არსებული ასკარიდას კვერცხებით, რომლებიც ადამიანის განავლიდან მოხვდა გარემოში. განვითარებად ქვეყნებში ადამიანის განავალს იყენებენ სასუქად, აქვთ სანიტარიის დაბალი ნორმები და არ იცავენ ფეკალიების დაგროვების სხვადასხვა წესებს.

პატარა ბავშვები ხშირად თამაშობენ ბინძურ ადგილებში, ინფიცირება შესაძლებელია მოხდეს დასვრილი თითის პირში ჩადებით. გაურეცხავი ხილი ან ბოსტნეული (ინფიცირებული ნიადაგით დაბინძურებული) ასევე შესაძლოა ატარებდეს ასკარიდას კვერცხებს.

ჭიის სიცოცხლის ციკლი

  • დაინფიცირება. ასკარიდას მიკროსკოპიული კვერცხები ინფექციური არ არის თუ იგი არ მოხვდა ნიადაგში. ადამიანი შემთხვევით მიიღებს საკვებთან ერთად ჭიის კვერცხებს, რადგან ნიადაგი დაბინძურებულია. ეს შეიძლება მოხდეს გაურეცხავი საკვების გამო ან დაბინძურებული ხელის პირში ჩადებით.
  • მიგრაცია. ლარვა იჩეკება კვერცხიდან წვრილ ნაწლავში, გაივლის ნაწლავის კედელს, მიგრირებს ფილტვში სისხლის ან ლიმფური სისტემის მეშვეობით, ყალიბდება ფილტვში დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში და სასუნთქი გზების მეშვეობით ავა ყელში. ყელიდან ამოხველების დროს ჭიას ინფიცირებული ადამიანი გადაყლაპავს და მოხვდება ნაწლავებში.
  • მომწიფება. როცა ჭია ნაწლავში ხვდება, იგი მწიფდება მამრობითი ან მდედრობითი სქესის პარაზიტ ჭიად. მდედრობითი ჭიების ზომები შესაძლოა იყოს 40 სანტიმენტრამდე სიგრძეში, ხოლო დიამეტრით მხოლოდ 6 მილიმეტრი. მამრობითი სქესის ჭიები შედარებით მცირე ზომის იზრდებიან.
  • რეპროდუქცია. მდედრობითი და მამრობითი ჭიები წყვილდებიან ნაწლავში. მდედრობითი ჭია დღეში 20 000 კვერცხამდე დებს, რომლებიც გამოიყოფა განავალთან ერთად. კვერცხი ნიადაგში 18 დღე მაინც უნდა იყოს, რათა გახდეს ინფექციური.
  • მთელი ეს პროცესი, ინფიცირებიდან კვერცხის გამოყოფამდე, დაახლოები 2–3 თვეს გრძელდება. ასკარიდას ჭიას ნაწლავში ცხოვრება 1–2 წლის განმავლობაში შეუძლია.

სიმპტომები

უმეტესად, პაციენტებს სიმპტომები არ უვლინდებათ. საშუალო და მძიმე დაინფიცირება იწვევს გარკვეულ სიმპტომებს, სხეულის დაზიანებული ორგანოს მიხედვით.

ფილტვები

  • როცა საკვები გზით მიიღებთ ასკარიდას კვერცხს, იგი გამოიჩეკება წვრილ ნაწლავში, გახდება ლარვა და მიგრირებს სისხლის ან ლიმფური სისტემის მეშვეობით ფილტვებში. ამ ეტაპზე, შესაძლოა გქონდეთ ასთმის ან პნევმონიის მაგვარი სიმპტომები, როგორიცაა:
  • ხანგრძლივი ხველა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • სტვენითი სუნთქვა
  • ფილტვების დაინფიცირებიდან 6–10 დღეში, სასუნთქი გზების გავლით, ლარვა ადის ყელში, პაციენტი ამოახველებს ლარვას, თუმცა ბოლომდე ვერ იღებს და ყლაპავს მას.



ნაწლავები
ლარვა მომწიფდება და გახდება მოზრდილი ჭია წვრილ ნაწლავში. ჭიები ძირითადად ნაწლავში აგრძელებენ არსებობას სანამ არ განადგურდებიან. მსუბუქ ან საშუალო ასკარიაზში, ნაწლავური სიმპტომებია:

  • ყრუ ტკივილი მუცლის არეში
  • გულისრევა და ღებინება
  • ფაღარათი ან სისხლიანი განავალი
  • თუ გაქვთ დიდი რაოდენობით ჭია ნაწლავებში, შესაძლო სიმპტომებია:
  • მუცლის ძლიერი ტკივილი
  • დაღლილობა
  • გულისრევა
  • წონის კლება და მალნუტრიცია
  • ჭიის ამოღება ღებინებისას ან გამოყოფა განავალში



როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ხანგრძლივი ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი ან გულისრევის შეგრძნება.