ასპერგილოზი
დაავადების აღწერა
ზოგიერთ პაციენტში, სპორები იწვევენ ალერგიულ რეაქციას. სხვებში სოკო იწვევს მსუბუქ ან მძიმე ფილტვის ინფექციურ დაავადებას. ასპერგილოზის ყველაზე მძიმე ფორმა ინვაზიური ასპერგილოზია, რომელიც ინფექციის სისხლძარღვებში გავრცელებას გულისხმობს.
ასპერგილოზის ტიპების მიხედვით, მკურნალობა შესაძლოა იყოს უბრალოდ დაკვირვება, ანტისოკოვანი პრეპარატები ან, იშვიათად, ქირურგიული ჩარევა.
გამომწვევი მიზეზი
ასპერგილუსთან ყოველდღიური კონტაქტი არ წარმოადგენს პრობლემას ნორმალური იმუნური სტატუსის შემთხვევაში. როცა სპორას ჩაისუნთქავთ, იმუნური სისტემის უჯრედები შემოეხვევიან მას და ანადგურებენ. ადამიანებს დასუსტებული იმუნური სისტემით (სხვ ადაავადების ან იმუნოსუპრესიული თერაპიის გამო) ნაკლები ასეთი უჯრედი აქვთ. ასპერგილუსი ასეთ ორგანიზმში რჩება, ინვაზიურია ფილტვში და შეიძლება გართულდეს სხვა ორგანოების ინვაზიით.
ასპერგილოზი არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე.
სიმპტომები
ასპერგილოზის სიმპტომები და ნიშნები სხვადასხვაა შესაბამისი დაავადების მიხედვით:
ალერგიული რეაქცია
- ასთმით ან კისტური ფიბროზით დაავადებული ზოგიერთი პაციენტი ალერგიულია ასპერგილუსის მიმართ. ამ მდგომარეობის– ალერგიული ბრონქოპულმონარული ასპერგილოზი, ნიშნები და სიმპტომებია:
- სიცხე
- სისხლიანი ან ლორწოს საცობებიანი ნახველი
- ასთმის გაუარესება
სოკოვანი მასა
სოკოს ბოჭკოების ჩახლართული წარმონაქმნი (სოკოვანი ბურთი) შეიძლება წარმოიქმნას ფილტვის ღრუებში (კავიტაციები), მაგალითად ქრონიკული ფილტვის ასპერგილოზის დროს. ასეთი ტიპის ასპერგილოზს მარტივ ასპერგილომას უწოდებენ. ფილტვში ღრუების (კავიტაციების) გაჩენა შესაძლოა უკავშირდებოდეს მანამდე არსებულ დაავადებას, ემფიზემას, ტუბერკულოზს ან გართულებულ სარკოიდოზს.
ასპერგილომა უვნებელი მდგომარეობაა, რომელიც შესაძლოა არ გამოიხატოს სიმპტომებით, გარდა მსუბუქი ხველისა. ამის მიუხედავად, მდგომარეობა შეიძლება დროთა განმავლობაში დამძიმდეს და გამოავლინოს ნიშნები:
- სისხლიანი ნახველი, ზოგჯერ დიდი რაოდენობით სისხლით
- სტვენითი სუნთქვა
- სუნთქვის უკმარისობა
- წონაში უმიზეზოდ დაკლება
- დაღლილობა
ინფექცია
ფილტვის ინვაზიური ასპერგილოზი (ყველაზე მძიმე ფორმა) ინფექციის გავრცელების შედეგია. ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს ფილტვიდან სისხლში, შემდეგ ტვინში, თირკმელსა და კანში. ეს პროცესი ძირითადად დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში ვითარდება, ხშირად ქიმიოთერაპიის გამო. მკურნალობის გარეშე ამ ფორმის დაავადება ხშირად ფატალური შედეგითაც მთავრდება.
ნიშნები და სიმპტომები ვლინდება დაზიანებული ორგანოების მიხედვით, მაგრამ ზოგადად, ინვაზიურ ასპერგილოზს შეუძლია გამოიწვიოს:
- სიცხე და შეციება
- სისხლიანი ხველა (ჰემოპტიზი)
- ძლიერი სისხლდენა ფილტვებიდან
- სუნთქვის უკმარისობა
- გულმკერდის ან სახსრების ტკივილი
- თავის ტკივილი ან მხედველობითი სიმპტომები
- ცხვირიდან სისხლდენა
- სახის შესიება ცალ მხარეს
- კანის დარღვევები
ასპერგილოზის სხვა ტიპები
ასპერგილოზი შესაძლოა გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც, როგორიცაა სინუსური ღრუები. ამ დროს იგი იწვევს ცხვირის ღრუს დახშობას, სისხლიან გამონადენს, ანთებას, სიცხეს, სახის ტკივილსა და თავის ტკივილს.
როდის მივმართოთ ექიმს
- თუ გაქვთ ასთმა ან კისტური ფიბროზი, მიმართეთ ექიმს როგორც კი შეამჩნევთ ცვლილებებს სიმპტომებში. ასპერგილოზი შესაძლოა არ იყოს ამის მიზეზი, მაგრამ აუცილებელია ნებისმიერი ცვლილების შეფასება.
- თუ გაქვთ დაქვეითებული იმუნური სტატუსი და განვითარდა სიცხე, სუნთქვის უკმარისობა ან სისხლიანი ნახველი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ინვაზიური ასპერგილოზის შემთხვევაში დროული მკურნალობა აუცილებელია და ზოგჯერ მკურნალობა იწყება ინფექციის საბოლოო დიაგნოსტირებამდეც
.