ასტიგმატიზმი

დაავადების აღწერა

ასტიგმატიზმი ხშირი, მარტივად სამკურნალო დარღვევაა, რომლის დროსაც დეფექტი გვხვდება თვალის ფორმის მოყვანილობაში. ასტიგმატიზმი იწვევს დაბინდულ მხედველობას.

ასტიგმატიზმის დროს თვალის წინა ზედაპირის (რქოვანა) ან ბროლის მოყვანილობა დეფექტურია სხვადასხვა მიმართულებით. ნორმაში, ამ სტრუქტურების ზედაპირი გლუვი და თანაბარია, ასტიგმატიზმის დროს კი ზოგიერთი ნაწილი ჩაზნექილია ზოგი კი ამობურცული.

ასტიგმატიზმი იწვევს მხედველობის დაბინდვას ნებისმიერ მანძილზე. ხშირად ეს მდგომარეობა თანდაყოლილია და კომბინაციაში გვხვდება ახლო ან შორსმხედველობასთან. ზოგჯერ ასტიგმატიზმი იმდენად სიმპტომური არ არის, რომ მკურნალობა დაჭირდეს. როცა ასტიგმატიზმი სამკურნალოა, იყენებენ საკორექციო ლინზებს ან ქირურგიულ ჩარევას.

გამომწვევი მიზეზი

მხედველობითი ველის ფოკუსირება ორი სტრუქტურის საშუალებით ხდება. ესენია რქოვანა და ბროლი. ნორმალური ფორმის თვალში, ეს სტრუქტურები გლუვი და თანაბარია, როგორც მრგვალი ბურთის ზედაპირი.

ასეთი გლუვი ფორმის რქოვანა და ბროლი შემომავალ სინათლეს აირეკლავს თანაბრად და აფოკუსირებს ველს თვალის უკანა მხარეზე (ბადურა).

თუმცა, თუ თქვენი რქოვანა ან ბროლი არ არის გლუვი და თანაბარი, სინათლის სხივები არათანაბრად ვრცელდება. ეს იწვევს არეკვლის პრობლემას. ერთ–ერთი არეკვლის პრობლემით მიმდინარე დარღვევაა ასტიგმატიზმი.

ასტიგმატიზმის დროს, რქოვანა ან ბროლი უფრო დამრეცი ზედაპირისაა ერთი ადგილას, ვიდრე დანარჩენ წერტილებში. თუ რქოვანას აქვს მსგავსი დეფექტური აგებულება, დარღვევას რქოვანას ასტიგმატიზმი ქვია, ხოლო ბროლის დეფექტს– ბროლის ასტიგმატიზმი.

ასტიგმატიზმის ორივე ტიპი იწვევს მხედველობის დაბინდვას, რომელიც შესაძლოა განსაკუთრებით გამოიხატოს ერთი მიმართულებით, ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად ან დიაგონალურად.

ასტიგმატიზმი შესაძლოა სხვა არეკვლის დარღვევებთან ერთად კომბინაციაში შეგვხვდეს. ესენია:

  • ახლომხედველობა (მიოპია). ამ დარღვევის დროს რქოვანას ფორმა ზედმეტად ირეკლავს სინათლის სხივებს (მომატებულია შუქგარდამტეხი ძალა) ან თვალი არის ძალიან გრძელი (თვალის ღერძის დაგრძელება). ბადურაზე ფოკუსირების ნაცვლას, სინათლე ფოკუსირდება ბადურის წინ, რაც იწვევს შორეული საგნების დაბინდულ ხედვას.
  • შორსმხედველობა (ჰიპეროპია). ამ დარღვევის დროს რქოვანის შუქგარდამტეხი ძალა დაბალია ან თვალია უფრო მოკლე, ვიდრე ნორმაში. ეს ახლომხედველობის საპირისპირო მდგომარეობაა. როცა თვალი მოდუნებულია, სინათლე ბადურის უკან ფოკუსირდება, რაც ახლომდებარე საგნებს დაბინდულს ხდის.

ასტიგმატიზმი შესაძლოა დაბადებიდან გქონდეთ, ან რაიმე დაზიანების, დაავადების ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ ჩამოყალიბდეს. ასტიგმატიზმს არ იწვევს ან აუარესებს ცუდ განათებაში კითხვა, ტელევიზორთან ახლოს ჯდომა ან თვალის სიელმე.

სიმპტომები

ასტიგმატიზმის ნიშნები და სიმპტომებია:

  • დაბუნდული მხედველობა
  • თვალის დაძაბვა
  • თავის ტკივილი

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენი მხედველობითი პრობლემა ხელს გიშლით ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ოფთალმოლოგი დაადგენს, გაქვთ თუ არა ასტიგმატიზმი და რა ხარისხისაა იგი. ექიმი შემოგთავაზებთ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებს.

თუ ხართ ჯანმრთელი მოზრდილი ადამიანი (40 წელს ზემოთ), გაესინჯეთ მხედველობის პრობლემებზე 2–4 წელიწადში ერთხელ 55 წლის ასაკამდე.

55წლის შემდეგ, გაესინჯეთ 1–3 წელიწადში ერთხელ, ხოლო 65 წელს ზემოთ– 1–2 წელიწადში ერთხელ.

თუ გაწუხებთ მხედველობის პრობლემები, მათ შორის ასტიგმატიზმი, შესაძლოა დაგჭირდეთ ექიმთან უფრო ხშირი ვიზიტი. თუ გაქვთ მაღალი რისკი სხვადასხვა მხედველობითი დარღვევების განვითარებისა (გლაუკომა) ან გაქვთ დიაბეტი, კითხეთ ექიმს, რა ინტერვალებითაა რეკომენდირებული შემოწმება.