ასთმა
დაავადების აღწერა
ასთმის დროს სასუნთქი გზები ვიწროვდება, შესივდება და გამოიყოფა ჭარბი ლორწო. ეს პროცესი ართულებს სუნთქვას და იწვევს ხველას, სტვენით სუნთქვასა და სუნთქვის უკმარისობას.
ზოგიერთ შემთხვევაში, ასთმა მსუბუქია. სხვა პაციენტებში, ეს დაავადება სერიოზული პრობლემაა, რომელიც ხელს უშლის ადამიანს ნორმალური ყოველდღიური აქტივობების შესრულებაში და შესაძლოა გადაიზარდოს სიცოცხლისათვის საშიშ ასთმურ შეტევებში.
ასთმა არ იკურნება, თუმცა შესაძლებელია სიმპტომების კონტროლი. ასთმა დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომ აუცილებელია ექიმთან ხშირი კონტაქტი და მკურნალობის ადაპტირება სიმპტომებისა და ნიშნების ცვლილებების შესაბამისად.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია, რატომ აქვთ ასთმა გარკვეულ ადამიანებს, და რატომ არ აქვთ ასთმა სხვებს. სავარაუდოდ, ეს დაავადება გარკვეული ფაქტორების (გარემო და გენეტიკური) კომბინაციით ყალიბდება.
ასთმის გამამწვავებელი ფაქტორები
ალერგენებთან ან სხვა გამღიზიანებლებთან კონტაქტმა შესაძლოა გაამწვავოს ასთმა და გამოიწვიოს სიმპტომების გამოვლენა. ასეთი ფაქტორები ინდივიდუალურია სხვადასხვა პაციენტში და შეიძლება იყოს:
- ალერგენები ჰაერში, როგორიცაა ყვავილის მტვერი, ცხოველის ბეწვი, სოკო, ტარაკანი ან ტკიპა
- სასუნთქი გზების ინფექციები, გაციება
- ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში
- ცივი ჰაერი
- ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები, როგორიცაა გამონაბოლქვი
- გარკვეული მედიკამენტები: ბეტა–ბლოკერები, ასპირინი, იბუპროფენი და ნაპროქსენი
- ძლიერი ემოციები და სტრესი
- სულფიტები, კონსერვანტები სხვადასხვა საკვებსა და სასმელში, როგორიცაა კიბორჩხალა, მშრალი ხილი (ჩირი), პროცესირებული კარტოფილი, ლუდი ან ღვინო
- გასტროეზოფაგიალური რეფლუქსის დაავადება, როცა კუჭის მჟავები უკან ბრუნდებიან საყლაპავიდან ხახაში
- მენსტრუალური ციკლი ზოგიერთ ქალ პაციენტში
სიმპტომები
ასთმის სიმპტომები შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მძიმე და მკვეთრად განსხვავდება სხვადასხვა პაციენტში. შესაძლოა გქონდეთ იშვიათი ასთმური შეტევები, გქონდეთ სიმპტომები მხოლოდ გარკვეული აქტივობის დროს (ვარჯიში) ან გრძნობდეთ სხვადასხვა სიმპტომს ყოველთვის.
ასთმის ნიშნები და სიმპტომებია:
- სუნთქვის უკმარისობა
- დაჭიმულობა ან ტკივილი გულმკერდის არეში
- უძილობა სუნთქვის პრობლემების, ხველის ან სტვენითი სუნთქვის გამო
- სტვენითი ხმიანობა ამოსუნთქვის დროს (განსაკუთრებით ბავშვებში)
- ხველის ან სტვენითი სუნთქვის შეტევა, რომელსაც ართულებს სასუნთქი გზების ვირუსი, მაგალითად გრიპი
ასთმის გაუარესებაზე ხშირად მიანიშნებს:
- სიმპტომები და ნიშნები უფრო ხშირი და მძიმეა
- სუნთქვა უფრო გაძნელებულია (იზომება სპეციალური აპარატით– პიკ-ფლოუმეტრით)
- უფრო ხშირად იყენებთ სწრაფი მოქმედების ინჰალატორს
ზოგიერთ პაციენტში, ასთმის სიმპტომები რთულდება გარკვეულ სიტუაციებში:
- ვარჯიშის დროს, განსაკუთრებით ცივი და მშრალი ჰაერის სუნთქვისას
- ოკუპაციური ასთმა, რომელსაც იწვევს სამუშაო ადგილზე გამღიზიანებლების არსებობა (ქიმიური გამნაბოლქვი ან მტვერი)
- ალერგიული ასთმა, რომელსაც იწვევს გარკვეული ალერგენი, როგორიცაა ცხოველის ბეწვი, ტარაკანები ან ყვავილის მტვერი
როდის მივმართოთ ექიმს
- მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება
- ასთმის შეტევა შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს. ჰკითხეთ ექიმს რა უნდა გააკეთოთ თუ სიმპტომები სწრაფად გაუარესდა და როდის გჭირდებათ გადაუდებელი დახმარება. გადაუდებელი სიტუაციების დროს შესაძლოა გამოვლინდეს:
- სუნთქვის სწრაფი გაძნელება ან სტვენითი სუნთქვა
- სწრაფი მოქმედების ინჰალატორის გამოყენების მიუხედავად, არ წყდება სიმპტომები
- სუნთქვის უკმარისობა მინიმალურ ფიზიკურ აქტივობაზეც კი
დაუკავშირდით ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ:
- ფიქრობთ, რომ გაქვთ ასთმა. თუ ხშირად გახველებთ, გაქვთ სტვენითი სუნთქვა, რომელიც რამდენიმე დღეზე მეტს გრძელდება ან ასთმის სხვა სიმპტომები, დაუკავშირდით ექიმს. ასთმის ადრეული მკურნალობა აუცილებელია გრძელვადიანი გართულებებისა და მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.
- აუცილებელია ასთმის მონიტორინგი დიაგნოსტირების შემდეგ. თუ იცით, რომ გაქვთ ასთმა, ექიმი აგიხსნით, თუ როგორ უნდა გააკონტროლოთ თქვენი მდგომარეობა. კარგი გრძელვადიანი კონტროლი უკეთ გაგრძნობინებთ თავს და შემცირდება ასთმური შეტევების განვითარების რისკი.
- თუ ასთმის სიმპტომები გაგიუარესდათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს თუ მედიკამენტები არ გიხსნით სიმპტომებს ან იყენებთ ინჰალატორს უფრო ხშირად ვიდრე ადრე. არ ეცადოთ პრობლემის მოგვარებას მედიკამენტების დოზის გაზრდით ექიმის გარეშე. ასთმის მედიკამენტების ჭარბი გამოყენება გვერდით ეფექტებთანაა დაკავშირებული და შესაძლოა გაგიუარესოთ კიდეც სიმპტომები.
- გადახედეთ მკურნალობას. ასთმის სიმპტომები დროდადრო იცვლება, ამიტომ უნდა შეხვდეთ ექიმს რეგულარულად ცვლილებების განსახილველად და მკურნალობის ადაპტირებისათვის.