ატელექტაზი

დაავადების აღწერა

 

ატელექტაზი ფილტვის ან მისი წილის მთლიანი ან ნაწილობრივი კოლაფსია. ატელექტაზი ვითარდება, როცა ფილტვის ჰაერის ბუშტუკები (ალვეოლები) იჩუტება. ეს მდგომარეობა ქირურგიული ჩარევის შემდგომი ყველაზე ხშირი გართულებაა. ატელექტაზი ასევე შესაძლოა მოჰყვეს სხვა სასუნთქი გზების პრობლემას, როგორიცაა კისტური ფიბროზი, უცხო სხეული, სიმსივნე, სითხე ფილტვში, ასთმა ან გულმკერდის დაზიანება.

ატელექტაზში ჩართული ფილტვის ქსოვილის რაოდენობა ვარიაბელურია, მიზეზების შესაბამისად. ნიშნები და სიმპტომები ასევე განსხვავდება. ატელექტაზი მძიმე დარღვევაა, რადგან იგი ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას სხეულისათვის. მკურნალობა კოლაფსის მიზეზსა და სიმძიმეზეა დამოკიდებული.

გამომწვევი მიზეზი

ატელექტაზი შესაძლოა სასუნთქი გზის ობსტრუქციის გამო მივიღოთ ან ფილტვის გარედან წნევითი ზემოქმედების გამო.

თითქმის ყველას, ვინც ჩაიტარა რაიმე ოპერაცია, აღენიშნება ატელექტაზის გარკვეული გამოვლენა ანესთეზიის გამო. ანესთეზია ცვლის ჰაერის დინამიკას ფილტვში, აირების აბსორბციასა და წნევებს, რაც იწვევს გარკვეული ხარისხის კოლაფსს ალვეოლებში. ეს განსაკუთრებით გამოხატულია გულის შუნტირების ოპერაციების შემდეგ.

სასუნთქი გზების (ბრონქები) ბლოკადა იწვევს ობსტრუქციულ ატელექტაზს. ბლოკადის სავარაუდო მიზეზებია:

  • ლორწოვანი საცობი. ლორწოს დაგროვება სასუნთქ გზებში ზოგჯერ ოპერაციის შემდგომ დახველების უნარის დაქვეითების შედეგია. ეს ატელექტაზის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. ოპერაციის დროს გამოყენებული მედიკამენტები ხელს უშლიან ფილტვის გაშლას, ამიტომ სეკრეციები გროვდება სასუნთ გზებში. გზების სანაცია ქირურგიული ჩარევის დროს გვეხმარება ლორწოს დაგროვების თავიდან ასაცილებლად, თუმცა გარკვეული რაოდენობით შემდეგ მაინც გროვდება. ამიტომაა აუცილებელი სწორი სუნთქვა და დახველება ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ფილტვის ბოლომდე გაშლა სასუნთქ გზებს ხსნის და ლორწოვანი საცობების ამოხველებას აადვილებს. საცობები ხშირია კისტური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებსა და ასთმური შეტევების დროს.
  • უცხო სხეული. ბავშვები ყველაზე ხშირად “შეისუნთქავენ” უცხო სხეულს (მიწის თხილი ან სათამაშოს პატარა ნაწილი), რომელიც ხვდება მათ ფილტვებში.
  • სასუნთქი გზების შევიწროვება დაავადების გამო. ქრონიკული ინფექციები, როგორიცაა სოკოვანი ინფექცია, ტუბერკულოზი ან სხვ. შესაძლოა დანაწიბურდეს და შეავიწროვოს სასუნთქი გზა.
  • სიმსივნე სასუნთქ გზებში. ზედმეტი ზრდა და სიმსივნე ავიწროვებს სასუნთქ გზებს.
  • სისხლის შენადედები. ასეთ დროს პაციენტს ჰქონდა სისხლდენა ფილტვში,სისხლი დაგროვდა სასუნთქ გზებში და შექმნა შენადედები, რომელიც ამოხველებისას არ გაიწმინდა.



არაობსტრუქციული ატელექტაზის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • დაზიანება. გულმკერდის ტრავმა დაცემის ან ავტოავარიის გამო შესაძლოა ხელს გიშლიდეთ ნორმალურად სუნთქვაში (ტკივილის დროსაც), რაც იწვევს ფილტვების კომპრესიას.
  • პლევრის ეფუზია. ასეთ დროს სითხე დგება პლევრის ფურცლებს შორის, რომლებიც ამოფენს ფილტვსა და დულმკერდის კედელს.
  • პნევმონია. პნევმონიის სხვადასხვა ტიპები იწვევენ დროებით ატელექტაზიას. თუ ატელექტაზური ფილტვი გასტანს რამდენიმე კვირას ან მეტს, შესაძლოა განვითარდეს ბრონქოექტაზიაც, მდგომარეობა, როცა დაზიანებული სასუნთქი გზა ფართოვდება და ნაწიბურდება.
  • პნევმოთორაქსი. ჰაერი შედის ფილტვსა და გულმკერდის კედელს შუა, რაც არაპირდაპირად იწვევს ფილტვის ნაწილის კოლაფსს.
  • ფილტვის ქსოვილის დანაწიბურება. ნაწიბურის ჩამოყალიბებას იწვევს დაზიანება, დაავადება ან ოპერაცია. ამ იშვიათ შემთხვევებში, ატელექტაზი მსუბუქია ნაწიბურის მიერ გამოწვეულ დაზიანებასთან შედარებით.
  • სიმსივნე. დიდი სიმსივნე აწვება და ფუშავს ფილტვს, განსხვავებით ობსტრუქციული ტიპისგან, როცა სიმსივნე ბლოკავს სასუნთ გზებს.

სიმპტომები

ზოგჯერ, შესაძლოა არც გამოვლინდეს ატელექტაზის ნიშნები და სიმპტომები. ესენია:

  • სუნთქვის უკმარისობა (დისპნეა)
  • სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა
  • ხველა
  • სიცხე



როდის მივმართოთ ექიმს
მნიშვნელოვანი ატელექტაზი ძირითადად უკვე ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში გვხვდება. თუმცა, მიმართეთ ექიმს როგორც კი სუნთქვის უკმარისობა დაგეწყებათ. სუნთქვის უკმარისობას სხვა დაავადებების იწვევს, რომელთაც ასევე ესაჭიროებათ მკურნალობა. თუ სუნთქვა ძალიან გაძნელდა, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.