ატიპიური დეპრესია
დაავადების აღწერა
ატიპიური დეპრესია ძირითადად მოზარდებში იწყება და უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. სახელის მიუხედავად, ატიპიური დეპრესია იშვიათი და უჩვეულო არ არის. დეპრესიის სხვა ფორმების მსგავსად, ატიპიური დეპრესიის მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, ფსიქოთერაპიასა და ცხოვრების სტილის მოდიფიკაციას.
გამომწვევი მიზეზი
ატიპიური დეპრესიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. როგორც სხვა ტიპის დეპრესიებში, ამ შემთხვევაშიც ფაქტორთა კომბინაციაა გასათვალისწინებელი. ეს ფაქტორებია:
- თავის ტვინის ქიმიური მოვლენები. ნეიროტრანსმიტერები თავის ტვინის ბუნებრივი საინფორმაციო მოლეკულებია, რომლებიც დეპრესიაში გარკვეულ როლს თამაშობენ. ამ ნივთიერებების დისბალანსი ზოგჯერ იწვევს დეპრესიას.
- მემკვიდრეობითი ფაქტორები. დეპრესია ხშირია იმ ადამიანებში, რომელთა ბიოლოგიურ (სისხლისმიერ) ნათესავებს ასევე აქვთ დეპრესია.
- ცხოვრებისეული მოვლენები. ახლობელი ადამიანების სიკვდილი, ფინანსური პრობლემები, სტრესული სიტუაციები შესაძლოა გახდეს დეპრესიის მიზეზი ზოგიერთ ადამიანში.
- ბავშვობის ადრეული ტრავმა. ტრავმული მოვლენების გადატანა ბავშვობაში, როგორიცაა ძალადობა ამ მშობლის გარდაცვალება, შესაძლოა გახდეს დეპრესიის მიმართ მიდრეკილების განვითარების მიზეზი.
სიმპტომები
დეპრესია ნებისმიერი ფორმით იწვევს ემოციების შეცვლას, სიამოვნების, სიმხიარულის აღქმის შეგრძნების დაქვეითებას. ატიპიური დეპრესია კი მოიცავს ამ ნიშნებსა და სიმპტომებს:
- დეპრესია, რომელიც კარგი ამბის გაგებისას ან გამხიარულებისას ქრება, მაგრამ შემდეგ ბრუნდება
- მოჭარბებული მადა წონაში მატებით
- ძილიანობა, ძირითადად დღეში 10 საათი ძილი და მეტი
- სიმძიმის შეგრძნება კიდურებში დღეში 1 საათის ან მეტის განმავლობაში
- გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნების უუნარობა, რადგან ადამიანს ეშინია კრიტიკისა და უარყოფის. ეს ეხება როგორც ურთიერთობებს, ასევე სამსახურსა და სოციალურ ქცევას.
როდის მივმართოთ ექიმს
- თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ დეპრესია, მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება მალე. დეპრესია გართულდება თუ არ იმკურნალებთ. ასეთ დროს იგი სხვა მენტალურ პრობემებს იწვევს და ცხოვრების ბევრ ასპექტს ეხება. დეპრესიული ემოციები თვითმკვლელობის მიზეზიც ხდება ხოლმე.
- თუ არ გსურთ მკურნალობის დაწყება, ესაუბრეთ მეგობარს ან ახლო ადამიანს, ექიმს, რელიგიის წარმომადგენელს ან ვინმეს, ვისაც ენდობით.
- თუ ფიქრობთ თვითმკვლელობაზე
თუ თქვენ ან თქვენს ნაცნობს გაქვთ ფიქრები თვითმკვლელობის შესახებ, მოითხოვეთ დახმარება მაშინვე. თქვენ შეგიძლიათ:
- ესაუბროთ მეგობარს ან თქვენთვის ახლო ადამიანს
- ესაუბროთ მოძღვარს, ან თქვენი მრწამსის სხვა წარმომადგენელს
- დარეკოთ სასწრაფო დახმარების სამსახურებში ან თვითმკვლელობის პრევენციის ცხელ ხაზებზე.
- დაგეგმოთ ვიზიტი ექიმთან ან ფსიქოლოგთან.
როდის უნდა მოითხოვოთ სასწრაფო დახმარება
- თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება თავს ავნოთ ან ჩაიდინოთ თვითმკვლელობა, დარეკეთ 112–ზე დაუყოვნებლივ.
- თუ იცნობთ ვინმეს, ვინც შესაძლოა ჩაიდინოს მსგავსი რამ, არ დატოვოთ ეს ადამიანი მარტო. დარეკეთ 122–ზე მაშინვე. თუ შეგიძლიათ, წაიყვანეთ იგი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.