ატრიოვენტრიკულური არხის დეფექტი
დაავადების აღწერა
ატრიოვენტრიკულური არხის დეფექტის დროს ფილტვებში ჭარბი რაოდენობით სისხლი ცირკულირებს. ეს პროცესი იწვევს გულის ზედმეტ მუშაობას და მის გაგანიერებას.
ატრიოვენტრიკულური არხის დეფექტი ხშირადაა ასოცირებული დაუნის სინდრომთან. სამედიცინო ჩარევის გარეშე, ამ მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობა და მაღალი წნევა ფილტვებში. დეფექტის აღმოსაფხვრელად, ექიმები საჭიროდ თვლიან ქირურგიულ ჩარევას სიცოცხლის პირველივე წელიწადში რათა დაიხუროს ღრუ და განახლდეს სარქველები.
გამომწვევი მიზეზი
ნორმალურად მომუშავე გული
თქვენი გული გაყოფილია ოთხ საკნად:ორი მარცხნივ მდებარეობს, ორი კი მარჯვნივ. გული სისხლის ორგანიზმში გადასატყორცნად საკუთარ მარჯვენა და მარცხენა მხარეს განსხვავებული დანიშნულებით იყენებს. მარჯვენა მხრიდან სისხლი გადადის სისხლძარღვებში, რომლებიც მიემართება ფილტვისაკენ. ფილტვებში თქვენი სისხლი ჯერდება ჟანგბადით და შემდგომ ჩაედინება გულის მარცხენა მხარეს. გულის მარცხენა მხარე სისხლს გადაისვრის დიდი ზომის სისხლძარღვში, რომელსაც აორტა ეწოდება. აორტა კი სისხლს სხეულის დანარჩენ ნაწილში გადაისვრის. სარქველები აკონტროლებენ სისხლის დინებას საკნებს შორის და საკნებიდან გარეთ. სარქველების გაღების დროს სისხლი გადადის მომდევნო საკანში ან ხსენებულიდან ერთ-ერთ არტერიაში. შემდგომ ეს სარქველები იკეტება, რათა არ მოხდეს გადატყორცნილი სისხლის უკან დაბრუნება.
რა ხდება ატრიოვენტრიკულური არხის დეფექტის დროს
ატრიოვენტრიკულური არხის ნაწილობრივი დეფექტის დროს არსებობს ღრუ გულის ზედა საკნებს(წინაგულები) შორის არსებულ კედელში(ძგიდე). მიტრალური სარქველი, რომელიც მდებარეობს მარცხენა მხარეს არსებულ ზედა და ქვედა საკნებს შორის, ზოგჯერ არის დეფქტური და მასში არსებული ნაპრალის გამო ხდება გადაყტორცნილი სისხლის ნაწილობრივ უკან გამოჟონვა(მიტრალური სარქვლის რეგურგიტაცია).
ატრიოვენტრიკულური არხის სრული დეფექტის დროს არსებობს ღრუ გულის ცენტრში ზედა საკნებს (წინაგულები) და ქვედა საკნებს (პარკუჭები) შორის არსებულ კედელთან ახლოს. ნაცვლად ორი დამოუკიდებელი სარქველისა (მარცხნივ მიტრალური და მარჯვნივ ტრიკუსპიდი), აღინიშნება ერთი დიდი და საერთო სარქველი ზედა და ქვედა საკნებს შორის. ეს სარქველი შესაძლოა სათანადოდ მჭიდროდ არ იხურებოდეს.
ძგიდეში არსებულ ღრუში ირევა ჟანგბადით გაჯერებული და არასაკმარისი ჟანგბადის შემცველობის მქონე სისხლი. პათოლოგიურ სარქველებში კი სისხლი გულის ქვედა საკნებში (პარკუჭებში) იჟონება. ეს პრობლემები იწვევს გულის გაძლიერებულ მუშაობას, რის შედეგადაც გული დიდდება.
სიმპტომები
არსებობს ატრივენტრიკულური არხის დეფექტის ორი ტიპი – ნაწილობრივი და სრული. ნაწილობრივი ფორმა მოიცავს მხოლოდ გულის ზედა 2 საკანს. სრული ფორმის შემთხვევაში კი სისხლი თავისუფლად მოძრაობს გულის ოთხივე საკანს შორის. ორივე ტიპის შემთხვევაში ფილტვებში ზედმეტი სისხლი გროვდება.
ატრიოვენტრიკულური არხის სრული დეფექტი
ატრიოვენტრიკულური არხის სრული დეფექტის სიმპტომები ძირითადად სიცოცხლის პირველ კვირებში ვითარდება:
- გაძნელებული სუნთქვა (დისპნეა)
- უმადობა
- წონაში რთულად მატება
- ტუჩების და კანის სილურჯე (ციანოზი)
თუ თქვენს შვილს აქვს სრული ატრიოვენტრიკულური არხის დეფექტი, მას შეიძლება განუვითარდეს გულის უკმარისობის სიმპტომები:
- დაღლილობა
- ხიხინი
- შესიება (ედემა) ფეხების, ტერფების ან კოჭის არეში
- სითხის შეკავებით გამოწვეული უცაბედი მატება წონაში
- ჭარბი ოფლიანობა
- მოთენთილობა
- არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა
ატრიოვენტრიკულური არხის ნაწილობრივი დეფექტი
ატრიოვენტრიკულური არხის ნაწილობრივი დეფექტის სიმპტომები პირველად შესაძლოა ადრეული ასაკის მოზრდილებში გამოვლინდეს. როდესაც დაავადება გამოვლინდება, მასთან დაკავშირებული სიმპტომები შესაძლოა ასოცირებული იყოს დეფექტის გართულებებთან:
- არანორმალური გულისცემა(არითმია)
- გულის სარქვლების პრობლემები
- გულის უკმარისობა
- სისხლის მაღალი წნევა ფილტვებში (პულმონური ჰიპერტენზია)
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ თქვენს შვილს აღენიშნება ხსენებული სიმპტომები ან ნიშნები. სიმპტომები შესაძლოა მიუთითებდეს გულის უკმარისობაზე ან ატრიოვენტრიკულური არხის დეფექტის სხვა გართულებებზე:
- დაქვეითებული მადა
- წონაში რთულად მატება ახალშობილებში და ბავშვებში
- სუნთქვის უკმარისობა
- ადვილად დაღლა
- შესიება ფეხების, ტერფების ან კოჭის არეში
- ლურჯი ფერის კანი
- ატრიოვენტრიკულური არხის ნაწილობრივი დეფექტით დაბადებულ ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა სიმპტომები არ განუვითარდეს კვირების, თვეების და წლების განმავლობაშიც კი, დაავადების გამოვლინება დამოკიდებულია დეფექტის სიმძიმეზე. თუმცა სიმპტომების გამოვლინების დაწყებისას აუცილებელია სამედიცინო ჩარევა.