ატროფიული ვაგინიტი

დაავადების აღწერა

ატროფიული ვაგინიტი არის ესტროგენის ნაკლებობით გამოწვეული საშოს კედლების შეთხელება, გამოშრობა და ანთება. ატროფიული ვიგინიტი ყველაზე ხშირად მენოპაუზის შემდეგ ვითარდება, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ძუძუთი კვების და სხვა ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც მცირდება ესტროგენის წარმოქმნა.

ბევრ ქალში ატროფიული ვაგინიტი სქესობრივ აქტს მტკივნეულს ხდის. სასქესო სისტემის ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია საშარდე სისტემის ჯანმრთელობასთან.

არსბობს ატროფიული ვაგინიტის მარტივი, ეფექტური მკურნალობის მეთოდები. ესტროგენის შემცირება იწვევს ცვლილებებს ორგანიზმში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება ატროფიული ვაგინიტის დისკომფორტით უნდა იცხოვროთ.

გამომწვევი მიზეზი

ატროფიულ ვაგინიტს იწვევს ესტროგენის წარმოქმნის შემცირება. ესტროგენის ნაკლებობა იწვევს საშოს ქსოვილების გათხელებას, გამოშრობას და ელასტიურობის დაკარგვას.

ესტროგენის დონის დაქვეითება და ატროფიული ვაგინიტი შეიძლება განვითარდეს:

  • მენოპაუზის შემდეგ
  • მენოპაუზის წინა წლებში
  • ძუძუთი კვების დროს
  • ორივე საკვერცხის ქირურგიულად ამოღების შემდეგ (ქირურგიული მენოპაუზა)
  • მენჯის სიმსივნის რადიაციული თერაპიის შემდეგ
  • ქიმიოთერაპიის შემდეგ
  • როგორც ძუძუს კიბოს ჰორმონული მკურნალობის გვერდითი ეფექტი.



ატროფიული ვაგინიტმა შეიძლება მენოპაუზამდე რამდენიმე წლით ადრე შეგეწუხოთ ან იგი შეიძლება მენოპაუზიდან მრავალი წელიწადის შემდეგ გაჩნდეს. ყველა ქალს არ ემართება ატროფიული ვაგინიტი მენოპაუზის შემდეგ. აქტიური სქესობრივი ცხოვრების შენარჩუნება ხელს უწყობს საშოს ქსოვილების ჯანმრთელობას.

სიმპტომები

საშუალო ან მძიმე ატროფიული ვაგინიტის დროს შეიძლება გქონდეთ შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • საშოს გამოშრობა
  • საშოს წვის შეგრძნება
  • საშოდან გამონადენი
  • გენიტალიების ქავილი
  • წვის შეგრძნება შარდვისას
  • შარდვის ძლიერი მოთხოვნილება
  • საშარდე გზების ინფექციები
  • შარდის შეუკავებლობა
  • სქესობრივი აქტის შემდეგ მსუბუქი სისხლდენა
  • დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს
  • შემცირებული ვაგინალური ლუბრიკაცია
  • საშოს არხის დამოკლება და შევიწროება



როდის მივმართოთ ექიმს

პოსტმენოპაუზური ქალების თითქმის ნახევარს ემართება ატროფიული ვაგინიტი, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მიმართავს ექიმს. ზოგიერთი ქალი ეჩვევა სიმპტომებს, სხვებს კი ერიდებათ ექიმთან მისვლა.

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ გაქვთ ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, რომელიც არ ქრება საშოს დამატენიანებლის ან წყალზე დამზადებული ლუბრიკანტის გამოყენებით. აგრეთვე მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ვაგინალური სიმპტომები, მაგალითად უჩვეულო სისხლდენა, გამონადენი და წვის შეგრძნება.