აუტოიმუნური ჰეპატიტი

დაავადების აღწერა

აუტოიმუნური ჰეპატიტი ღვიძლის ანთებაა, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა საკუთარი ღვიძლის წინააღმდეგ იბრძვის. მიზეზი გარკვეულწილად უცნობია, თუმცა გარკვეული დაავადებები, ტოქსინები და მედიკამენტები იწვევენ აუტოიმუნურ ჰეპატიტს ამ დაავადებისადმი მიდრეკილ ადამიანებში, განსაკუთრებით ქალებში.

მკურნალობის გარეშე, აუტოიმუნური ჰეპატიტი გადაიზრდება ღვიძლის დანაწიბურებაში (ღვიძლის ციროზი) და შემდეგ განვითარდება ღვიძლის უკმარისობა. როცა დიაგნოზი ადრე ისმება და მკურნალობაც დროულია, ჰეპატიტი კონტროლს ექვემდებარება იმუნური სისტემის შემასუსტებელი მედიკამენტების ფონზე.

ღვიძლის ტრანსპლანტაცია რეკომენდირებულია ისეთ შემთხვევებში, როცა ჰეპატიტი მკურნალობას არ ექვემდებარება ან ღვიძლის დაზიანება უკვე მძიმეა.

გამომწვევი მიზეზი

აუტოიმუნური ჰეპატიტი ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ ღვიძლთან ბრძოლის შედეგია. ნორმაში, იმუნური სისტემა ვირუსებს, ბაქტერიებსა და სხვა პათოგენებს ებრძვის. ღვიძლში შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ანთება და უჯრედოვანი დაზიანება. რატომ ებრძვის იმუნური სისტემა ღვიძლს, უცნობია მაგრამ მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის ინფექციებით, მედიკამენტებითა და გენეტიკური მიდრეკილებით.

აუტოიმუნური ჰეპატიტის ტიპები
ექიმები გამოყოფენ აუტოიმუნური ჰეპატიტის ორ მთავარ ტიპს:

  • პირველი ტიპის (კლასიკური) აუტოიმუნური ჰეპატიტი. ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ჰეპატიტი ვითარდება ნებისმიერ ასაკში. დაავადებულთა ნახევარს აღენიშნება სხვა აუტოიმუნური დარღვევაც, როგორიცაა თიროიდიტი, რევმატოიდული ართრიტი ან წყლულოვანი კოლიტი.
  • მეორე ტიპის აუტოიმუნური ჰეპატიტი. ეს ფორმა შეიძლება განვითარდეს მოზრდილებშიც, მაგრამ უფრო ხშირია ახალგაზრდა ქალებში და თან ახლავს სხვა აუტოიმუნური პრობლემებიც.

სიმპტომები

აუტოიმუნური ჰეპატიტის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მსუბუქიც იყოს და მძიმეც, გაჩნდეს უცაბედად ან დროთა განმავლობაში განვითარდეს. ზოგიერთ პაციენტს საწყის ეტაპებზე მცირე გამოვლინებები აქვს, ხოლო სხვებს ახასიათებთ ნიშნები და სიმპტომები:

  • დაღლილობა
  • დისკომფორტი მუცელში
  • სახსრების ტკივილი
  • ქავილი
  • კანისა და თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება
  • გადიდებული ღვიძლი
  • სისხლძარღვების ცვლილება კანზე (ობობასებრი ანგიომა)
  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
  • უმადობა
  • გამონაყარი კანზე
  • მუქი ფერის შარდი
  • ქალებში, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა



როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სიმპტომები ან ნიშნები, რომლებიც გაწუხებთ.