ბარეტის საყლაპავი

დაავადების აღწერა

ბარეტის საყლაპავი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც კუჭისა და პირის დამაკავშირებელი მილის (საყლაპავი) კედელი ჩანაცვლებულია ნაწლავის მსგავსი ქსოვილით.

ბარეტის საყლაპავი ძირითადად ვითარდება ხანგრძლივი გასტროეზოფაგიალური რეფლუქსის დაავადების მქონე პაციენტებში. ამ დროს მჟავა კუჭიდან ქრონიკულად რეგურგიტირდება და ამოდის საყლაპავის ქვედა ნაწილში. ამ დაავადებულების მხოლოდ ნაწილს განუვითარდება ბარეტის საყლაპავის პათოლოგია.

ბარეტის საყლაპავი ასოცირებულია საყლაპავის კიბოს განვითარების გაზრდილ რისკთან. ეს რისკი მაინც მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვანია რეგულარული შემოწმება პრესიმსივნური უჯრედების აღმოსაჩენად. თუ ასეთი უჯრედები ფიქსირდება, შესაძლოა დაიწყოს ადრეული მკურნალობა კიბოს პრევენციის მიზნით.

გამომწვევი მიზეზი

ბარეტის საყლაპავის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ძირითადად, ეს მდგომარეობა ხანგრძლივი გასტროეზოფაგიალური რეფლუქსის დაავადების ფონზე ვითარდება. კუჭის მჟავები აზიანებენ საყლაპავის ქსოვილს. როცა საყლაპავის ქსოვილი მორჩენით სტადიაშია, უჯრედები იცვლიან ტიპს და ყალობდება ბარეტის საყლაპავის სურათი.

ბარეტის საყლაპავის მქონე პაციენტების ნაწილს არასდროს ჰქონია გულძმარვა ან მჟავას რეფლუქსი. ამ შემთხვევებში გამომწვევი მიზეზი უცნობია.

სიმპტომები

ბარეტის საყლაპავისათვის დამახასიათებელი ქსოვილოვანი ცვლილებები არ იწვევს სიმპტომებს. ზოგადი სიმპტომები, რომლებიც გასტროეზოფაგიალური რეფლუქსის დაავადებას ახასიათებს მოიცავს:

  • ხშირი გულძმარვა
  • გაძნელებული ყლაპვა
  • იშვიათად, ტკივილი გულმკერდის არეში
  • ბარეტის საყლაპავის მქონე პაციენტებს ხშირად სიმპტომები ან ნიშნები არ აქვთ.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაწუხებთ გულძმარვა და მჟავას რეფლუქსი 5 წელზე მეტხანს, ჰკითხეთ ექიმს ბარეტის საყლაპავის განვითარების რისკის შესახებ.

მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ, თუ:

  • გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში (ინფარქტის ნიშანი)
  • გაგიძნელდათ ყლაპვა
  • ღებინებისას შენიშნეთ ღია წითელი სისხლი ან ყავის მარცვლების მაგვარი სისხლი
  • განავალი არის შავი ან სისხლიანი