ბიპოლარული აშლილობა

დაავადების აღწერა

ბიპოლარულ აშლილობას მანიაკალური დეპრესიის სახელითაც მოიხსენიებენ. აშლილობა იწვევს განწყობის ექსტრემალურ ცვალებადობას, რომელიც გამოხატულია ემოციური მანიაკალური ან ჰიპომანიაკალური ეპიზოდებითა და დეპრესიით. დეპრესიის დროს, ადამიანი უიმედობის განცდითაა შეპყრობილი და ვერ იღებს სიამოვნებას ცხოვრებისეული აქტივობებისაგან. როცა განწყობა პირიქით, ამაღლებულია, ადამიანი ეიფორიასა და ენერგიის მოზღვავებას განიცდის. განწყობის ცვლილებები ბიპოლაური აშლილობის დროს შესაძლოა წელიწადში რამდენჯერმე ან ძალიან ხშირად, კვირაში რამდენჯერმეც კი მოხდეს.

ბიპოლარული დაავადება რთული, გრძელვადიანი მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობით შესაძლებელია განწყობის დასტაბილურება. უმეტესად, მკურნალობა შედგება მედიკამენტური ჩარევისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციისაგან (ფსიქოთერაპია).

გამომწვევი მიზეზი

ბიპოლარული აშლილობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორებია:

  • ბიოლოგიური სხვაობა. ბიპოლარული აშლილობის დროს, ადამიანს აქვს ფიზიკური ცვლილებები ტვინში. ამ ცვლილებების მნიშვნელობა ცნობილი არ არის, მაგრამ შესაძლოა მომავალში დადგინდეს.
  • ნეიროტრანსმიტერები. ბუნებრივი ქიმიური მოლეკულების, ნეიროტრანსმიტერების, დისბალანსი გარკვეულ როლს თამაშობს ბიპოლარულ აშლილობასა და სხვა ფსიქიკურ დაავადებებში.
  • მემკვიდრეობითი თვისებები. ბიპოლარული აშლილობა უფრო ხშირია იმ ადამიანებში, ვისაც სისხლისმიერი ნათესავი: დედმამიშვილი, მშობელი ყავს იმავე დაავადებით. მკვლევარები ცდილობენ, დაადგინონ რომელი გენია ბიპოლარული აშლილობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი.

სიმპტომები

ბიპოლარული აშლილობისა და მსგავსი დარღვევების რამდენიმე ტიპი არსებობს. ნებისმიერ ტიპში, სიმპტომები განსხვავებულია სხვადასხვა პაციენტში. ბიპოლარული აშლილობა I ან ბიპოლარული აშლილობა II ასევე ხასიათდება დამატებითი სპეციფიკური ნიშნებით, რომლებიც დიაგნოსტირებისას აღიწერება სიმპტომების შესაბამისად.

ბიპოლარული აშლილობის კრიტერიუმები

ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციის ფსიქიატრიული დაავადებების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის წიგნში (DSM-5) აღწერილია ბიპოლარული და მსგავსი აშლილობების შესაბამისი კრიტერიუმები. ამ წიგნს ფსიქიატრები დიაგნოზის დასასმელად იყენებენ, ხოლო სადაზღვევო კომპანიები ამ წიგნის მიხედვით დიაგნოსტირებულ დაავადებებს აფინანსებენ.

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები განსხვავდება აშლილობის ტიპების მიხედვით:

  • ბიპოლარული აშლილობა I – პაციენტს ჰქონია ერთი მანიური ეპიზოდი მაინც. მანიურ ეპიზოდს წინ უძღვოდა ან მოყვებოდა ჰიპომანიური ან დეპრესიული ეპიზოდი. მანიური სიმპტომები პაციენტს ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებაში და შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო ან პაციენტის მდგომარეობა ფსიქოზში გადაიზარდოს.
  • ბიპოლარული აშლილობა II – პაციენტს ჰქონია ერთი მძიმე დეპრესიული ეპიზოდი მაინც, რომელიც მინიმუმ 2 კვირას გრძელდებოდა და ერთი ჰიპომანიაკალური ეპიზოდი მაინც, რომელიც მინიმუმ 4 დღეს გრძელდებოდა. პაციენტს არ ჰქონია მანიაკალური ეპიზოდი. დეპრესიული ეპიზოდის დროს განწყობა და ქცევა სწრაფად იცვლება, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
  • ციკლოთიმიური აშლილობა – პაციენტს მინიმუმ 2 წელი (1 წელი ბავშვებსა და მოზარდებში) ჰქონდა ჰიპომანიაკალური სიმპტომები (უფრო მსუბუქია, ვიდრე ჰიპომანიური ეპიზოდი) და დეპრესიული სიმპტომების პერიოდები (უფრო მსუბუქია, ვიდრე მძიმე დეპრესიული ეპიზოდი). ამავდროულად, სიმპტომები თითქმის სულ აწუხებს პაციენტს და 2 თვეზე მეტხანს არ გაივლის. სიმპტომები მნიშვნელოვნად უშლის ხელს ნორმალურ ცხოვრებას.
  • სხვა ტიპები. ესენია: ბიპოლარული ან მსგავსი აშლილობა გამოწვეული სხვა სამედიცინო მდგომარეობის მიერ, როგორიცაა კუშინგის დაავადება, გაფანტული სკლეროზი და ინსულტი; ბიპოლარული ან სხვა აშლილობა გამოწვეული უკანონო ნივთიერებისა და მედიკამენტების მოხმარების გამო.
  • ბიპოლარული აშლილობა II არ არის უფრო მსუბუქი ფორმა, ვიდრე ბიპოლარული აშლილობა I. ეს ცალკე დიაგნოზია. ბიპოლარული აშლილობა I–ის მანიის ეპიზოდები მძიმე და საშიშია, მაგრამ ბიპოლარული აშლილობა II–თ დაავადებულები დიდხანს არიან დეპრესიაში, რაც ასევე ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებას.



მანიაკალურიის ან ჰიპომანიის ეპიზოდის კრიტერიუმები
DSM-5 აღწერს სპეციფიკურ კრიტერიუმებს მანიისა და ჰიპომანიის ეპიზოდების კლასიფიცირებისათვის:

  • მანიის ეპიზოდი მოიცავს პერიოდს, როცა განწყობა უჩვეულოდ და ხანგრძლივად ამაღლებულია, გამაღიზიანებელია და გასტანს ერთ კვირას მაინც (ან ერთ კვირაზე ნაკლებს თუ ჰოსპიტალიზაცია საჭიროა). ეპიზოდის დროს პაციენტი ენერგიული და აქტიურია.
  • ჰიპომანიის ეპიზოდი მოიცავს პერიოდს, როცა განწყობა უჩვეულოდ და ხანგრძლივად ამაღლებულია, გამაღიზიანებელია და გასტანს ოთხ დღეს მაინც.
  • როგორც მანიის, ისე ჰიპომანიის ეპიზოდის დროს, მომატებული ენერგიისა და ამაღლებული განწყობის ფონზე, სამი ან მეტი სიმპტომი უნდა აღენიშნოს პაციენტს, რომელიც განსხვავდება მისი მანამდე არსებული ქცევის ნორმებისაგან:
  • მაღალი თვითშეფასება
  • ძილის მოთხოვნილების დაქვეითება (ყოფნის სამი საათი ძილიც)
  • უჩვეულოდ ბევრი ლაპარაკი
  • ფიქრების თავმოყრის უნარის დაქვეითება
  • ყურადღების მარტივად გაფანტვა



მიზანზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება, როგორც სოციალურად, ასევე სკოლაში, სამსახურში, სქესობრივ ცხოვრებაში, ახლავს აჟიტირებ.
 
საქციელი, რომელსაც დიდი ალბათობით უარყოფითი შედეგი მოყვება, როგორიცაა ზედმეტი ნივთების შეძენა დაუფიქრებლად, სქესობრივი ექსპერიმენტები ან გაუთვლელი ბიზნეს–ინვესტიციები.

მანიაკალური ეპიზოდის დროს:

  • განწყობის შეცვლა უნდა იყოს იმდენად შესამჩნევი, რომ იწვევდეს პრობლემებს სამსახურში, სკოლაში ან სოციალურ აქტივობებსა და ურთიერთობებში. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია საკუთარი თავის და სხვების დაშავების თავიდან ასარიდებლად. შესაძლოა ახლდეს რეალობიდან მოწყვეტა და ფსიქოზი.
  • სიმპტომი არ უკავშირდება სხვა ფაქტორის ზემოქმედებას, როგორიცაა ალკოჰოლი, ნარკოტიკები ან მედიკამენტები, დაავადებები.



ჰიპომანიაკალური ეპიზოდის დროს:

  • განწყობის შეცვლა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გარეშე პირებიც ამჩნევენ. განწყობა არ ემთხვევა მანამდე არსებულ ნორმებს.
  • ეპიზოდი არ არის იმდენად მძიმე, რომ წარმოშვას პრობლემები სკოლაში, სამსახურში, სოციალურ აქტივობებსა და ურთიერთობებში. არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და არ იწვევს ფსიქოზს.
  • სიმპტომი არ უკავშირდება სხვა ფაქტორის ზემოქმედებას, როგორიცაა ალკოჰოლი, ნარკოტიკები ან მედიკამენტები, დაავადებები.


 
მძიმე დეპრესიული ეპიზოდის კრიტერიუმები
DSM-5 ში ასევე გვხვდება მძიმე დეპრესიული ეპიზოდის კრიტერიუმები:

  • ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ხუთის ან მეტის არსებობა ორი კვირის განმავლობაში, რომელიც განსხვავდება მანამდე არსებული განწყობისა და ქცევისაგან. სიმპტომებიდან ერთი მაინც არის დეპრესიული განწყობა და ინტერესისა და სიამოვნების გრძნობის დაკარგვა.
  • სიმპტომები შესაძლოა თავად პაციენტმა აღწეროს, ან სხვა ადამიანმა შეამჩნიოს.



ეს ნიშნები და სიმპტომებია:

  • დეპრესიული განწყობა დღის უმეტეს ნაწილში, თითქმის ყოველდღე. უიმედობის, მოწყენის, სიცარიელის, ცრემლის მოზღვავების გრძნობები (ბავშვებსა და მოზარდებში დეპრესიული განწყობა შესაძლოა გაღიზიანებით გამოიხატოს).
  • ინტერესის მნიშვნელოვანი დაკარგვა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა ყოველდღიური აქტივობების დროს, თითქმის ყოველდღე
  • მნიშვნელოვნად დაკლება წონაში დიეტის გარეშე, წონაში მატება ან მადის მომატება ან დაქვეითება თითქმის ყოველდღე (ბავშვებში, მოსალოდნელი წონის მომატების არარსებობა ზოგჯერ დეპრესიის ნიშანი).
  • უძილობა ან ჭარბი ძილიანობა თითქმის ყოველდღე
  • მოუსვენრობა ან შენელებული ქცევითი მოქმედებები, რომელსაც ამჩნევენ სხვები
  • დაღლილობა და ენერგიის დაქვეითება თითქმის ყოველდღე
  • უღირსობის, მოჭარბებული და ზედმეტი ბრალეულობის შეგრძნება თითქმის ყოველდღე
  • ფიქრისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, თითქმის ყოველდღე
  • სიკვდილის ან თვითმკვლელობის შესახებ ხშირი ფიქრი, დაგეგმვა ან მცდელობა



მძიმე დეპრესიული ეპიზოდის დროს:

  • სიმპტომები უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ შეიმჩნეოდეს ყოველდღიური სირთულეები სკოლაში, სამსახურში, სოციალურ აქტივობებსა და ურთიერთობებში.
  • სიმპტომი არ უკავშირდება სხვა ფაქტორის ზემოქმედებას, როგორიცაა ალკოჰოლი, ნარკოტიკები ან მედიკამენტები, დაავადებები.
  • სიმპტომები არ უკავშირდება გლოვას, რომელიც მოყვება ახლობელი ადამიანის სიკვდილს



ბიპოლარული აშლილობის სხვა ნიშნები და სიმპტომები

  • ბიპოლარული აშლილობა I ან ბიპოლარული აშლილობა II ასევე ხასიათდება დამატებითი სპეციფიკური ნიშნებით.
  • შფოთვითი დისტრესი–შფოთვის შეგრძნება, როგორიცაა დაძაბვა, მოუსვენრობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება ნერვიულობის გამო, ფიქრი, რომ რაიმე ცუდი მოხდება, საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შეგრძნება
  • საერთო ნიშნები– აკმაყოფილებს კრიტერიუმებს მანიაკალური ან ჰიპომანიაკალური ეპიზოდებისა, თუმცა ასევე აკმაყოფილებს ზოგიერთ ან ყველა სიმპტომს მძიმე დეპრესიული ეპიზოდის მხრივ.
  • მელანქოლიური ნიშნები– სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა ყოველდღიურად, თუნდაც როცა რაიმე კარგი ხდება
  • ატიპიური ნიშნები– სიმპტომები, რომლებიც არ არის ტიპიური მძიმე დეპრესიული ეპიზოდისათვის, როგორიცაა განწყობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება როცა რაიმე კარგი ხდება
  • კატატონია– გარემოსადმი რეაქციის განვითარების უნარის დაკარგვა, სხეულის უცნაური პოზა, საუბრის უნარის დაკარგვა, სხვა ადამიანის მეტყველების ან მოძრაობის მიბაძვა.
  • პერიპარტუმ ნიშნები– ბიპოლარული აშლილობის ნიშნები, რომლებიც ორსულობის დროს ან მშობიარობიდან ოთხი კვირის განმავლობაში ვითარდება
  • სეზონური ნიშნები–ჰიპომანიაკალური, მანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდების გამოვლენა, რომელიც დამოკიდებულია წელიწადის დროზე
  • სწრაფი ციკლი– განწყობის შეცვლა ოთხჯერ ან მეტჯერ ერთი წლის განმავლობაში, სიმპტომების სრული ან ნაწილობრივი რემისიით ეპიზოდებს შორის
  • ფსიქოზი– მძიმე მანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდი (მაგრამ არა ჰიპომანია), რომელიც იწვევს რეალობიდან მოწყვეტას და თან ახლავს ჰალუცინაციები და რაიმე არასწორი, აჩემებული რწმენა.



სიმპტომები ბავშვებსა და მოზარდებში

  • ბავშვებსა და მოზარდებში გამოიყენება DSM-5 ში აღწერილი იგივე კრიტერიუმები. ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლოა ჰქონდეთ გამოკვეთილი დეპრესიული, მანიაკალური ან ჰიპომანიაკალური ეპიზოდები, მაგრამ მათ შორის დაუბრუნდნენ ნორმალურ მდგომარეობას, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მწვავე ეპიზოდების დროს განწყობა მალე იცვლება.
  • ბიპოლარული დაავადების სიმპტომები რთული დასადგენია ბავშვებსა და მოზარდებში. რთულია, გაარჩიო, სიმპტომები ნორმალური განწყობის ცვლილების შედეგია, სტრესის ან ტრავმის გამოწვეულია თუ მიანიშნებს მენტალურ პრობლემაზე, ბიპოლარული აშლილობის გარდა. ბავშვები, რომელთაც ბიპოლარული აშლილობა აქვთ, ხშირად დაავადებულები არიან სხვა ფსიქიატრიული დარღვევებითაც.
  • ყველაზე გამოკვეთილი სიმპტომი ბავშვებსა და მოზარდებში განწყობის ძლიერი ცვალებადობაა, რომელიც ნორმალური ცვლისაგან განსხვავდება.



როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ გაქვთ დეპრესიის ან მანიის ნებისმიერი სიმპტომი, მიმართეთ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. ბიპოლარული აშლილობა თავად არ გაივლის. მკურნალობა უნდა დაინიშნოს გამოცდილი სპეციალისტის მიერ, რათა სიმპტომები კარგად გაკონტროლდეს.
  • ბიპოლარული აშლილობით დაავადებულთა დიდი ნაწილი არ იღებს საჭირო მკურნალობას. განწყობების ცვლილებების მიუხედავად, პაციენტები ვერ ხვდებიან, რამდენად უშლით ხელს ემოციური არასტაბილურობა ცხოვრებაში და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში.
  • ზოგჯერ, ბიპოლარული აშლილობით დაავადებული ადამიანი კარგად გრძნობს თავს ეიფორიული მანიაკალური ეპიზოდის დროს, რადგან უფრო პროდუქტიულია. თუმცა, ეს ეიფორია ყოველთვის გადაიზრდება ემოციური დაცლის მდგომარეობაში, რომელიც იწვევს დეპრესიას, დაღლილობას და ზოგჯერ ფინანსურ, კანონიერ ან ურთიერთობის პრობლემებს.
  • თუ არ გსურთ მკურნალობა, ესაუბრეთ მეგობარს ან საყვარელ ადამიანს, რელიგიის წარმომადგენელს, ან სხვას, ვისაც ენდობით. ეს ადამიანი შესაძლოა დაგეხმაროთ პირველი ნაბიჯის გადადგმაში.



მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება

თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ფიქრები და ქცევა ხშირია ბიპოლარული აშლილობის დროს. თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება საკუთარ თავს ავნოთ ან ცადოთ თვითმკვლელობა, დარეკეთ 112–ზე მაშინვე.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ:

  • შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ახლო მეგობარს ან საყვარელ ადამიანს.
  • დაუკავშირდით მოძღვარს, ან რელიგიის სხვა წარმომადგენელს.
  • დარეკეთ თვითმკვლელობის პრევენციის ცხელ ხაზებზე.
  • დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან.
  • თუ იცნობთ ადამიანს, რომელმაც შესაძლოა სცადოს თვითმკვლელობა, აუცილებლად დარჩით მასთან და არ დატოვოთ მარტო. დარეკეთ 112–ზე მაშინვე. თუ ფიქრობთ რომ უსაფრთხოდ შეგიძლიათ წაიყვანოთ იგი საავადმყოფოში, ასეც მოიქეცით.