ბოტულიზმი
დაავადების აღწერა
ბოტულიზმი იშვიათი მაგრამ მძიმე ინფექციაა, რომელსაც ბაქტერია კლოსტრიდიუმ ბოტულინუმის გამოყოფილი ტოქსინი იწვევს.
ბოტულიზმი რამდენიმე ტიპისაა, რომელთაგანაც სამი მთავარი ფორმაა:
- ჩვილთა ბოტულიზმი. ბოტულიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმის დროს, კლოსტრიდიუმ ბოტულინუმის ბაქტერიული სპორები ჩვილის მომნელებელ სისტემაში ხვდება. ჩვილთა ბოტულიზმი ძირითადად 2–6 თვის ასაკში გვხვდება.
- საკვებისმიერი ბოტულიზმი. მავნებელი ბაქტერია გადარჩება და წარმოქმნის ტოქსინებს იმ გარემოში, სადაც ნაკლები ჟანგბადია, როგორიცაა დახუფული საკვები.
- ჭრილობისმიერი ბოტულიზმი. თუ ეს ბაქტერია მოხვდება ჭრილობაში, შესაძლოა გამოიწვიოს საშიში ინფექცია, ასევე ტოქსინის წარმოქმნით.
- ბოტულიზმის ყველა ფორმა შესაძლოა იყოს ფატალური, ამიტომ საჭიროა გადაუდებელი დახმარება.
გამომწვევი მიზეზი
ჩვილთა ბოტულიზმი
ჩვილებში, ბოტულიზმი სპორების მიღების შედეგად ვითარდება. სპორა იზრდება და მრავლდება მომნელებელ სისტემაში და წარმოქმნის ტოქსინს. ჩვილთა ბოტულიზმის წყარო შესაძლოა იყოს თაფლი, მაგრამ უფრო ხშირია დაბინძურებულ ნიადაგთან კონტაქტი.
საკვებისმიერი ბოტულიზმი
საკვებისმიერი ბოტულიზმის წყარო ხშირად სახლის პირობებში დახუფული საკვებია, რომელიც არ შეიცავს დიდი რაოდენობით მჟავას. ასეთებია: მწვანე ლობიო, სიმინდი ან ჭარხალი. თუმცა, დაავადების შემთხვევები არსებობს წიწაკის, გამომცხვარი კარტოფილის, ნივრის წყაროდანაც. როცა იღებთ ბაქტერიით დაბინძურებულ საკვებს, ტოქსინი ხელს უშლის ნერვების ფუნქციას, რაც იწვევს პარალიზს.
ჭრილობისმიერი ბოტულიზმი
როცა კლოსტრიდიუმ ბოტულინუმი აღწევს ჭრილობაში (ზოგჯერ ჭრილობა შემჩნეულიც არ არის) იგი მრავლდება და წარმოქმნის ტოქსინს. ჭრილობისმიერი ბოტულიზმის შემთხვევებმა იმატა ბოლო ათწლეულში ჰეროინის მომხმარებლებში, რომელიც ზოგჯერ დაბინძურებულია ბაქტერიით.
ბოტულიზმის ტოქსინი გამოიყენება მედიცინაში
- შესაძლოა გაგიკვირდეთ, როგორ შეიძლება ასეთი ტოქსიური ნივთიერება გამოიყენონ მედიცინაში, მაგრამ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მისი პარალიზური ეფექტი გარკვეულ დადებით შედეგებს იძლევა.
- კერძოდ, ბოტულიზმის ტოქსინი ამცირებს სახის ნაოჭებს, კუნთების შეკუმშვის შემცირების გზით. ასევე გამოიყენება ქუთუთოების სპაზმის ან ძლიერი ოფლიანობის დროს. იშვიათად, დაფიქსირებულია გვერდითი ეფექტები, როგორიცაა კუნთების პარალიზი დისტალურ ადგილებში ტოქსინის გამოყენების გამო.
სიმპტომები
საკვებისმიერი ბოტულიზმი
საკვებისმიერი ბოტულიზმის ნიშნები და სიმპტომები ძირითადად ტოქსინის ორგანიზმში მოხვედრიდან 18–36 საათში ვლინდება, თუმცა შესაძლოა რამდენიმე საათში ან დღეშიც გამოვლინდეს (დამოკიდებულია მიღებული ტოქსინის ოდენობაზე). საკვებისმიერი ბოტულიზმის ნიშნები და სიმპტომებია:
- ყლაპვის ან მეტყველების გაძნელება
- პირის სიმშრალე
- სახის სისუსტე ცალ ან ორივე მხარეს
- დაბურული ან გაორებული მხედველობა
- ქუთუთოების მოდუნება
- სუნთქვის გაძნელება
- გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მოვლითი კრუნჩხვები მუცელში
- პარალიზი
ჭრილობისმიერი ბოტულიზმი
პაციენტების უმრავლესობა, რომელთაც აქვთ ჭრილობისმიერი ბოტულიზმი, იღებენ ინექციებს დღეში რამდენჯერმე, ამიტომ რთულია განსაზღვრა, რამდენ ხანში გამოვლინდება სიმპტომები. ამ ტიპის ბოტულიზმი გავრცელებულია შავი ჰეროინის მომხმარებლებში. სიმპტომები და ნიშნებია:
- ყლაპვის ან მეტყველების გაძნელება
- სახის სისუსტე ცალ ან ორივე მხარეს
- დაბურული ან გაორებული მხედველობა
- ქუთუთოების მოდუნება
- სუნთქვის გაძნელება
- პარალიზი
ჩვილთა ბოტულიზმი
თუ ჩვილთა ბოტულიზმი უკავშირდება საკვებს, როგორიცაა თაფლი, სიმპტომები ტოქსინის ორგანიზმში მოხვედრიდან 18–36 საათში გამოვლინდება. ნიშნები და სიმპტომებია:
- ყაბზობა (ხშირად პირველი ნიშანი)
- მოუხერხებელი, მოდუნებული მოძრაობები, კუნთის სისუსტისა და თავის შემაგრების უნარის დაქვეითების გამო
- მისუსტებული ტირილი
- გაღიზიანება
- ნერწყვდენა
- ქუთუთოების მოდუნება
- დაღლილობა
- წოვის ან ჭამის გაძნელება
- პარალიზი
- გარკვეული ნიშნები და სიმპტომები ძირითადად არ გვხვდება ბოტულიზმში, როგორიცაა წნევის ან გულისცემის მომატება, დაბნეულობა, სიცხე. თუმცა, სიცხე ზოგჯერ გვხვდება ჭრილობისმიერ ბოტულიზმში.
როდის მივმართოთ ექიმს
მოითხოვეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ბოტულიზმი. ადრეული მკურნალობა გადარჩენის შანსს ზრდის. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უნდა იყვნენ საქმის კურსში ბოტულიზმის შემთხვევების შესახებ, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი შემთხვევები ბაქტერიით დაბინძურებული საკვების გამო.