ბრონქიოლიტი

დაავადების აღწერა

ბრონქიოლიტი ფილტვის ხშირი ინფექციაა ბავშვებსა და ჩვილებში და იწვევს წვრილი სასუნთქი გზების (ბრონქიოლების) დაცობას. ბრონქიოლიტი თითქმის ყოველთვის ვირუსითაა გამოწვეული. ტიპიურად, შემთხვევათა რაოდენობის პიკი ზამთრის თვეებში გვხვდება.

ბრონქიოლიტი იწყება გაციების მსგავსი სიმპტომებით, თუმცა შემდეგ მოსდევს ხველა, სტვენითი სუნთქვა და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებაც. სიმპტომები შესაძლოა რამდენიმე დღე, კვირა ან თვეც კი გაგრძელდეს.

ბავშვების უმეტესობა სახლის პირობებში მკურნალობითაც გამოჯანმრთელდება. იშვიათად, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.

გამომწვევი მიზეზი

ბრონქიოლიტი ვითარდება ბრონქიოლების ვირუსით ინფიცირების შედეგად. ბრონქიოლები უწვრილესი სასუნთქი გზებია, რომლებიც ბრონქებს გამოეყოფა ფილტვში. ვირუსული ინფექცია ბრონქიოლების შეშუპებასა და ანთებას იწვევს. ლორწო გროვდება წვრილ გზებში, რაც ხელს უშლის ჰაერის მოძრაობას ფილტვში ჩასვლის და ამოსვლის დროს.

ბრონქიოლიტის უმეტეს შემთხვევებს იწვევს რესპირატორული სინციტიური ვირუსი, რომელიც თითქმის ყველა ბავშვში გვხვდება 2 წლის ასაკამდე. ინფექციის სეზონური გავრცელება ყოველ ზამთარს შეიმჩნევა. ბრონქიოლიტს ასევე სხვა ვირუსები იწვევენ, როგორიცაა გრიპის ან გაციების გამომწვევი ვირუსი.

ბრონქიოლიტი გადამდებია. ისევე შესაძლებელია ინფიცირება, როგორც გაციების ან გრიპის გადადებს დროს– ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ როცა ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან საუბრობს. ბრონქიოლიტის გადადება ნივთების გაზიარებითაც შეიძლება, როგორიცაა პირსახოცები, სათამაშოები და შემდეგ თვალზე, ცხვირზე ან პირზე შეხებით.

სიმპტომები

პირველ დღეებში, ბრონქიოლიტის ნიშნები და სიმპტომები წააგავს გაციების სიმპტომებს. ესენია:

  • გამონადენი ცხვირიდან
  • ცხვირის ღრუს დაცობა
  • ხველა
  • ტემპერატურის მცირე მატება (არა ყოველთვის)



ამის შემდეგ, შესაძლოა გაჩნდეს სუნთქვის გაძნელების ან სტვენითი სუნთქვის სიმპტომი, რომელიც ერთ კვირას ან მეტს გასტანს.

ჩვილებში ხშირად თან ახლავს ყურის ინფექციაც (შუა ყურის ოტიტი).

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ბავშვი არ ჭამს ან სუნთქვა გახშირებული, გაძნელებულია, მიმართეთ პედიატრს. პედიატრის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ბავშვი 12კვირაზე ნაკლები ხნისაა ან აქვს ბრონქიოლიტის განვითარების რისკ–ფაქტორები: დღენაკლულობა, თანდაყოლილი გულის ან ფილტვის პათოლოგია.

შემდეგი სიმპტომები და ნიშნები საჭიროებს სწრაფ სამედიცინო შეფასებას:

  • ღებინება
  • სწრაფი სუნთქვა – 60 ჩასუნთქვაზე მეტი წუთში, ზედაპირული სუნთქვა
  • კანის გალურჯება, განსაკუთრებით თითებზე და ფრჩხილებზე (ციანოზი)
  • ლეთარგია, მოდუნება
  • არ იღებს სითხეს, იმდენად სწრაფად სუნთქავს, რომ ვერ ჭამს და სვამს
  • ისმის სტვენითი ხმიანობა სუნთქვისას
  • ამჩნევთ ნეკნთა შიდა მოძრაობას ჩასუნთქვის დროს