ბრონქიტი

დაავადების აღწერა

ბრონქიტი ბრონქის სასუნთქი გზების კედლების ანთებაა. ბრონქების გავლით ჰაერი ფილტვებში მიდის ან ფილტვებიდან გარემოში გამოდის. ბრონქიტის დროს ხშირია ნახველი, გასქელებული ლორწო, შესაძლოა ფერშეცვლილიც. ბრონქიტი შესაძლოა იყოს მწვავე ან ქრონიკული.

მწვავე ბრონქიტი საკმაოდ ხშირია და ზოგჯერ გაციების შემდეგ ან სხვა ვირუსული ინფექციის გამო ვითარდება. ქრონიკული ბრონქიტი უფრო მძიმე მდგომარეობაა და გამოწვეულია კედლების ხშირი გაღიზიანებითა და ანთებით, ხშირად თამბაქოს მოხმარების გამო.

მწვავე ბრონქიტი ძირითადად გაივლის რამდენიმე დღეში ნარჩენი ეფექტის გარეშე, თუმცა ხველა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაშიც. თუ გაქვთ ბრონქიტის ხშირი შემთხვევა, შესაძლოა გქონდეთ ქრონიკული ბრონქიტი, რომელიც სამედიცინო ყურადღებას საჭიროებს. ქრონიკული ბრონქიტი ერთ–ერთი მდგომარეობაა, რომელიც შედის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ჯგუფში (ფქოდ).

გამომწვევი მიზეზი

მწვავე ბრონქიტი ძირითადად იმავე ვირუსებითაა გამოწვეული, რომლებიც გაციებასა და გრიპს იწვევენ. ანტიბიოტიკები ვერ ებრძვიან ვირუსს, ამიტომ ბრონქიტის უმეტესი შემთხვევების დროს, ანტიბიოტიკების გამოყენება ნაჩვენები არ არის.

ქრონიკული ბრონქიტის ყველაზე ხშირი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. ჰაერის დაბინძურება და ტოქსიური გამონაბოლქვი გარემოსა და სამუშაო ადგილას ასევე ხელს უწყობს ქრონიკული ბრონქიტის ჩამოყალიბებას.

სიმპტომები

მწვავე ან ქრონიკული ბრონქიტის დროს, სიმპტომები და ნიშნებია:

  • ხველა
  • ლორწო, ნახველი, რომელიც შეიძლება იყოს გამჭვირვალე, თეთრი, ყვითელი–ნაცრისფერი ან მწვანე. იშვიათად, შესაძლოა მცირე სისხლიც ახლდეს
  • დაღლილობა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ტემპერატურის მცირე მატება და შეციება
  • დისკომფორტი გულმკერდის არეში

თუ გაქვთ მწვავე ბრონქიტი, შესაძლოა გაგიგრძელდეთ ხველა რამდენიმე კვირის განმავლობაში ანთების გავლის შემდეგაც კი. ქრონიკული ბრონქიტი ხშირად ხასიათდება ნახველიანი ხველით, რომელიც გრძელდება მინიმუმ 3 თვეს, ორი (მიყოლებით) წლის განმავლობაში.

თუ გაქვთ ქრონიკული ბრონქიტი, შესაძლოა ვლინდებოდეს პერიოდები, როცა ნიშნები და სიმპტომები მძიმდება. ამ დროს, ქრონიკული ბრონქიტი რთულდება მწვავე თანდართული ბრონქიტით.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ ხველა:

  • გასტანს 3 კვირაზე მეტს
  • არ გაძინებთ
  • ახლავს ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე ან მეტი
  • გაქვთ ფერშეცვლილი ნახველი
  • ნახველს ახლავს სისხლი
  • თან ახლავს სტვენითი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება