ბრტყელი ლიქენი

დაავადების აღწერა

ბრტყელი ლიქენი ანთებითი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ზიანდება კანი და ლორწოვანი ზედაპირები.

კანზე, ბრტყელი ლიქენი ვლინდება, როგორც იასამნისფერი, ბრტყელთავიანი ამობურცულობა. პირის ღრუში, ვაგინასა და ლორწოვანი მემბრანით დაფარულ სხვა ადგილებში, ბრტყელი ლიქენი ქმნის თეთრ ლაქებს, რომლებიც ზოგჯერ მტკივნეულ წყლულებად გარდაიქმნება.

ბრტყელი ლიქენი იმუნური სისტემის მიერ კანისა და ლორწოვანი ზედაპირების დაზიანების შედეგია. ამ პათოლოგიური რეაქციის მიზეზი უცნობია. ბრტყელი ლიქენი არ გადაგედებათ და ვერ გადასდებთ სხვა ადამიანს. პაციენტების უმეტესობა აღნიშნავს ტიპიურ, მსუბუქ შემთხვევებს, რომლებიც ურეცეპტო წამლებითაც ექვემდებარება მკურნალობას. თუ გაჩნდა ტკივილი ან ქავილის ძლიერი შეგრძნება, შესაძლოა დაგჭირდეთ იმუნური სისტემის სუპრესანტი წამლებიც.

გამომწვევი მიზეზი

ბრტყელი ლიქენის მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოა ანთებითი პროცესების, იმუნური რეაქციების როლი. ზოგიერთი დაავადება, მდგომარეობა ან ფაქტორი ასევე შეიძლება მოქმედებდეს ლიქენის განვითარებაზე.

ბრტყელი ლიქენის ხელშემწყობი სავარაუდო ფაქტორებია:

  • C ჰეპატიტით ინფიცირება
  • B ჰეპატიტის ვაქცინა
  • გრიპის ვაქცინა
  • გარკვეული პიგმენტები, ქიმიური ნივთიერებები, მეტალები
  • არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი ან ნაპროქსენი
  • გარკვეული მედიკამენტები– არტერიული ჰიპერტენზიის ან ართრიტის სამკურნალოდ

სიმპტომები

ბრტყელი ლიქენის სიმპტომები განსხვავდება დაზიანებული ადგილის მიხედვით. ტიპიური ნიშნები და სიმპტომებია:

  • იასამნისფერი, ბრტყელთავიანი ამობურცულობები, უმეტესად წინამხარზე, მაჯაზე, კოჭზე, ზოგჯერ გარეთა გენიტალიებზეც.
  • ქავილი
  • გამონაყარი, რომელიც ქერქს იკეთებს ან იქერცლება
  • თეთრი ფერის ლაქები პირში– ლოყების შიგნით, ღრძილებზე, ტუჩებზე ან ენაზე
  • მტკივნეული ორალური ან ვაგინალური წყლულები
  • თმის ცვენა, სკალპის ფერის შეცვლა
  • ფრჩხილების დაზიანება ან მოძრობა



როდის მივმართოთ ექიმს

თუ მცირე ზომის ამობურცულობები გაგიჩნდათ კანზე უმიზეზოდ (გამოირიცხება ალერგიული რეაქცია ან დასუსხვა), მიმართეთ ექიმს. ასევე, მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ბრტყელ ლიქენთან ასოცირებული სიმპტომები პირის ღრუში, გენიტალიებზე, სკალპზე ან ფრჩხილებზე. კანისა და ლორწოვანის რამდენიმე დაავადება იწვევს გამონაყარსა და ამ ტიპის დისკომფორტს, ამიტომ აუცილებელია სწორი და დროული დიაგნოზი.