ბრუგადას სინდრომი
დაავადების აღწერა
ბრუგადას სინდრომით დაავადებულ ბევრ პაციენტს არ აღენიშნება სიმპტომები, ამიტომ მათ არც იციან დაავადების არსებობის შესახებ. დამახასიათებელი ნიშანი– პირველი ტიპის ბრუგადას ნიშანი, ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ). ბრუგადას სინდრომი უფრო ხშირია კაცებში.
ბრუგადას სინდრომს პრევენციულად მკურნალობენ, მაგალითად თავს არიდებენ გამამწვავებელ მედიკამენტებს, ამცირებენ ცხელებას და როცა ნაჩვენებია, ქირურგიულად ნერგავენ სამედიცინო აპარატს– გულის შიდა დეფიბრილატორს.
გამომწვევი მიზეზი
ბრუგადას სინდრომი გულის რითმის დარღვევაა. გულის ყოველი შეკუმშვა ელექტრული იმპულსითაა გამოწვეული, რომელიც მარჯვენა ზედა საკნის სპეციალიზირებულ უჯრედებში წარმოიშვება. მცირე ზომის ფორები, არხები ატარებენ ელექტრულ აქტივობას, რაც იწვევს გულის შეკუმშვას.
ბრუგადას სინდრომის დროს, არხების დეფექტი იწვევს გულის პათოლოგიურ რითმს, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სწრაფ და საშიშ ელექტრულ აქტივობებში– პარკუჭოვან ფიბრილაციაში (ციმციმი).
შედეგად, გული ვერ იკუმშება ეფექტურად და სისხლი საკმარისად არ მიეწოდება ორგანოებს. ეს იწვევს გონების დაკარგვას თუ რითმი ხანმოკლედ შეიცვალა, ან უეცარ სიკვდილს თუ რითმის ცვლილებები გახანგრძლივდა.
ბრუგადას სინდრომი ხშირად მემკვიდრეობითია, მაგრამ იგი შესაძლოა რთულად სადიაგნოსტიკო სტრუქტურული პრობლემის შედეგიც იყოს. ამასთან, შესაძლო მიზეზებია ელექტროლიტების (ქიმიური ნივთიერებების) დისბალანსი, მედიკამენტების გვერდითი ეფექტები ან კოკაინის გამოყენება.
ბრუგადას სინდრომის დიაგნოზი ძირითადად მოზრდილებში ისმება, ზოგჯერ მოზარდებშიც. დიაგნოზი იშვიათია ბავშვებში.
სიმპტომები
ბრუგადას სინდრომით დაავადებულთა უმეტესობას არ აქვს დიაგნოზი, რადგან არ ვლინდება შესამჩნევი სიმპტომები.
ბრუგადას სინდრომის დამახასიათებელი ნიშანი ელექტროკარდიოგრამაზე ჩანს. მისი “გრძნობა” შეუძლებელია, ნიშანი მხოლოდ ეკგ–ს კონკრეტულ ცვლილებას მოიცავს.
შესაძლებელია გქონდეთ ბრუგადას ნიშანი ეკგ–ზე, მაგრამ არ იყოთ დაავადებული ბრუგადას სინდრომით. თუმცა, ბრუგადას შესაბამისი სხვა ნიშნები და სიმპტომებია:
- გონების დაკარგვა (სინკოპე)
- არარეგულარული გულისცემა ან ფრიალი
- ძალიან სწრაფი და ქაოსური გულისცემა (უცაბედი გულის გაჩერება)
- ბრუგადას სინდრომის ნიშნები და სიმპტომები წააგავს გულის რითმის სხვა პრობლემებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია ზუსტი დიაგნოსტირებისათვის.
როდის მივმართოთ ექიმს
- თუ გაქვთ გულის ფრიალი ან არარეგულარული რითმი (არითმია), მიმართეთ ექიმს. თქვენი პრობლემა შესაძლოა გულის რითმის სხვა პათოლოგიით იყოს განპირობებული. შესაბამისი გამოკვლევებით დადგინდება, გაქვთ თუ არა ბრუგადას სინდრომი.
- თუ კარგავთ გონებას და ფიქრობთ, რომ ეს გულის პათოლოგიებს უკავშირდება, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
- თუ თქვენს მშობელს, ოჯახის წევრს ან შვილს აქვს ბრუგადას სინდრომი, შესაძლოა თქვენც გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. ექიმი გირჩევთ, საჭიროა თუ არა გენეტიკური ტესტის ჩატარება.