ბუასილი
დაავადების აღწერა
ბუასილი, აგრეთვე ცნობილი როგორც ჰემოროიდი, არის ანუსსა და სწორ ნაწლავში არსებული ვენების შესიება და ანთება. ბუასილი მიზეზი შეიძლება იყოს დეფეკაციის დროს ძლიერი გაჭინთვა ან ორსულობის დროს ამ ვენებზე გაძლიერებული ზეწოლა. ბუასილი შეიძლება მდებარეობდეს სწორ ნაწლავში (შინაგანი ბუასილი) ან იგი შეიძლება განვითარდეს ანუსის გარშემო კანზე (გარეგანი ბუასილი).
ბუასილი გავრცელებული პრობლემაა. 50 წლის ასაკისთვის ზრდასრულთა ნახევარს მაინც უგრძვნია ქავილი, დისკომფორტი და სისხლდენა, რაც ბუასილის არსებობაზე მიუთითებს.
საბედნიეროდ, არსებობს ბუასილის მკურნალობის ბევრ ეფექტური საშუალება. ადამიანთა უმეტესობას შეუძლია შვება იგრძნობს სახლიდან გაუსვლელად, მკურნალობით და ცხოვრების წესის შეცვლით.
გამომწვევი მიზეზი
ანუსის გარშემო არსებული ვენები ზეწოლის შედეგად შეიძლება გაიწელონ და გამოიბურცონ ან შესივდნენ. შესიებული ვენები (ჰემოროიდები) შეიძლება განვითარდეს სწორ ნაწლავში გაზრდილი წნევის შედეგად. ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ წნევის მომატება:
- დეფეკაციის დროს გაჭინთვა
- ტუალეტზე დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა
- ქრონიკული ფაღარათი ან ყაბზობა
- სიმსუქნე
- ორსულობა
- ანალური სექსი
- საკვებ რაციონში უჯრედისის ნაკლებობა
ბუასილის განვითარების რისკი ასაკთან ერთად იზრდება, რადგან ამ დროს სწორი ნაწლავის და ანუს ვენების გარშემო ქსოვილები შეიძლება შესუსტდეს და გაიწელოს.
სიმპტომები
ბუასილის ნიშნები და სიმპტომებია:
- უმტკივნეულო სისხლდენა დეფეკაციის დროს – თქვენ შეიძლება შენიშნოთ მცირე რაოდენობით წითელი სისხლი ტუალეტის ქაღალდზე ან ტუალეტში
- ქავილი და გაღიზიანება ანუსის არეში
- ტკივილი ან დისკომფორტი
- შესიება ანუსის გარშემო
- გამობერილობა ანუსთან ახლოს, რომელიც მტკივნეული და მგრძნობიარე
- განავლის გამოპარვა
ბუასილის სიმპტომები დამოკიდებულია მის ადგილმდებარეობაზე. შინაგანი ბუასილი მდებარეობს სწორ ნაწლავში. თქვენ მას ვერ ხედავთ და ვერ შეიგრძნობთ და იგი ტკივილს არ იძლევს.
დეფეკაციის დროს გაჭინთვას და გაღიზიანებას შეუძია დააზიანოს ბუასილის ნაზი საფარველი და გამოიწვიოს სისხლდენა. იშვიათად, გაჭინთვის დროს ბუასილი შეიძლება ანალური ხვრელიდან გამოვიდეს. ამას ეწოდება გამოშვერილი ან პროლაფსირებული ბუასილი და შეიძლება იწვევდეს ტკივილს და გაღიზიანებას.
გარეგანი ბუასილი ვითარდება ანუსის გარშემო კანის ქვეშ. გაღიზიანების შემთხვევაში გარეგანი ბუასილი იწვევს ქავილს და სისხლდენას. ხანდახან სისხლი შეიძლება დაგროვდეს გარეგან ბუასილში და თრომბის გაჩენა გამოიწვიოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილი, შესიება და ანთება.
როდის მივმართოთ ექიმს
ბუასილის ყველაზე ხშირი ნიშანი დეფეკაციის დროს სისხლდენაა. სწორი ნაწლავიდან სისხლდენა შეიძლება სხვა დაავადების დროსაც განვითარდეს, მაგალითად მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის და ანუსის კიბოს შემთხვევაში. ექიმთან გასინჯვის გარეშე ნუ დაასკვნით, რომ სისხლდენა ბუასილის ბრალია.
თქვენს ექიმს შეუძლია ფიზიკალური გამოკვლევის და სხვა გამოკვლევების ჩატარება რათა დაადასტუროს ბუასილის არსებობა და გამორიცხოს სხვა, უფრო სერიოზული დაავადებები. აგრეთე მიმართეთ ექიმს, თუ ბუასილი იწვევს ტკივილს და ხშირ, ჭარბ სისხლდენას და არ უმჯობესდება სახლის მკურნალობის შედეგად.
თუ ბუასილის სიმპტომები გაგიჩნდათ კუჭ-ნაწლავის სხვა ცვლილების შედეგად ან თუ თქვენი განავალი არის შავი, კუპრისფერი ან მუქი წითელი და შეიცავს სისხლის თრომბებს ან ურევია სისხლი, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ. ასეთი განავალი შეიძლება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ნაწილში უფრო ძლიერ სისხლდენაზე მიუთითებდეს.
მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება თუ გაქვთ სწორი ნაწლავიდან ჭარბი სისხლდენა, გულის წასვლის შეგრძნება, თავბრუსხვევა ან გულის წასვლა.