C ჰეპატიტი

დაავადების აღწერა

C ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც უტევს ღვიძლს და იწვევს მის ანთებას. C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა უმეტესობას სიმპტომები არ აქვთ. უფრო მეტიც, ადამიანთა უმეტესობამ არ იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს, სანამ ათწლეულების შემდეგ ღვიძლის დაზიანება რუტინული ლაბორატორიული კვლევების შედეგეზე არ გამოჩნდება.

C ჰეპატიტი არის ჰეპატიტის ვირუსებიდან ერთერთი და მიიჩნევა ამ ჯგუფის ვირუსებიდან ერთერთ ყველაზე სერიოზულად. C ჰეპატიტი გადაეცემა დაინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით, ძირითადად ნარკოტიკების მიღების დროს საერთო ნემსის გამოყენებით.

გამომწვევი მიზეზი

C ჰეპატიტს იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი. C ჰეპატიტის ვირუსი ვრცელდება ვირუსის შემცვლელ სისხლთან კონტაქტით.

სიმპტომები

C ჰეპატიტის ინფექცია არ იძლევა სიმპტომებს ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიებამდე. ადრეულ სტადიებზე, ვირუსთან კონტაქტიდან 1-3 თვის შემდეგ, დაავადებულ ადამიანთა მცირე ნაწილში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • დაღლილობა
  • გულისრევა და მადის დაქვეითება
  • მუცლის ტკივილი
  • მუქი ფერის შარდი
  • კანისა და თვალების შეყვითლება (სიყვითლე)
  • ტემპერატურის მომატება
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი



ქრონიკული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები წლების შემდეგ ვლინდება და ვირუსის მიერ ღვიძლის დაზიანების შედეგია. ეს სიმპტომები შეიძლება მწვავე ინფექციის სიმპტომებსაც მოიცავდეს. ეს სიმპტომებია:

  • სისხლდენის ადვილად განვითარება
  • სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება
  • კანის ქავილი
  • სითხის დაგროვება მუცელში (ასციტი)
  • ფეხების შეშუპება
  • წონაში დაკლება
  • დაბნეულობა, მიძინებულობა და გაუგებარი მეტყველება (ჰეპატური ენცეფალოპათია)
  • ობობას ქსელისმაგვარი სისხლძარღვები კანზე (ობობას ანგიომები)



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან და სიმპტომებიდან რომელიმე.