ჩიყვი

დაავადების აღწერა

ჩიყვი არის ფარისებრი ჯირკვლის ზომის პათოლოგიური ზრდა. ფარისებრი ჯირკვალი არის პეპლის ფორმის ჯირკველი, რომელიც მდებარეობს ყელის ფუძეში, ადამის ვაშლის ქვეშ. იმის მიუხედავად, რომ ჩიყვი ძირითადად უმტკივნეულოა, დიდ ჩიყვს შეუძლია გამოიწვიოს ყველა და გაართულოს ყლაპვა და სუნთქვა.

მსოფლიოში ჩიყვის ყველაზე ხშირი მიზეზი საკვებში იოდის ნაკლებობაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იოდიზირებული მარილი გამოიყენება, ჩიყვი უფრო ხშირად გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებული ან შემცირებული წარმოქმნით ან ჯირკვალში განვითარებული კვანძებით.

მკურნალობა დამოკიდებულია ჩიყვის ზომაზე, თქვენს სიმპტომებზე და გამომწვევ მიზეზზე. პატარა შეუმჩნეველი ჩიყვი როგორც წესი არ იწვევს პრობლემებს და არ საჭიროებს მკურნალობას.

გამომწვევი მიზეზი

ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის ორ ძირითადად ჰორმონს. ესენია თიროქსინი (T-4) და ტრიიოდთირონინი (T-3).

ეს ჰორმონები ცირკულირებენ სისხლში და არეგულირებენ მეტბოლიზმს. ისინი განაგებენ ორგანიზმის მიერ ცხიმებისა და ნახშირწყლების მოხმარების დონეს, აკონტროლებენ ორგანიზმის ტემპერატურას, გავლენას ახდენენ გულისცემაზე და არეგულირებენ ცილების წარმოქმნას. ფარისებრი ჯირკვალი აგრეთვე წარმოქმნის კალციტონინს. ეს ჰორმონი არეგულირებს სისხლში კალციუმის დონეს.

ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი განაგებენ ამ ჰორმონების წარმოქმნის და გამონთავისუფლების სიჩქარეს.

ეს პროცესი იწყება ჰიპოთალამუსში, რომელიც არის ტვინის ნაწილი და წარმოადგენს ერთგვარ თერმოსტატს მთელი ორგანიზმისთვის. ჰიპოთალამუსი აძლევს ჰიპოფიზს სიგნალს, რომ წარმოქმნას ჰორმონი, რომელსაც თიროიდ მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH) ეწოდება. აგრეთვე ტვინში მდებარე ჰიპოფიზი საპასუხოდ გამოიმუშავებს TSH-ის გარკვეულ რაოდენობას, რომელიც დამოკიდებულია სისხლში თიროქსინისა და T-3 დონეზე. ფარისებრი ჯირკვალი TSH-ის საპასუხოდ არეგულირებს თავისი ჰორმონების წარმოქმნას.

ჩიყვის არსებობა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად არ ფუნქციონირებს. მაშინაც კი, როდესაც გაზრდილია, ფარისებრი ჯირკვალი შეიძლება ჰორმონების ნორმალურ რაოდენობას აწარმოებდეს, თუმცა აგრეთვე შესაძლებელია, რომ ჭარბ ან ნაკლებ თიროქსინს და T-3 აწარმოებდეს.

ბევრ ფაქტორს შეუძლია გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გაზრდა. მათ შორისაა:

  • იოდის დეფიციტი. იოდი, რომელიც აუცილებელი კომპონენტია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნისთვის, გვხვდება ძირითადად ზღვის წყალში და სანაპიროსთან ახლოს ნიადაგში. განვითარებად სამყაროში, ხალხი, რომელიც ცხოვრობს ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, ხშირად ვერ იღებენ საკმარის იოდს და ამის საპასუხოდ ხშირად ფარისებრი ჯირკვალი ზომაში იზრდება რათა შეძლოს მეტი იოდის მოპოვება. თავდაპირველი იოდის დეფიციტი შეიძლება გაუარესდეს საკვებ რაციონში დიდი რაოდენობით ჰორმონის დამბლოკავი საჭმლის მიღებით. ესენია კომბოსტო, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო.

    მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრ ნაწილში იოდის დეფიციტის მიზეზი მისი საკვებში ნაკლებობაა, ასე არაა ქვეყნებში, რომლებშიც იოდს რეგულარულად უმატებენ საკვებ მარილს და სხვა საჭმელებს.

  • გრეივსის დაავადება. ჩიყვი შეიძლება განვითარდეს თუ თქვენ ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის ჭარბი რაოდენობის ფარისებრ ჰორმონებს (ჰიპერთიროიდიზმი). გრეივსის დაავადების დროს, იმუნური სისტემის წარმოქმნილი ანტისხეულები შეცდომით უტევენ ფარისებრ ჯირკვალს, რის საპასუხოდაც წარმოიქმნება ჭარბი თიროქსინი. ეს ჭარბი სტიმულაცია იწვევს ჯირკვლის შესიებას.
  • ჰაშიმოტოს დაავადება. ჩიყვის განვითარების მიზეზი აგრეთვე შეიძლება იყოს ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპოთიროიდიზმი). მსგავსად გრეივსის დაავადებისა, ჰაშიმოტოს დაავადებაც აუტოიმუნური პათოლოგიაა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჭარბი ჰორმონი წარმოიქმნას, ჰაშიმოტო აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს რის შემდეგაც ნაკლები ჰორმონი გამომუშავდება.

    ჰორმონის დაბალი დონის საპასუხოდ ჰიპოფიზი წარმოქმნის ჭარბ TSH-ს, რომელიც ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს და იწვევს ჯირკვლის ზომაში ზრდას.

  • მრავალკვანძოვანი ჩიყვი. ამ პათოლოგიის დროს, ჯირკვლის ორივე მხარეში ვითარდება მრავალი მკვრივი ან სითხით სავსე შესიებები, რომლებსაც კვანძები ეწოდებათ. ისინი იწვევენ ფარისებრი ჯირკვლის ზომაში ზრდას.
  • ცალკეული ფარისებრი ჯირკვლის კვანძები. ამ შემთხვევაში, ერთი კვანძი ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე ნაწილში. კვანძების უმეტესობა კეთილთვისვებიანია და არ გარდაიქმნება ავთვისებიანად.
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბო. ფარისებრი ჯირკვლის კიბო კეთილთვისებიან კვანძებზე ბევრად იშვიათია. ფარისებრი ჯირკვლის კიბო ხშირად გვევლინება, როგორც ჯირკვლის ერთი მხარის შესიება.
  • ორსულობა. ორსულობის დროს წარმოქმნილ ჰორმონს, ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინს (HCG) შეუძია გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მცირედ გაზრდა.
  • ანთება. თიროიდიტი არის ანთებითი პათოლოგია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ტკივილი და შესიება. მას აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს თიროქსინის ჭარბი ან შემცირებული პროდუქცია.

სიმპტომები

ყველა ჩიყვი არ იძლევა ნიშნებს და სიმპტომებს. როცა გვაქვს ნიშნები და სიმპტომები, ისინია:

  • ყელის ფუძეში შესამჩნევი შესიება, რომელიც განსაკუთრებით ჩანს გაპარსვის ან მაკიაჟის დადების შემდეგ
  • სიმკვრივის შეგრძნება ყელში
  • ხველა
  • ხმის ჩახლეჩა
  • ყლაპვის გაძნელება
  • სუნთქვის გაძნელება