ციკლური ღებინების სინდრომი
დაავადების აღწერა
ადრე მიიჩნეოდა, რომ ეს მდგომარეობა მხოლოდ ბავშვებში გვხვდება, მაგრამ ახლა დადგენილია, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. კვლევამ აჩვენა, რომ ციკლური ღებინების სინდრომი აწუხებს სკოლის ასაკის ბავშვების თითქმის 2%–ს და მოზრდილებში დიაგნოსტირებული შემთხვევების რაოდენობა იმატებს.
ციკლური ღებინების სინდრომი შესაძლოა უკავშირდებოდეს შაკიკს. ეპიზოდები იმდენად მძიმეა, რომ პაციენტი იცავს იძულებით წოლით რეჟიმს რამდენიმე დღის განმავლობაში.
სინდრომის დიაგნოსტიკა რთულია, რადგან ღებინება ბევრი დაავადების სიმპტომია. მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია და საჭიროა ცხოვრების სტილის შეცვლა, მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან არიდება. მედიკამენტები, როგორიცაა გულისრევის საწინააღმდეგო ან შაკიკის პრეპარატები, შესაძლოა დაგეხმაროთ სიმპტომების შემსუბუქებაში.
გამომწვევი მიზეზი
ციკლური ღებინების სინდრომის მიზეზი უცნობია. ღებინების შეტევების, რომლებიც სინდრომს ახასიათებს, შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- გაციება, ალერგია ან სხვა სინუსური პრობლემები
- ემოციური სტრესი ან აღგზნება, განსაკუთრებით ბავშვებში
- შფოთვა ან პანიკის შეტევა, განსაკუთრებით მოზრდილებში
- საკვები, როგორიცაა შოკოლადი ან ყველი
- ჭარბი კვება ან ძილის წინ საკვების მიღება
- ცხელი ამინდი
- ფიზიკური გადაღლა
- მენსტრუალური ციკლი
- ზღვის ავადმყოფობა
- მაპროვოცირებელი ფაქტორების განსაზღვრა დაგეხმარებათ სიმპტომების მენეჯმენტში.
სიმპტომები
ციკლური ღებინების სინდრომის სიმპტომებია:
- ძლიერი პირღებინება, რომელიც საათში რამდენჯერმე ხდება, 1 კვირაზე ნაკლებ პერიოდში
- სამი ან მეტი ცალკეული ღებინების ეპიზოდი ბოლო 1 წლის განმავლობაში
სხვა სიმპტომებია:
- მუცლის ტკივილი
- ფაღარათი
- სიცხე
- თავბრუსხვევა
- მგრძნობელობის მომატება სინათლეზე
ინტერვალები ღებინებებს შორის ძირითადად უსიმპტომოა. ზოგიერთ პაციენტს აქვს მცირე გულისრევის შეგრძნება და მუცლის ან კიდურების ტკივილი ეპიზოდებს შორის.
ხანგრძლივი ღებინება შესაძლოა გახდეს მძიმე გაუწყლოების მიზეზი, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშია. გაუწყლოების სიმპტომებია:
- წყურვილის ძლიერი შეგრძნება
- ნაკლები შარდის გამოყოფა
- ფერმკრთალი კანი
- დაღლილობა, დაქანცვა