ციტომეგალოვირუსით ინფექცია

დაავადების აღწერა

ციტომეგალოვირუსი გავრცელებული ვირუსია, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს. უმეტესად, ადამიანმა არ იცის, რომ ციტომეგალოვირუსი აქვს, რადგან სიმპტომები არ ვითარდება. თუმცა, ორსულებში და იმუნოდეფიციტურ პაციენტებში, ციტომეგალოვირუსი პრობლემებს იწვევს.

თუ ორგანიზმი დაინფიცირდა ციტომეგალოვირუსით, ინფექცია მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება. თუმცა, ვირუსი არ იწვევს სიმპტომებს ან დაავადებებს თუ ადამიანი ჯანმრთელია.

ციტომეგალოვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის სითხეებით– სისხლი, ნერწყვი, შარდი, სპერმა, დედის რძე. ციტომეგალოვირუსი, რომელიც რძეშია, ძირითადად არ აავადებს ბავშვს, მაგრამ ორსულობის დროს აქტიური ინფექციის განვითარება შესაძლოა გადავიდეს ბავშვზეც.

ციტომეგალოვირუსის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მედიკამენტები გვეხმარება ახალშობილთა სამკურნალოდ და იმუნოდეფიციტურ პაციენტებში.

გამომწვევი მიზეზი

ციტომეგალოვირუსი წააგავს ჩუტყვავილის, ჰერპესის და მონონუკლეოზის გამომწვევ ვირუსებს. თუ დაინფიცირდით ამ ვირუსით, ინფექცია მთელი ცხოვრების განმავლობაში იარსებებს, მაგრამ ყოველთვის აქტიური არ იქნება. ციტომეგალოვირუსი შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში არააქტიური იყოს და შემდეგ გააქტიურდეს. თუ ჯანმრთელი ხართ, ვირუსი ძირითადად არ აქტიურდება. ვირუსი გადამდებია რეაქტივაციის პერიოდის დროს.

ვირუსის გადაცემა ხდება ორგანიზმის სითხეებით: სისხლი, შარდი, ნერწყვი, დედის რძე, ცრემლები, სპერმა, ვაგინალური სითხეები, და არა ჩვეულებრივი შეხებით.

ვირუსი შესაძლოა გადმოგედოთ რამდენიმე გზით:

  • სხვა ადამიანის სხეულის სითხესთან კონტაქტის შემდეგ, თვალებზე ან ცხვირზე ხელის მოკიდება. ეს ყველაზე ხშირი გზაა, რადგან ვირუსი შეიწოვება ლორწოვანი ზედაპირებით.
  • სქესობრივი კონტაქტით
  • დედის რძით
  • ორგანოს ტრანსპლანტაციით ან სისხლის გადასხმით
  • პლაცენტით, ორსულობის ან მშობიარობის დროს

სიმპტომები

ახალშობილები, რომლებიც დაინფიცირდნენ ორსულობის დროს (თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსი), ჩვილები, რომლებიც დაინფიცირდნენ დაბადების დროს ან მალევე დაბადების შემდეგ (პერინათალური ციტომეგალოვირუსი) და იმუნოდეფიციტური პაციენტები დგანან დაავადების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის წინაშე.

სიმპტომები ბავშვებში

ორსული ქალები ხშირად არ გადასცემენ ვირუსს ბავშვს. თუ ორსული პირველად დაინფიცირდა ციტომეგალოვირუსით ორსულობის დროს, გადაცემის რისკი მაღალია, შედარებით რეაქტივირებულ ინფექციასთან. ტრანსმისია ძირითადად ფეხმძიმობის პირველ ნახევარში, ხშირად პირველ ტრიმესტრში ხდება.

ახალშობილთა უმეტესობა ჯანმრთელია დაბადებისას, მაგრამ სიმპტომები და ნიშნები რამდენიმე თვის ან ზოგჯერ წლის შემდეგ ვლინდება. ყველაზე ხშირი სიმპტომი სმენის დაკარგვაა. გარკვეული რაოდენობა აღნიშნავს მხედველობის დაქვეითებასაც.

თუ ახალშობილს თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსის ინფექცია თავიდანვე გამოუვლინდა, მდგომარეობა ხშირად მძიმეა. ნიშნები და სიმპტომებია:

  • კანისა და თვალების სიყვითლე
  • იასამნისფერი ლაქები კანზე ან გამონაყარი
  • წონის ნაკლებობა დაბადებისას
  • გადიდებული ელენთა
  • გადიდებული ღვიძლი, ფუნქციები დარღვეულია
  • პნევმონია
  • გულყრა



სიმპტომები იმუნოდეფიციტურ პაციენტებში

ავადმყოფობა, რომელიც წააგავს ინფექციურ მონონუკლეოზს, ხშირად ვლინდება იმუნოდეფიციტური პაციენტების ციტომეგალოვირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ციტომეგალოვირუსი ამ დროს კონკრეტულ ორგანებსაც აზიანებს. სიმპტომები და ნიშნებია:

  • სიცხე
  • პნევმონია
  • ფაღარათი
  • წყლულები მომნელებელ სიტემაში, შესაძლოა სისხლდენით
  • ჰეპატიტი
  • თავის ტვინის ანთება (ენცეფალიტი)
  • ქცევითი ცვლილებები
  • გულყრა
  • კომა
  • მხედველობის დაქვეითება და სიბრმავე



თუ ადამიანი ჯანმრთელია და დაინფიცირდა ციტომეგალოვირუსით, უმეტესად სიმპტომები არ ვლინდება. პირველი დაინფიცირების დროს შესაძლოა გამოვლინდეს მონონუკლეოზის მსგავსი დაავადება– დაღლილობა, სიცხე და კუნთების ტკივილი.

როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ გაქვთ შესუსტებული იმუნური სისტემა და აღგენიშნათ ინფიცირების ნიშნები, მიმართეთ ექიმს. ციტომეგალოვირუსი იმუნოდეფიციტურ პაციენტებში შესაძლოა ფატალური იყოს. ძვლის ტვინის გადანერგვის ან ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდგომად იმუნოსუპრესირებული პაციენტები ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგანან.
  • თუ გაქვთ მონონუკლეოზის მსგავსი სიმპტომები ორსულობის დროს, მიმართეთ ექიმს, რათა შემოწმდეს ციტომეგალოვირუსის არსებობა. ექიმი აგიხსნით შესაძლო რისკების შესახებ, ვირუსის არსებობის შემთხვევაში.
  • თუ გაქვთ ციტომეგალოვირუსი მაგრამ სხვამხრივ ჯანმრთელი ხართ, შესაძლოა გქონდეთ მსუბუქი, ზოგადი ავადმყოფობა, რეაქტივაციის პერიოდში. მარტივი მეთოდებით– მოსვენებით, ორგანიზმი მოერევა ინფექციას. სავარაუდოდ არ დაგჭირდებათ ექიმთან ვიზიტი.


 
როდის მივიყვანოთ ბავშვი ექიმთან

თუ იცით, რომ ორსულობის დროს იყავით ციტომეგალოვირუსით ინფიცირებული, აუცილებლად უთხარით ეს პედიატრს. ის შეამოწმებს ბავშვს, აქვს თუ არა მხედველობის ან სმენის პრობლემები. ახალშობილები, რომლებიც ჯანმრთელები არიან დაბადებისას, იშვიათად ავლენენ სიცოცხლისათვის საშიშ სიმპტომებს მოგვიანებით.