ცხელება

დაავადების აღწერა

ცხელება სხეულის ტემპერატურის დროებითი მატებაა, უმეტესად რაიმე ავადმყოფობის გამო. ცხელება ნიშანია ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ.

მოზრდილ ადამიანში, ცხელება ქმნის დისკომფორტს, მაგრამ ძირითადად უვნებელია, სანამ 39,4 გრადუსს ან მეტს არ მიაღწევს. ჩვილებსა და ახალშობილებში, ცხელება მძიმე ინფექციის ნიშანი შეიძლება იყოს.

ცხელება ძირითადად რამდენიმე დღეში გაივლის. რამდენიმე ურეცეპტო მედიკამენტი გამოიყენება ცხელების შესამსუბუქებლად, მაგრამ ზოგჯერ სჯობს მდგომარეობა თავად შემსუბუქდეს. ცხელება ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში.

გამომწვევი მიზეზი

ცხელება გაქვთ, როცა თავის ტვინის რეგიონი– ჰიპოთალამუსი (სხეულის “თერმოსტატი”) ორგანიზმის ტემპერატურის მაჩვენებელს აწევს. ამ დროს, ადამიანი გრძნობს შეციებას და იცვამს მეტ ტანსაცმელს, იფარებს საბანს, ზოგჯერ აქვს კანკალი, რათა წარმოქმნას მეტი სითბო სხეულში. შედეგად კი აღინიშნება სიცხის მატება.

ორგანიზმის ტემპერატურა განსხვავებულია დღის განმავლობაში. ტემპერატურა დაბალია დილით და იმატებს შუადღეს და საღამოს. უმეტესად, 37 გრადუსი ნორმად ითვლება, ტემპერატურა ნორმიდან 1 გრადუსით ნაკლებ და მეტ მაჩვენებელზე ასევე ნორმალურად მიიჩნევა. ფაქტორები, როგორიცაა მენსტრუალური ციკლი ან ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა/ვარჯიში, მონაწილეობენ ტემპერატურის ცვლილებაში.

ორგანიზმის ტემპერატურის მომატების მიზეზებია:

  • ვირუსი
  • ბაქტერიული ინფექცია
  • გადახურება
  • მძიმე დამწვრობა
  • გარკვეული ანთებითი მდგომარეობები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი– სახსრების გარშემო ანთება (სინოვიტი)
  • ავთვისებიანი სიმსივნე
  • ზოგიერთი მედიკამენტები, როგორიცაა ანტიბიტიკები, ჰიპერტენზიის წამლები და ა.შ.
  • გარკვეული აცრები, როგორიცაა დიფტერიის, ტეტანუსის და არაუჯრედული ყივანახველის ან პნევმოკოკის ვაქცინა



ზოგჯერ, ცხელების მიზეზი ვერ დგინდება. თუ გაქვთ 38,3 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა 3 კვირაზე მეტხანს და ექიმმა ვერ დაადგინა გამომწვევი მიზეზი კომპლექსური შეფასების შემდეგ, დიაგნოზი შესაძლოა უცნობი ეტიოლოგიის ცხელება იყოს.

სიმპტომები

ცხელება გაქვთ, როცა სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მაღლა ადის. საშუალო ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსია ცელსიუსით, თუმცა ინდივიდუალური ნორმა ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს.

ცხელების მიზეზიდან გამომდინარე, შესაძლოა აღინიშნოს დამატებითი ნიშნები და სიმპტომები:

  • ოფლიანობა
  • კანკალი
  • თავის ტკივილი
  • კუნთის ტკივილი
  • უმადობა
  • გაუწყლოება
  • ზოგადი სისუსტე



ცხელება 39,4–41,1 გრადუსამდე იწვევს:

  • ჰალუცინაციებს
  • დაბნეულობას
  • გაღიზიანებადობას
  • გულყრებს
  • გაუწყლოებას



როდის მივმართოთ ექიმს

ცხელება შესაძლოა პრობლემას არ წარმოადგენდეს, თუმცა ზოგიერთ მდგომარეობაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, განსაკუთრებით ბავშვებში.

სიცხის გაზომვა

ბავშვის ტემპერატურის გასაზომად, შესაძლოა გამოიყენოთ რამდენიმე ტიპის თერმომეტრი: ორალური, რექტალური, ყურის და შუბლის (საფეთქლის არტერიის) თერმომეტრები.

ტემპერატურის გაზომვის შედარებით ნაკლებად ზუსტი მეთოდია ორალური თემომეტრის იღლიის მიდამოში გამოყენება:

  • მოათავსეთ თერმომეტრი იღლიაში და მოკეცეთ ხელი
  • გააჩერეთ თერმომეტრი 5 წუთს. იღლიაში გაზომილი ტემპერატურა შედარებით ნაკლებია, ვიდრე ორალური ტემპერატურა.
  • თუ დაუკავშირდებით ექიმს, აუცილებლად უთხარით, სად გაიზომა სიცხე და რა იყო ზუსტი მაჩვენებელი.



გამოიყენეთ რექტალური თერმომეტრი ჩვილებში:

  • გამოიყენეთ კრემი თერმომეტრის თავზე
  • დააწვინეთ ბავშვი მუცელზე
  • მოათავსეთ თერმომეტრი სწორ ნაწლავში
  • გააჩერეთ თერმომეტრი 3 წუთს
  • არ გაუშვათ ხელი თერმომეტრს, სანამ იგი სწორ ნაწლავშია. თუ ბავშვი მოძრაობას დაიწყებს, შესაძლოა თერმომეტრი უფრო ღრმად მოთავსდეს და დააზიანოს ბავშვი.



ჩვილები

აუხსნელი ცხელება უფრო საყურადღებოა ჩვილებისა და ახალშობილების შემთხვევაში. დაურეკეთ ბავშვის ექიმს, თუ ბავშვი:

  • 3 თვემდე ასაკისაა და რექტალური ტემპერატურა აღწევს 38 გრადუსს
  • 3 დან 6 თვემდე ასაკისაა და ტემპერატურა 38,9 გრადუსამდეა, ბავშვი გაღიზიანებულია, ლეთარგიულია ან ტემპერატურა აჭარბებს აღნიშნულ მაჩვენებელს
  • 6 დან 24 თვემდე ასაკისაა და ტემპერატურა აღწევს 38,9 გრადუსს. ცხელება ერთ დღეზე მეტხანს გასტანს, მაგრამ არ აღინიშნება სხვა სიმპტომები. თუ არსებობს სხვა ნიშნებიც, როგორიცაა გაციება, ხველა ან ფაღარათი, დაუკავშირდით ექიმს მალევე.
  • ახალშობილია და ტემპერატურა ნორმაზე დაბალი აქვს (36,1 ნაკლები). ახალშობილები ვერ არეგულირებენ სხეულის ტემპერატურას, ამიტომ ავადმყოფობის დროს სიცხე ზოგჯერ იკლებს.



როცა ეჭვი გეპარებათ, მაინც დაურეკეთ პედიატრს და გადაამოწმეთ, არის თუ არა ტემპერატურის მაჩვენებელი პათოლოგიური.

ბავშვები

სავარაუდოა, რომ ცხელება არ არის საგანგაშო, თუ ბავშვი კონტაქტურია– ამყარებს მხედველობით კონტაქტს, პასუხობს სახის გამომეტყველებას, რეაგირებს ხმაზე, იღებს სითხეებს ადეკვატური რაოდენობით და თამაშობს.

დაუკავშირდით ექიმს, თუ ბავშვი:

  • ვერ ისვენებს, გაღიზიანებულია, ხშირად აღებინებს, აქვს ძლიერი თავის ან მუცლის ტკივილი, აქვს სხვა სიმპტომები
  • იჯდა გადახურებულ მანქანაში და აქვს ცხელება ამის შემდეგ
  • სამ დღეზე მეტია აქვს ცხელება (2 წლის ან მეტი ასაკის ბავშვებში)
  • ვერ ისვენებს, არ ამყარებს მხედველობით კონტაქტს
  • კითხეთ ექიმს, რა უნდა მოიმოქმედოთ თუ ბავშვს ასევე აქვს სხვა დაავადებები, მაგალითად იმუნური სისტემის პრობლემები. ექიმი გირჩევთ, რა პრევენციული ზომები უნდა მიიღოთ თუ ბავშვმა ახლახანს დაიწყო ახალი მედიკამენტის მიღება.



მოზრდილები

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • გაქვთ ცხელება– 39,4 გრადუსი ან მეტი
  • ცხელება გაქვთ 3 დღეზე მეტხანს



დამატებით, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ ეს ნიშნები და სიმპტომები ახლავს ცხელებას:

  • ძლიერი თავის ტკივილი
  • ძლიერი შეშუპება ხახაში
  • უჩვეულო გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით თუ უარესდება
  • უჩვეულო მგრძნობელობა სინათლეზე
  • კისრის გაშეშება და ტკივილი თავის წინ გადახრისას
  • დაბნეულობა
  • ხშირი ღებინება
  • სუნთქვის გაძნელება და ტკივილი გულმკერდის არეში
  • მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა
  • მუცლის ტკივილი ან ტკივილი შარდვის დროს
  • კუნთების სისუსტე ან მგრძნობელობითი ცვლილებები, რაც ნერვის, ზურგის ტვინის ან თავის ტვინის დაზიანებაზე მიუთითებს (ფოკალური ნევროლოგიური დეფიციტი)
  • გულყრა
  • სხვა აუხსნელი სიმპტომი