ცხვირ–ხახის (ნაზოფარინგიული) კარცინომა

დაავადების აღწერა

ცხვირ–ხახის კარცინომა ავთვისებიანი კიბოა, რომელიც ჩნდება ნაზოფარინქსში (ცხვირისა და ხახის ღრუებში).

ცხვირ–ხახის კარცინომა მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, მაგალითად აშშ–ში იშვიათია, თუმცა ხშირად გვხვდება სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში.

ცხვირ–ხახის კარცინომის დიაგნოსტირება რთულია ადრეულ სტადიებზე. ეს სავარაუდოდ განპირობებულია ამ ანატომიური ადგილის პირდაპირი ვიზუალიზაციის ნაკლებობით და სიმპტომების მსგავსებით სხვა, უფრო გავრცელებულ დაავადებებთან.

ცხვირ–ხახის კარცინომის მკურნალობა ძირითადად მოიცავს სხივურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას ან ამ ორი მეთოდის კომბინაციას. კონკრეტული მაგალითის მიხედვით ხდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

გამომწვევი მიზეზი

კიბო ყალიბდება, როცა ერთი ან რამდენიმე გენეტიკური მუტაციის გამო ნორმალური უჯრედი კარგავს კონტროლს ზრდა–გაყოფაზე, იპყრობს გარშემო სტრუქტურებს და მეტასტაზირებს, ვრცელდება ორგანიზმის სხვა ნაწილებზეც. ცხვირ–ხახის კარცინომის დროს, ეს პროცესი იწყება ცხვირ–ხახის ამომფენ ბრტყელ უჯრედებში.

ზუსტად რა იწვევს ცხვირ–ხახის კარცინომისათვის დამახასიათებელ გენეტიკურ მუტაციებს, უცნობია. ფაქტორები, როგორიცაა ეფშტეინ–ბარის ვირუსი და სხვა ასოცირებულია კიბოს განვითარებასთან. თუმცა, რატომ არ ვითარდება კიბო ყველა რისკ–ფატორის მქონე ადამიანებში და რატომ ვითარდება იგი ზოგჯერ რისკ–ფაქტორების არმქონე პაციენტებში, უცნობია.

სიმპტომები

ადრეულ სტადიებზე, ცხვირ–ხახის კარცინომა არ იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს. მოგვიანებით, შესამჩნევი სიმპტომებია:

  • გამობურცულობა კისერში, რომელიც გამოწვეულია ლიმფური კვანძის გადიდებით
  • სისხლიანი ნერწყვი
  • სისხლიანი გამონადენი ცხვირიდან
  • ცხვირის ღრუს დაცობა
  • სმენის დაქვეითება
  • ხშირი ინფექციები ყურში
  • თავის ტკივილი


როდის მივმართოთ ექიმს

ცხვირ–ხახის კარცინომის ადრეული სიმპტომები არ აიძულებს ადამიანს, მიმართოს ექიმს. თუმცა, თუ შეამჩნევთ უჩვეულო ნიშნებს, მაგალითად ცხვირის ღრუს ხანგრძლივ დაცობას, რომელიც არ შეესაბამება ჩვეულებრივ გაციებას, მიმართეთ ექიმს.