ცხვირის ძგიდის გამრუდება

დაავადების აღწერა

ცხვირის ძგიდის გამრუდების დროს ნესტოებს შორის არსებული თხელი კედელი გადახრილია ერთ მხარეს. ხშირ შემთხვევაში, ძგიდის გადახრის გამო ერთ–ერთი გამტარი გზა ცხვირის ღრუში (ნესტო) შევიწროებულია.

როცა ძგიდის შევიწროება მძიმეა, შესაძლოა ცხვირის ნაწილი დაიხშოს და გაჭირდეს სუნთქვა. ჰაერის დინებით გამოწვეული გამოშრობა კიდევ უფრო ამძიმებს გადახრის სიმპტომებს და იწვევს სისხლდენას ან ქერქის ჩამოყალიბებას ზოგიერთ ადამიანში.

ცხვირის ღრუს დაცობა შესაძლოა თავად ძგიდით იყოს გამოწვეული, კედლების შესიებით, ან ორივე მიზეზით. მკურნალობა დაცობის დროს შესიების საწინააღმდეგო მედიკამენტებით წარიმართება. ასევე გამოიყენება მისაკრობი პლასტირი ცხვირის ღრუს გასახსნელად. ძგიდის გამრუდების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზითაა შესაძლებელი.

გამომწვევი მიზეზი

ცხვირის ძგიდის გამრუდების დროს ნესტოებს შორის არსებული თხელი კედელი გადახრილია ერთ მხარეს.

გამრუდებული ძგიდის შესაძლო მიზეზებია:

  • თანდაყოლილი მდგომარეობა. ზოგიერთ შემთხვევაში, ძგიდის გამრუდება ხდება ემბრიონის ჩამოყალიბების დროს, ანუ ძგიდე დაბადებიდან ასეთ მდგომარეობაშია.
  • ცხვირის ტრავმული დაზიანება. ძგიდის გამრუდება ცხვირის ტრავმის შედეგიც შეიძლება იყოს. ახალობილებში ასეთი ტრავმები მშობიარობასთან ასოცირდება, ხოლო პატარებში და მოზრდილებში მიზეზი მრავალნაირია: წაქცევა, შეჯახება და ა.შ. ტრავმა ყველაზე ხშირად კონტაქტური სპორტული აქტივობის დროს, აქტიური თამაშის დროს ან ავტოავარიების შემთხვევაში ხდება.


ნორმალური ასაკობრივი პროცესი შესაძლოა ცხვირის სტრუქტურებზეც აისახოს, რაც გაართულებს გამრუდებას დროთა განმავლობაში. ასევე, შესიების სიმძიმის ცვლილება დაკავშირებულია რინიტთან, რინოსინუსიტთან და ასეთი ანთებითი მდგომარეობები ამძიმებს შევიწროებასა და ობსტრუქციის სიმპტომებს.

სიმპტომები

ძგიდის დეფორმაცია უმეტესად უსიმპტომოა, შესაძლოა ადამიანმა არც კი იცოდეს დეფორმაციის შესახებ. თუმცა, ზოგჯერ ძგიდის გამრუდების სიმპტომები და ნიშნებია:

  • ერთი ან ორივე ნესტოს დაცობა. დაცობა ართულებს სუნთქვას. სიმპტომი შესაძლოა მხოლოდ გაციების დროს გამოვლინდეს ან დამძიმდეს ალერგიის გამო, რაც იწვევს სასუნთქი გზების შესიებასა და შევიწროებას.
  • სისხლდენა ცხვირიდან. ცხვირის ძგიდის ზედაპირი შესაძლოა გამოშრეს, რაც ზრდის სისხლდენის რისკს.
  • სახის ტკივილი. არსებობს გარკვეული დებატი ცხვირის ძგიდის გამრუდებით გამოწვეული ტკივილის შესახებ, მაგრამ დადგენილია რომ მძიმე გამრუდება, რომელიც ცხვირის კედელს ეხება და თან ახლავს ერთ მხარეს სახის ტკივილი, ნამდვილად გამომწვევი მიზეზია.
  • ხმაურიანი სუნთქვა ძილის დროს. ეს შესაძლოა ახალშობილებში ან პატარებში შეგვხვდეს გამრუდების დროს ან ცხვირის შიდა ღრუების შესიებისას.
  • ცხვირის ღრუს დაცობის ციკლურობა. ცხვირის ღრუ დაცობილია ზოგჯერ ერთ მხარეს, ზოგჯერ კი მეორე მხარეს. ეს ნორმალური ფენომენია და ცხვირის ღრუს ციკლური დაცობა ეწოდება. თუ ცხვირის ღრუს ციკლური დაცობა ადამიანს აწუხებს და უჩვეულოა, შესაძლოა იყოს ნორმაზე მეტი ობსტრუქცია რომელიმე მხარეს.
  • ერთ მხარეს ძილი. ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია ცალ მხარეს ძილი, რადგან ასე უკეთ სუნთქავენ ცხვირით ღამის განმავლობაში. ეს ხშირად ძგიდის გამრუდების ბრალია, რომელიც ერთ–ერთ ნესტოს ავიწროებს.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:

  • ცხვირის ღრუს ნესტოს (ან ნესტოების) დაცობა, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება
  • ხშირი სისხლდენა ცხვირიდან
  • განმეორებადი სინუსური ინფექციები