ცხვირის მოტეხილობა

დაავადების აღწერა

ცხვირის მოტეხილობა ვითარდება მაშინ, როდესაც იბზარება ან ტყდება რომელიმე ძვალი ცხვირში – ძირითადად ცხვირის ხიდის ზემოთ.

ცხვირის მოტეხილობის ძირითადი მიზეზები:კონტაქტური სპორტი, ფიზიკური ჩხუბი, წაქცევა ან საგზაო შემთხვევა. ცხვირის მოტეხილობამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, შეშუპება და ჩალურჯება ცხვირის გარშემო და თვალების ქვეშ. შესაძლოა სახეზე იყოს ცხვირის გამრუდება და თქვენ გიჭირდეთ სუნთქვა.

მოტეხილი ცხვირის მკურნალობა მდგომარეობს მისი თავდაპირველი მდებარეობის დაბრუნებაში. გატეხილი ცხვირის სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევა ყოველთვის საჭირო არ არის.

გამომწვევი მიზეზი

ცხვირის მოტეხილობის ხშირი მიზეზები:

  • კონტაქტურ სპორტში(მაგ. ფეხბურთი, ჰოკეი) მონაწილეობისას მიღებული ტრავმები
  • ხელჩართული ჩხუბი
  • საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა
  • ძირს დაცემა
  • ცხვირის მოტეხილობა შესაძლოა განვითარდეს მაშინაც, როდესაც სიარულისას მოულოდნელად ხდება შეჯახება მყარ საგანთან, როგორიცაა კარები ან კედელი. მოტეხილობა ზოგჯერ უხეში, ჭიდაობისმაგვარი თამაშების შედეგადაც ვითარდება.

სიმპტომები

ცხვირის მოტეხილობის სიმპტომები:

  • ტკივილი, განსაკუთრებით შეხებისას
  • ცხვირის და მის გარშემო მყოფი მიდამოების შესიება
  • სისხლდენა ცხვირიდან
  • ჩალურჯება ცხვირის და თვალების გარშემო
  • გამრუდებული ან დეფორმირებული ცხვირი
  • ცხვირით გართულებული სუნთქვა
  • ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან
  • შეგრძნება, რომ ცხვირის ღრუ დახშულია



როდის მივმართოთ ექიმს

  • მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ თქვენ გაქვთ ცხვირის ტრავმული დაზიანება და მას თან ახლავს:
  • თავის ან კისრის დაზიანება, რომელიც გამოვლინდება მძიმე თავის ტკივილით, კისრის ტკივილით, ღებინებით ან ცნობიერების დაკარგვით
  • გაძნელებული სუნთქვა
  • სისხლდენა, რომელსაც ვერ აჩერებთ
  • ცხვირის ფორმის შესამჩნევი ცვლილება(გამრუდება, დეფორმაცია), რომელიც არ არის დაკავშირებული შეშუპებასთან.
  • გამჭვირვალე, წყლის მაგვარი გამონადენი ცხვირიდან