დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)

დაავადების აღწერა

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) ზოგიერთი პაციენტისთვის სასურველი მდგომარეობაა, თუმცა, დაბალი წნევა იწვევს თავბრუსხვევისა და გონების დაკარგვის სიმპტომებს. მძიმე შემთხვევებში, დაბალი არტერიული წნევა სიცოცხლისათვის საშიშია.

არტერიული წნევა ინდივიდუალური მაჩვენებელია და ხშირად განსხვავდება პაციენტებში. ჰიპოტენზია ნიშნავს სისტოლური წნევის (პირველი რიცხვი) 90 (მმ/ვერცხლისწყლის სვეტით)–ზე დაბალ მაჩვენებელს, ხოლო დიასტოლური წნევის (მეორე მაჩვენებელი) 60 (მმ/ვს)–ზე დაბალ რიცხვს.

ჰიპოტენზიის მიზეზები შესაძლოა იყოს გაუწყლოება, სამედიცინო დაავადებები ან ქირურგიული გართულებები. ჰიპოტენზიის მკურნალობა შესაძლებელია. მნიშვნელოვანია ზუსტი მიზეზის განსაზღვრა.

გამომწვევი მიზეზი

სისხლის წნევა ზომავს არტერიებში არსებულ წნევას, აქტიური და მოსვენების ფაზების დროს, გულის შეკუმშვისას. წნევის აღმნიშვნელი რიცხვების მნიშვნელობაა:

  • სისტოლური წნევა. პირველი რიცხვი განპირობებულია გულის შეკუმშვისას (სისხლის გადმოსროლა მთელ ორგანიზმში) არტერიებში განვითარებული წნევით.
  • დიასტოლური წნევა. მეორე რიცხვი განპირობებულია არტერიებში არსებული წნევით, რომლის დროსაც შეკუმშვა არ ხდება და გული ისვენებს შეკუმშვებს შორის.



თანამედროვე გაიდლაინით, ნორმალური წნევა 120/80 მმ/ვს–ია.

არტერიული წნევა სწრაფად იცვლება. ცვლილება შესაძლოა დროის მცირე მონაკვეთშიც მნიშვნელოვანი იყოს, ზოგჯერ ერთი შეკუმშვიდან მეორემდე. მნიშვნელოვანია სხეულის პოზიცია, სუნთქვის რითმი, სტრესის დონე, ფიზიკური მდგომარეობა, მიღებული მედიკამენტები, მიღებული საკვები და სასმელი, დღის მონაკვეთები. არტერული წნევა ძირითადად ყველაზე დაბალია ღამით და სწრაფად იმატებს გაღვიძებისას.

ჰიპოტენზია– რამდენად დაბალი შეიძლება იყოს წნევა?

ჩვენება, რომელიც ჰიპოტენზიაა უმეტესი პაციენტებისათვის, შესაძლოა ნორმალური იყოს სხვისთვის. ექიმები თვლიან, რომ ჰიპოტენზია პათოლოგიურია თუ იწვევს შესამჩნევ სიმპტომებს.

ზოგიერთი ექსპერტი ჰიპოტენზიის კლასიფიცირებისას წნევის ნორმებს გამოყოფს, როგორც სისტოლური– 90–ზე დაბალი და დიასტოლური 60–ზე დაბალი. შესაძლოა მხოლოდ ერთი რიცხვი იყოს ნორმაზე უფრო დაბალი და ჰიპოტენზია გქონდეთ. მაგალითად, თუ სისტოლური წნევა 115–ია, მაგრამ დიატოლური–50, მდგომარეობა მაინც პათოლოგიურია.

წნევის სწრაფი დაქვეითება შესაძლოა საშიშიც იყოს. მაგალითად, 20 მმ/ვს ცვლილება– სისტოლური 110–დან 90ზე ჩამოსვლა, შესაძლოა გახდეს თავბრუსხვევის, გულის წასვლის მიზეზი, რადგან ტვინს არ მიეწოდება სისხლის ადეკვატური რაოდენობა.

მძაფრი ცვლილებები, რომელთაც უკონტროლო სისხლდენა, მძიმე ინფექცია ან ალერგიული რეაქციები იწვევს, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიშია.

ათლეტები და ადამიანები, რომლებიც ხშირად ვარჯიშობენ, ატარებენ უფრო დაბალ წნევასა და დაბალ პულსს, ვიდრე სხვები. ზოგადად, არამწეველები და ჯანსაღი კვების მიმდევარნი ნორმალურ წნევას ინარჩუნებენ.

იშვიათ შემთხვევებში, დაბალი წნევა სერიოზული, მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში პრობლემის მანიშნებელია.

დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ ჰიპოტენზიას

ზოგიერთი დაავადება ან მდგომარეობა იწვევს ჰიპოტენზიას. ესენია:

  • ორსულობა. რადგანაც ქალის სისხლძარღვოვანი სისტემა ფართოვდება ორსულობის დროს, სისხლის წნევა იკლებს. ეს ნორმალურია, წნევა მანამდე არსებულ ნორმას უბრუნდება მშობიარობის შემდეგ.
  • გულის დაავადებები. ზოგიერთი დაავადება იწვევს ჰიპოტენზიას. მაგ.: ბრადიკარდია (შემცირებული პულსი), სარქველების პრობლემები, ინფარქტი, გულის უკმარისობა.
  • ეს მდგომარეობები იწვევენ ჰიპოტენზიას, რადგან გული ვეღარ ტუმბავს საკმარის სისხლს ადეკვატური შეკუმშვით.
  • ენდოკრინული პრობლემები. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ასევე ფარისებრახლო ჯირკვლის დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (ადისონის დაავადება), დაბალი შაქარი სისხლში (ჰიპოგლიკემია) და ზოგჯერ, დიაბეტიც, იწვევს დაბალ წნევას.
  • გაუწყლოება. როცა გაუწყლოებული ხართ, ორგანიზმი კარგავს მეტ სითხეს, ვიდრე იღებს. მსუბუქი გაუწყლოებაც კი იწვევს თავბრუსხვევას, სისუსტესა და დაღლილობას. ცხელება, ღებინება, ძლიერი დიარეა, შარდმდენების გამოყენება და ვარჯიში შესაძლოა გახდეს გაუწყლოების მიზეზი.
  • ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა ჰიპოვოლემიური შოკი– სიცოცხლისათვის საშიში გართულება. შოკი იწყება, როცა სისხლის მოცულობა უცაბედად მცირდება, რაც იწვევს წნევის სწრაფ შემცირებას და ქსოვილებამდე ვეღარ მიდის საკმარისი კონცენტრაციის ჟანგბადი. მკურნალობის გარეშე, ჰიპოვოლემიური შოკი იწვევს სიკვდილს წუთების ან საათების შემდეგ.
  • სისხლის დაკარგვა. დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, ჭრილობის ან შინაგანი სისხლდენის გამო, ამცირებს ორგანიზმში სისხლის მოცულობას და იწვევს წნევის შემცირებას.
  • მძიმე ინფექცია (სეფსისი). სეფსისი ვითარდება, როცა ინფექცია აღწევს სისხლში. ეს მდგომარეობა რთულდება სიცოცხლისათვის საშიში შემცირებით არტერიული წნევის მაჩვენებლებში, რომელსაც სეპტიური შოკი ეწოდება.
  • ძლიერი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია). ანაფლაქსია მძიმე და პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციაა. ხშირი გამომწვევი მიზეზებია საკვები, მედიკამენტები, მწერები, ლატექსი. ანაფილაქსია იწვევს სუნთქვით პრობლემებს, გამონაყარს, ქავილს, ხახის შესიებასა და წნევის შემცირებას.
  • საკვები ნივთიერებების ნაკლებობა. ვიტამინი B 12–ისა და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა იწვევს ანემიას (ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით სისხლის წითელ უჯრედებს), რაც იწვევს არტერიული წნევის შემცირებას.



მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ჰიპოტენზიას

ზოგიერთი მედიკამენტი შესაძლოა იყოს ჰიპოტენზიის მიზეზი. ესენია:

  • შარდმდენები, როგორიცაა ფუროსემიდი, ჰიდროქლოროთიაზიდი
  • ალფა–ბლოკერები, როგორიცაა პრაზოზინი, ლაბეთალოლი
  • ბეტა–ბლოკერები, როგორიცაა ატენოლოლი, პროპრანოლონი, ტიმოლოლი
  • პარკინსონის დაავადების მედიკამენტები, როგორიცაა პრამიპექსოლი, ლევოდოპა
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა დოქსეპინი, იმიპრამინი, პროტრიპტილინი, ტრიმიპრამინი
  • სილდენაფილი (ვიაგრა), ტადალაფილი (სიალისი), თუ მიიღება კომბინაციაში ნიტროგლიცერინთან ერთად


 
დაბალი არტერიული წნევის ფორმები

ექიმები ხშირად ყოფენ ჰიპოტენზიას სხვადასხვა კატეგორიად, გამომწვევი მიზეზებისა და ფაქტორების მიხედვით. ეს ფორმებია:

  • ჰიპოტენზია, რომელიც წამოდგომისას ვითარდება– ორთოსტატიკური ჰიპოტენზი. ამ დროს წნევა სწრაფად მცირდება, როცა მჯდომარე პოზიციიდან ან მწოლიარე მდგომარეობიდან წამოდგებით.
  • ზოგადად, გრავიტაციის ცამო, სისხლი გროვდება ფეხებში როცა დგახართ. სხეული ამის კომპენსაციას ახდენს გულის შეკუმშვების გაძლიერებითა და სისხლძარღვების შევიწროებით, ამიტომ ტვინს საკმარისი სისხლი მიეწოდება.
  • თუ გაქვთ ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, ეს კომპენსატორული მექანიზმი ვერ მოქმედებს და ადგომა დაკავშირებულია თავბრუსხვევასთან, დაბინდულ მხედველობასა და ზოგჯერ, გონების დაკარგვასთან.
  • ორთოსტატიკური ჰიპოტენზია მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგ.: გაუწყლოება, ხანგრძლივი მწოლიარე მდგომარეობა, დიაბეტი, გულის დაავადებები, დამწვრობა, ჭარბი სითბო, დიდი ზომის ვარიკოზული ვენები, გარკვეული ნევროლოგიური დაავადებები.
  • გარკვეული მედიკამენტები იწვევენ ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას, განსაკუთრებით ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო წამლები– შარდმდენები, ბეტა–ბლოკერები, კალციუმის არხის ბლოკერები და ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ასევე ანტიდეპრესანტები, პარკინსონის დაავადებისა და ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტები.
  • ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ხშირია მოხუცებში, კერძოდ, პაციენტების 20% გადაცილებულია 65 წელს.
  • ორთოსტატიკური ჰიპოტენზია შესაძლებელია განვითარდეს ახალგაზრდებშიც, სხვამხრივ ჯანმრთელ ადამიანებში, რომლებიც სწრაფად წამოდგებიან მჯდომარე პოზიციაში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ.
  • ჰიპოტენზია საკვების მიღების შემდეგ (პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია). საკვების მიღების შემდეგ, არტერიული წნევა საგრძნობლად ეცემა. ხშირია მოხუცებში.
  • როგორც გრავიტაცია აიძულებს სისხლს, დაგროვდეს ფეხებში, ასევე საკვები იწვევს სისხლის ნაწლავებში დაგროვებას კვების შემდეგ.
  • ზოგადად, ორგანიზმი ამ ვითარებას პასუხობს გულისცემის გახშირებისა და ზოგიერთი სისხლძარღვის შევიწროებით, მაგრამ ზოგიერთ ადამიანში ეს მექანიზმები არ მუშაობს, რაც იწვევს კვების შემდგომ თავბრუსხვევას, გულის წასვლას.
  • პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია ხშირია ადამიანებში, რომლებსაც ზოგადად ჰიპერტენზია აქვთ ან დაავადებულები არიან პარკინსონის დაავადებით.
  • არტერიული წნევის საკონტროლო მედიკამენტების დოზის შემცირება და მცირე ულუფებით საკვების მიღება შესაძლოა დაგეხმაროთ სიმპტომების შესამსუბუქებლად.
  • დაბალი არტერიული წნევა ტვინის სიგნალების დარღვევის გამო (ნეიროგენული ჰიპოტენზია). ეს დაავადება იწვევს წნევის შემცირებას დიდი ხნით დგომის შემდეგ, რაც გამოიხატება თავბრუსხვევით, გულისრევითა და გონების დაკარგვით.



ნეიროგენული ჰიპოტენზია ძირითადად ახალგაზრდებშია და გულსა და ტვინს შორის არასწორი კომუნიკაციითაა განპირობებული.

როცა დიდხანს დგახართ, წნევა ეცემა, რადგან სისხლი გროვდება ფეხებში. ნორმაში, ორგანიზმი კომპენსატორულ მექანიზმებს რთავს.

იმ ადამიანებში, რომელთაც ნეიროგენული ჰიპოტენზია აქვთ, მარცხენა პარკუჭის მაკონტროლებელი ნერვები ტვინს აწვდიან არასწორ ინფორმაციას– თითქოს წნევა უფრო მაღალია, როცა, პირიქით, შემცირებულია.

შედეგად, ტვინი ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, კიდევ უფრო ამცირებს წნევას. ეს იწვევს მეტი სისხლის დაგუბებას ფეხებში და ნაკლები სისხლის მიწოდებას თავის ტვინში. სიმპტომებია: თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა.

დაბალი არტერიული წნევა ზოგჯერ ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია (მრავლობითი სისტემური ატროფია ორთოსტატიკური ჰიპოტენზიით). ამ მდგომარეობას შაი–დრაგერის სინდრომსაც უწოდებენ და გამოწვეულია აუტონომიური ნერვული სისტემის პროგრესიული დაზიანებით. აუტონომიური ნერვული სისტემა აკონტროლებს უნებლიე ფუნქციებს, როგორიცაა არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა და მონელება.

ეს მდგომარეობა ასოცირებულია კუნთის უნებლიე შეკუმშვებთან, შენელებულ მოძრაობასთან, კოორდინაციის დარღვევებსა და მეტყველების პრობლემებთან. მთავარი სიმპტომი მძიმე ორთოსტატიკური ჰიპოტენზიაა, ასევე, მძაფრად იზრდება წნევა მწოლიარე მდგომარეობაში.

სიმპტომები

ზოგიერთ პაციენტში, ჰიპოტენზია სხვა დაავადების მანიშნებელია, განსაკუთრებით თუ წნევა მალე, უეცრად ვითარდება და თან ახლავს სიმპტომები:

  • თავბრუსხვევა, გულის წასვლა
  • გონების დაკარგვა–სინკოპე
  • ყურადღების ნაკლებობა
  • დაბინდული მხედველობა
  • გულისრევა
  • ცივი, წებოვანი, ფერმკრთალი კანი
  • სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა
  • დაღლილობა
  • დეპრესია
  • წყურვილი



როდის მივმართოთ ექიმს

  • ხშირ შემთხვევაში, ჰიპოტენზია მნიშვნელოვანი არ არის. თუ ხშირად გაქვთ ასეთი ეპიზოდები, მაგრამ ნორმალურად გრძნობთ თავს, ექიმი დაგაკვირდებათ გამოკვლევების მეშვეობით.
  • მსუბუქი თავბრუსხვევა ნორმალურია, თუ სახეზეა მცირე გაუწყლოება (ზაფხული) ან დიდი დრო გაატერეთ მზეზე ან ცხელ აბაზანაში. ასეთ სიტუაციებში, მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს, რამდენად სწრაფად შემცირდა სისხლის წნევა.
  • მნიშვნელოვანია ჰიპოტენზიის ნიშნების აღწერა ექიმთან, რადგან ზოგჯერ ეს სიმპტომი დაავადებების მაჩვენებელია. შესაძლოა დაგეხმაროთ სიმპტომების ჩაწერა, მაგ. როდის იწყება სიმპტომი და რას საქმიანობდით ამ დროს.