დამწვრობები

დაავადების აღწერა

დამწვრობა შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო პრობლემა, ასევე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. ყველაზე მძიმე დამწვრობები ვითარდება ელექტრობით ან ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად. ბავშვებში დამწვრობის ყველაზე ხშირი მიზეზი მდუღარე სითხის გადასხმაა.

მზეზე დამწვრობა ან სხვა უმნიშვნელო დამწვრობები შესაძლოა სახლის პირობებში მოშუშდეს, თუმცა ღრმა და ვრცელ დამწვრობებს სასწრაფოდ ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. მძიმე დამწვრობების მქონე პაციენტებს ხშირად მკურნალობა სპეციალურ დამწვრობის ცენტრებში ესაჭიროებათ. დიდი დაზიანების შემთხვევაში ზოგჯერ კანის გადანერგვა ხდება საჭირო.

დამწვრობის შემდეგ, პირველ რიგში საჭიროა დაზიანებული ადგილას ცივი წყლის დასხმა. ყინული არ არის რეკონენდირებული, რადგან მან შესაძლოა კიდევ უფრო დააზიანოს დამწვარი ქსოვილი.

გამომწვევი მიზეზი

ზოგიერთი ნივთიერება იწვევს დამწვრობას, მაგალითად:

  • ცეცხლი
  • ცხელი სითხე ან ორთქლი
  • ცხელი მეტალი, მინა ან რაიმე სხვა საგანი
  • ელექტრული დენი
  • დასხივება, რომელიც უკავშირდება რენტგენს ან სიმსივნის ქიმიოთერაპიას
  • მზის სინათლე ან ულტრაიისფერი სხივები, რომელიც გვხვდება სოლარიუმებში.
  • ქიმიური ნაერთები როგორებიცაა ძლიერი მჟავები, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საღებავის გამათხიერებელი ან ბენზინი

სიმპტომები

დამწვრობა კანს ერთნაირად არ აზიანებს, ასე რომ ერთმა დაზიანებამ შესაძლოა მიაღწიოს სხვადასხვა სიღრმეს. უმნიშვნელო დამწვრობის სერიოზული დამწვრობისგან გარჩევისთვის აუცილებელია ორგანიზმის ქსოვილებზე მიყენებული ზიანის დონის განსაზღვრა. დამწვრობის ოთხი კლასიფიკაცია არსებობს:

  1. პირველი ხარისხის დამწვრობა. ამ ტიპის დამწვრობა აზიანებს კანის მხოლოდ გარეთა შრეს(ეპიდერმისს). ეს დაზიანება იწვევს სიწითლეს და ტკივილს, რომელიც ძირითადად პირველადი დახმარების შედეგად გაივლის რამოდენიმე დღეში ან კვირაში. მზისგან მიღებული დამწვრობა პირველი ხარისხის დამწვრობის კლასიკური მაგალითია.
  2. მეორე ხარისხის დამწვრობა. ასეთი ფორმის დამწვრობა აზიანებს როგორც ეპიდერმისს, აგრეთვე კანის მეორე შრეს(დერმისს) და იწვევს სიწითლეს, ტკივილსა და შეშუპებას. მეორე ხარისხის დამწვრობას ხშირად ნესტიანი, სველი შესახედაობა აქვს. ბუშტუკების განვითარების შემთხვევაში ტკივილი შეიძლება იყოს მძიმე. მეორე ხარისხის ღრმა დამწვრობები ზოგჯერ დანაწიბუროვანებას იწვევენ.
  3. მესამე ხარისხის დამწვრობა. დამწვრობა, რომელიც აღწევს დერმისის ქვემოთ არსებულ ცხიმოვან შრეს, მესამე ხარისხის დამწვრობა ეწოდება. კანს შესაძლოა ჰქონდეს გამაგრებულის, ცვილისებრი თეთრი, ტყავის ან ნამზეურისებრი გარეგნობა. მესამე ხარისხის დამწვრობას შეუძლია გაანადგუროს ნერვები, რაც იწვევს მგრძნობელობის დაკარგვას და გაშეშებას.
  4. მეოთხე ხარისხის დამწვრობა. ეს დამწვრობის ყველაზე მძიმე ფორმაა რომელიც კანის ქვეშ მდებარე ქსოვილებს აზიანებს, როგორებიცაა კუნთი და ძვალი. კანს შესაძლოა ჰქონდეს სიშავის ან დანახშირებულის გარეგნობა. თუ ნერვული დაზიანება ძალიან სერიოზულია, თქვენ შესაძლოა საერთოდ ვერ იგრძნოთ ტკივილი.

როდის მივმართოთ ექიმს

  • უმნიშვნელო დამწვრობების მოშუშება სახლის პირობებში შესაძლებელია. მიმართეთ ექიმს, თუ:
  • თქვენ აღნიშნავთ ტკივილს, სიწითლეს, შეშუპებას და გამონადენს დამწვრობის ადგილას.
  • დამწვრობა, რომელიც არ შუშდება რამოდენიმე კვირაში
  • ახალი, აუხსნელი სიმპტომები
  • მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ:
  • დამწვრობა მოიცავს ხელებს, ტერფებს, სახეს, საზარდულს, დუნდულას ან მნიშვნელოვან სახსარს
  • განვითარდა ქიმიური ან ელექტროობით გამოწვეული დამწვრობა
  • აღინიშნება მესამე ან მეოთხე ხარისხის დამწვრობა
  • თვენ გიჭირთ სუნთქვა ან დამწვრობა მდებარეობს სასუნთქ გზებში