დაქვეითებული სექსუალური ინტერესი (ქალებში)

დაავადების აღწერა

ქალის სექსუალური მოთხოვნილებები იცვლება წლებთან ერთად. ცვლილებები ძირითადად ურთიერთობების განვითარებასთან, ცხოვრებისეულ მოვლენებთან (ორსულობა, მენოპაუზა, ავადმყოფობა) და სხვა ფაქტორებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და ანტიეპილეფსიური საშუალება შესაძლოა გახდეს ლიბიდოს (სექსუალური ინტერესი) დაქვეითების მიზეზი.

თუ პაციენტს ხშირად აქვს დაქვეითებული ინტერესი და აღენიშნება დისტრესის სიმპტომები, შესაძლოა განვითარებული იყოს ჰიპოაქტიური სექსუალური ინტერესის დაავადება.

არ არის აუცილებელი, ეს მდგომარეობა განვითარდეს, რათა პაციენტმა ექიმს მიაკითხოს. თუ გაწუხებთ დაქვეითებული ლიბიდო, არსებობს ცხოვრების სტილის ცვლილებები და სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ. გარკვეული მედიკამენტების გამოყენებაც შესაძლებელია.

გამომწვევი მიზეზი

სექსუალური ინტერესი ქალში სხვადასხვა ფაქტორის კომპლექსური ურთიერთკავშირია. ეს ფაქტორებია: ფიზიკური მდგომარეობა, ემოციური მდგომარეობა, გამოცდილებები, რწმენა, ცხოვრების წესი, ურთიერთობები. თუ გაქვთ პრობლემა რომელიმე ფაქტორთან დაკავშირებით, შესაძლოა შეიცვალოს ინტერესიც.

ფიზიკური მიზეზები
მრავალი დაავადება, ფიზიკური ცვლილება ან მედიკამენტი იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას. ესენია:

  • სქესობრივი პრობლემები: ტკივილი სექსის დროს, ორგაზმის არარსებობა იწვევს ინტერესის დაქვეითებას.
  • დაავადებები: არასქესობრივი დაავადებები ასევე იწვევს ინტერესის შემცირებას, როგორიცაა: ართრიტი, კიბო, დიაბეტი, ჰიპერტენზია, კორონარული დაავადებები, ნევროლოგიური სინდორმები.
  • მედიკამენტები: ანტიდეპრესანტები, ანტიეპილეფსიური წამლები განსაკუთრებით ასოცირდება ლიბიდოს დაქვეითებასთან.
  • ცხოვრების სტილი და ჩვევები. ალკოჰოლის ზედმეტი მიღება აქვეითებს ლიბიდოს. ასევე, ნარკოტიკული საშუალებებიც ახდენენ ეფექტს ინტერესზე. მოწევა ამცირებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უშლის აღგზნებას.
  • ქირურგიული ჩარევა. ოპერაცია სარძევე ჯირკვალზე ან გენიტალიურ ორგანოებზე შესაძლოა გახდეს თვითშეფასების, სექსუალური ფუნქციისა და ინტერესის დაქვეითების მიზეზი.
  • დაღლილობა. ნებისმიერი მიზეზით დაღლა ან ავადმყოფობის, ოპერაციის შემდგომი სისუსტე იწვევს ინტერესის დაქვეითებას.



ჰორმონული ცვლილებები

ჰორმონული ცვლილებები აისახება ინტერესზეც. ცვლილებებია:

  • მენოპაუზა. ესტროგენის დონეები ეცემა მენოპაუზის დროს. ეს იწვევს სექსის მიმართ ინტერესის დაქვეითებას და ვაგინალური ქსოვილების გამოშრობას, რაც იწვევს ტკივილს და დისკომფორტს.
  • ამავდროულად, ქალებში აღინიშნება ტესტოსტერონის შემცირებაც. ტესტოსტერონი ჰორმონია, რომელიც ინტერესს განსაზღვრავს როგორც ქალებში, ასევე კაცებშიც. ბევრი ქალი აგრძელებს ნორმალური სქესობრივი აქტივობით ცხოვრებას მენოპაუზის დროს, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ლიბიდოს დაქვეითება ჰორმონების გამო.
  • ორსულობა და ძუძუთი კვება. ჰორმონული ცვლილებები ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს ამცირებს სექსუალურ ინტერესს. ამ დროს ჰორმონების ცვლილება ერთადერთი ფაქტორი არ არის. დაღლილობა, თვითშეფასების შემცირება, ორსულობასთან დაკავშირებული შფოთვა და ნერვიულობა ასევე ხელშემწყობი ფაქტორებია.



ფსიქოლოგიური მიზეზები

არ არის აუცილებელი, პრობლემა მაინცდამაინც ფიზიკური ან ბიოლოგიური იყოს, რათა იგი ნამდვილად მივიჩნიოთ. არსებობს ლიბიდოს დაქვეითების ფსიქოლოგიური მიზეზებიც:

  • მენტალური პრობლემები– შფოთვა და დეპრესია
  • სტრესი– ფინანსური პრობლემები, სამსახურეობრივი პრობლემები
  • საკუთარი სხეულით უკმაყოფილება
  • თვითშეფასების დაქვეითება
  • ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის გამოცდილება
  • არასასიამოვნო სექსუალური გამოცდილება



პრობლემები ურთიერთობებში

ბევრი ქალისათვის, ემოციური სიახლოვე მნიშვნელოვანია სექსუალური ინტერესისათვის. პრობლემები ურთიერთობებში შესაძლოა მთავარი ფაქტორი იყოს ლიბიდოს დაქვეითებისათვის. ასეთი პრობლემებია:

  • ემოციური კავშირის ნაკლებობა პარტნიორთან
  • გადაუჭრელი კონფლიქტები
  • არასწორი კომუნიკაცია სექსუალური ინტერესისა და არჩევანის შესახებ
  • უნდობლობა

სიმპტომები

თუ სექსის სურვილი ქალს უფრო იშვიათად აქვს, ვიდრე მის პარტნიორს, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი პათოლოგიური მდგომარეობის მატარებელია. ზოგჯერ, ეს განსხვავებები იწვევს პრობლემებს ურთიერთობაში.

თუ სექსით დაინტერესება დაბალია, ვიდრე ადრე იყო, არც ეს ნიშნავს, რომ რაიმე პრობლემა გაქვთ. არ არსებობს კონკრეტული რიცხვი ან შეფასება იმისა, თუ რა არის ნორმალური ლიბიდო. ლიბიდო განსხვავდება თითოეულ ადამიანში.

დაქვეითებული სექსუალური ინტერესის (ქალებში) ნიშნები და სიმპტომებია:

  • პაციენტი არ ინტერესდება სექსუალური აქტივობით, მათ შორის მასტურბაციით
  • პაციენტს არ აქვს სექსუალური ფანტაზიები ან ფიქრები, ან მხოლოდ იშვიათად აქვს
  • პაციენტს აწუხებს ინტერესის დაქვეითება



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაწუხებთ ინტერესის დაქვეითება, მიმართეთ ექიმს. გამოსავალი შესაძლოა საკმაოდ მარტივიც იყოს, მაგალითად მედიკამენტის შეცვლა.