დემენცია

დაავადების აღწერა

დემენცია არ არის ცალკეული დაავადება. დემენცია სიმპტომთა ჯგუფია, რომელიც აზიანებს მეხსიერებას, ფიქრის უნარს, სოციალურ უნარებს, იმდენად მძიმედ, რომ ადამიანს უჭირს ყოველდღიურად ფუნქციონირება.

დემენცია მიანიშნებს თავის ტვინის მინიმუმ ორი ფუნქციის მოშლაზე მაინც. ესენია მეხსიერების უნარი, არასწორი აღქმა ან მეტყველება და ყოველდღიური რუტინული აქტივობების განხორციელების უუნარობა– როგორიცაა, გადასახადების გადახდა ან საჭესთან გზის გაკვლევა.

მეხსიერების დაქვეითება დემენციის დროს თანდათანობით ხდება, თუმცა მხოლოდ მეხსიერების კარგვა არ ნიშნავს დემენციას. გარკვეულად, ასაკის მატებასთან ერთად, რაღაც ინტენსივობით ნორმაშიც გამოიხატება მეხსიერების პრობლემები.

დემენციის სიმპტომებს მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ალცჰაიმერის დაავადება პროგრესიული დემენციის ყველაზე ხშირი მიზეზებია. ზოგიერთი მიზეზი შექცევადია.

გამომწვევი მიზეზი

დემენცია აზიანებს თავის ტვინის ნერვულ უჯრედებს, რამდენიმე ადგილას. დემენცია სხვადასხვა ადამიანს განსხვავებულად უვლინდება, ტვინის დაზიანებული არეს შესაბამისად.

დემენცია კლასიფიცირდება რამდენიმენაირად და ხშირად დაზიანებული ტვინის მიხედვით ან სიმპტომების პროგრესირების ტენდენციების მიხედვით ყოფენ ჯგუფებად.

ზოგიერთი ტიპი, მაგალითად მედიკამენტების ან ინფექციების გამოწვეული დემენცია, შექცევადია მკურნალობით.

პროგრესიული დემენციები

დემენციის შეუქცევადი და გართულებადი ფორმებია:

  • ალცჰაიმერის დემენცია. 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში, ალცჰაიმერი დემენციის ყველაზე ხშირი გამომწვევი დაავადებაა. ადამიანები სიმპტომებს 60 წელს ზემოთ ავლენენ, მაგრამ ზოგჯერ აღინიშნება ადრეული სიმპტომებიც, დეფექტური გენის გამო.
  • ალცჰაიმერის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადებულების თავის ტვინში ნაპოვნია ფოლაქები და გროვები.ფოლაქები შეიცავენ ცილა ბეტა–ამილოიდს, ხოლო გროვები შეიცავენ ტაუ პროტეინს.
  • გარკვეული გენეტიკური ფაქტორები ასევე თამაშობს როლს დაავადების განვითარებაში.
  • ალცჰაიმერის დაავადება ძირითადად ნელა პროგრესირებს, 8–10 წლის განმავლობაში. კოგნიტიური უნარები თანდათანობით ქვეითდება. დროთა განმავლობაში, ტვინის დაზიანებული ნაწილები ვეღარ ფუნქციონირებენ და ვლინდება მეხსიერების, მეტყველების, აღქმისა და სივრცული გაგნების უნარების შემცირება.
  • სისხლძარღვოვანი დემენცია. ვასკულარული (სისხლძარღვოვანი) დაზიანება დემენციის გამომწვევი მეორე მიზეზია. დაზიანება ვითარდება თავის ტვინში შემცირებული ან შეწყვეტილი სისხლის მიწოდების გამო.
  • სისხლძარღვების პრობლემები შესაძლოა გამოწვეული იყოს ინსულტით, გულის სარქვლის ინფექციით (ენდოკარდიტი) ან სხვა მდგომარეობებით.
  • სიმპტომები ძირითადად უცაბედად იწყება და იმ ადამიანებში ხდება, რომელთაც მაღალი არტერიული წნევა აქვთ ან გადაიტანეს ინსულტი ან ინფარქტი.
  • არსებობს ვასკულარული დემენციის სხვადასხვა ტიპები, სხვადასხვა მიზეზებითა და სიმპტომებით. ალცჰაიმერის დაავადება და სხვა დაავადებები შესაძლოა ერთდროულად იწვევდნენ დემენციას, ვასკულარული დემენციის პარალელურად.
  • ლევის სხეულების დემენცია. ამ ტიპის დემენცია დაავადებულთა 10%–ში გვხვდება, ანუ საკმაოდ ხშირია. ლევის სხეულების დემენციის რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.
  • ლევის სხეულები ცილების პათოლოგიური გროვებია, რომლებიც აღმოაჩინეს დემენციით დაავადებულთა ტვინებში, ალცჰაიმერის დროსა და პარკინსონის დაავადების შემთხვევაში.
  • ლევის სხეულის დემენციის სიმპტომები გავს ალცჰაიმერის სიმპტომებს. უნიკალური ნიშნებია: სიმპტომების ცვლილება დაბნეულობასა და ჩვეულებრივ, ნორმალურ აზროვნებას შორის, მხედველობითი ჰალუცინაციები, ტრემორი და რიგიდულობა (პარკინსონიზმი).
  • ლევის სხეულის დემენციით დაავადებულებს ხშირად აქვთ ძილის აშლილობაც, რომლის დროსაც ისინი სიზმრების შესაბამის მოძრაობებს ასრულებენ ძილში.
  • ფრონტო–ტემპორალური (თავის ტვინის შუბლისა და საფეთქლის წილების) დემენცია. დემენციის ეს ტიპი უფრო ადრეულ ასაკში გვხვდება, 50–70 წლის პაციენტებში.
  • ამ ჯგუფის დაავადებებს ახასიათებს ნერვული უჯრედების დეგენერაცია შუბლისა და საფეთქლის წილებში. ეს წილები ასოცირებულია პიროვნულობასთან, ქცევასთან და მეტყველებასთან.
  • ფრონტო–ტემპორალური დემენციის ნიშნები და სიმპტომებია შეუსაბამო ქცევა, მეტყველების პრობლემები, ფიქრისა და კონცენტრაციის პრობლემები და მოძრაობითი დარღვევები.
  • როგორც დემენციის სხვა ტიპებში, მიზეზი აქაც უცნობია, თუმცა ზოგჯერ აკავშირებენ გარკვეული გენების მუტაციებს.



სხვა დაავადებები

  • ჰანტინგტონის დაავადება. ეს მემკვიდრეობითი დაავადება იწვევს თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ნეირონების დეგენერაციას.
  • ნიშნები და სიმპტომები ძირითადად 30–40 წლის ასაკში ვლინდება. შესაძლოა გამოიხატოს პიროვნული ცვლილებებიც, როგორიცაა გაღიზიანებადობა ან შფოთვა.
  • მდგომარეობას ახასიათებს სწრაფი გაუარესება კოგნიტიური თვისებების კუთხით. ჰანტინგტონის დაავადება დროთა განმავლობაში იწვევს სისუსტეს, მოძრაობის შეზღუდვებს.
  • ტრავმული დაზიანება. ტვინის ტრავმა, როგორიცაა განმეორებითი დარტყმა ბოქსის თამაშის ან ჩხუბის დროს, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
  • დაზიანებული ადგილის მიხედვით, გამოიხატება დემენციის ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა კოორდინაციის რღვევა, მეტყველების უნარის დაქვეითება, ასევე ნელი მოძრაობები, ტრემორი და რიგიდულობა (პარკინსონიზმი). სიმპტომები ტრავმის მიღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება განვითარდეს.
  • თუ ადამიანს ერთი ძლიერი ტრავმა აქვს გადატანილი, შესაძლოა განვითარდეს მსგავსი მდგომარეობა– პოსტტრავმული დემენცია, რომელიც იწვევს გრძელვადიანი მეხსიერების პრობლემებს.
  • კრეიცფელდტ–იაკობის დაავადება. ეს იშვიათი დაავადება ძირითადად ჯანმრთელ ადამიანებშიც გვხვდება. ინფექციას იწვევს პათოლოგიური ცილა. კრეიცფელდტ–იაკობის დაავადება ზოგჯერ მემკვიდრეობითია ან გამოწვეულია გარდაცვლილის ტვინთან ან ნერვულ ქსოვილთან კონტაქტით.
  • ამ ფატალური მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომები დაახლოებით 60 წლის ასაკში ჩნდება და შესაძლოა იყოს კოორდინაციის რღვევა, მეხსიერების დაკარგვა, კოგნიტიური პრობლემები, მხედველობის დაქვეითება. სიმპტომები უარესდება და იწვევს პარალიზებას, მეტყველების უნარის დაკარგვას, სიბრმავესა და ინფექციებს.
  • პარკინსონის დაავადება. პარკინსონით დაავადებულ მრავალ პაციენტს ასევე უვითარდება დემენციის სიმპტომები (პარკინსონის დაავადების დემენცია).



დემენციის მსგავსი სიმპტომები, შექცევადი

დემენციის ზოგიერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა შექცევადი იყოს. ექიმმა უნდა აღმოაჩინოს და უმკურნალოს ამ მიზეზებს:

  • ინფექციები და იმუნური დაავადებები. დემენციის მსგავსი სიმპტომები ზოგჯერ სიცხის ან ორგანიზმის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობის გამო ვითარდება.
  • მსგავსი სიმპტომები ახასიათებს ტვინის ინფექციებს– მენინგიტსა და ენცეფალიტს, მკურნალობის გარეშე სიფილისს, ლაიმის დაავადებას ან სხვა მდგომარეობებს, რომლებიც იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითებას იწვევენ (ლეიკემია).
  • გაფანტული სკლეროზი, რომელიც ორგანიზმის იმუნური პასუხის გამო ვითარდება, ასევე შესაძლოა გახდეს დემენციის მიზეზი, ნეირონების განადგურების გამო.
  • მეტაბოლური და ენდოკრინული პრობლემები. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ჰიპოგლიკემია, ნატრიუმის და კალციუმის შემცირება ან მომატება სისხლში, ვიტამინ B–12 ის შეწოვის დაქვეითება შესაძლოა გახდეს დემენციის მსგავსი სიმპტომების მიზეზი.
  • კვებითი დეფიციტი. დემენციის მსგავსი სიმპტომები გაუწყლოებას, თიამინის არასაკმარის მიღებას (ქრონიკულ ალკოჰოლიზმში) ახლავს თან. ასევე მნიშვნელოვანია B–6 და B–12 ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობა კვებით რაციონში.
  • რეაქციები მედიკამენტებზე. დემენციის მსგავი სიმპტომები შესაძლოა ერთი მედიკამენტის გამოწვეული იყოს, ან პრეპარატების კომბინაციით მივიღოთ.
  • სუბდურალური ჰემატომა. სუბდურალური ჰემატომა გამოწვეულია ტვინსა და მის შემომსაზღვრავ შრეს შორის სისხლდენით. სიმპტომები შესაძლოა გავდეს დემენციას.
  • მოწამვლა. დემენციის მსგავსი სიმპტომები მძიმე მეტალებით, მაგ. ტყვიით და სხვა ნივთიერებებით, მაგ. პესტიციდებით მოწამვლის შედეგად შეიძლება მივიღოთ.
  • დემენციის მსგავსი სიმპტომები ნარკომანებსა და ალკოჰოლიკებშიც გვხვდება. სიმპტომები მკურნალობის შედეგად შესაძლებელია გამოსწორდეს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომები შეუქცევადია.
  • თავის ტვინის სიმსივნეები. დემენცია იშვიათად ამ მიზეზითაა გამოწვეული.
  • ანოქსია. ანოქსია (ჰიპოქსია) ვითარდება, როცა ქსოვილი ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს. ანოქსია შესაძლოა შეგვხვდეს მძიმე ასთმის, ინფარქტის, ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის ან სხვა მიზეზების გამო.
  • თუ გაქვთ ჟანგბადის ნაკლებობა, გამოკეთების პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია. სიმპტომები, როგორიცაა მეხსიერების დაქვეითება და დაბნეულობა, შესაძლოა დარჩეს მკურნალობის შემდეგაც.
  • ნორმალური წნევით მიმდინარე ჰიდროცეფალია. ზოგჯერ ვითარდება მდგომარეობა, რომლის დროსაც დიდდება ტვინის პარკუჭები. ამ დროს ვითარდება სიარულის გაძნელება, საშარდე სისტემის პრობლემები და მეხსიერების დაქვეითება.
  • შუნტირების ოპერაცია, რომელიც თავზურგ–ტვინის სითხეს გადაიტანს მუცლის ღრუში ან გულში, შესაძლოა დაეხმაროს ამ მდგომარეობას.

სიმპტომები

დემენციის სიმპტომები გამომწვევ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ხშირია:

  • კოგნიტიური ცვლილებები
  • მეხსიერების დაქვეითება
  • კომუნიკაციის, სიტყვების პოვნის უუნარობა
  • რთული დავალებების შესრულების უუნარობა
  • ორგანიზების, გეგმის შედგენის უუნარობა
  • კოორდინაციისა და მოტორული ფუნქციების მოშლა
  • დეზორიენტაცია, მაგ. დაკარგვა


 
ფსიქოლოგიური ცვლილებები

  • პიროვნული ცვლილებები
  • უმიზეზო ქცევა
  • შეუსაბამო ქცევა
  • პარანოია
  • აჟიტირება
  • ჰალუცინაციები



როდის მივმართოთ ექიმს

  • მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს ოჯახის წევრს აქვს მეხსიერების და დემენციისათვის დამახასიათებელი სხვა პრობლემები. ზოგიერთ მიზეზს მკურნალობა გარკვეულწილად შველის, ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტი მიზეზის დადგენა.
  • ალცჰაიმერის დაავადება და დემენციის ზოგიერთი სხვა ტიპი უარესდება დროთა განმავლობაში. ადრეული დიაგნოზი გვაძლევს დროს, რათა დავგეგმოთ მომავალი სანამ პაციენტი ჯერ კიდევ იღებს გადაწყვეტილებებს.