დეპრესია
დაავადების აღწერა
დეპრესია არ არის სისუსტე, მისგან თავის არიდება არც ისე იოლია. დეპრესია საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, თუმცა პაციენტთა უმეტესობა უკეთ გრძნობს თავს მედიკამენტის, ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა და სხვა მკურნალობის მეთოდების დახმარებით.
გამომწვევი მიზეზი
ზუსტად არ არის ცნობილი, რა იწვევს დეპრესიას. როგორც სხვა მენტალური აშლილობების დროს, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:
- ბიოლოგიური განსხვავებები. დეპრესიულ ადამიანებს ფიზიკური ცვლილებები აქვთ თავის ტვინში. ამ ცვლილებების ზუსტი მიზეზები უცნობია.
- თავის ტვინის ქიმიური აქტივობა. ნეიროტრანსმიტერები ტვინის ბუნებრივი ინფორმაციული მოლეკულებია, რომელთაც აქვთ გარკვეული როლი დეპრესიაში. როცა ეს ნივთიერებები დისბალანსშია, გამოიხატება დეპრესიის სიმპტომები.
- ჰორმონები. ორგანიზმში მოცირკულირე ჰორმონების დონეების ცვლილება იწვევს ან ამძაფრებს დეპრესიას. ცვლილებების მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, მენოპაუზა და სხვა მდგომარეობა შეიძლება იყოს.
- მემკვიდრეობითი ნიშნები. დეპრესია უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომელთა სისხლით ნათესავსაც ჰქონია მსგავსი აშლილობა. დასადგენია, რომელი გენებია პასუხისმგებელი.
- ცხოვრებისეული ფაქტორები და მოვლენები. ტრავმული მოვლენები, როგორიცაა საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, ფინანსური პრობლემა, სტრესი ან ბავშვობისდროინდელი ტრავმა ასევე იწვევს დეპრესიას ზოგიერთ ადამიანში.
სიმპტომები
მიუხედავად იმისა, რომ დეპრესია ცხოვრებაში ძირითადად ერთხელ ხდება, მრავალ პაციენტს რამდენიმე ეპიზოდი აქვს. ეპიზოდების დროს, სიმპტომები დღის უმეტეს ნაწილში ვლინდება, თითქმის ყოველდღე. ეს სიმპტომებია:
- სევდიანობა, უიმედობა, სიცარიელე
- ბრაზის შეტევები, გაღიზიანებადობა, ფრუსტრაცია, პატარა პრობლემებზეც კი
- ინტერესისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა
- ძილის დარღვევები, ინსომნია ან ჭარბი ძილიანობა
- დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, მცირე დატვირთვაზეც კი
- მადის ცვლილება–ხშირად უმადობა და წონაში კლება, მაგრამ ზოგჯერ მადის მომატება და წონაში მატება
- შფოთვა, აჟიტირება, მოუსვენრობა, მაგ.: ჭარბი ნერვიულობა, მოძრაობები, წყნარად გაჩერების უუნარობა
- შენელებული ფიქრი, მეტყველება ან მოძრაობა
- უიმედობის ან დანაშაულის შეგრძნება, საკუთარი თავის დადანაშაულება იმაში, რაც თქვენი ბრალი არ არის
- ფიქრის, კონცენტრირების, გადაწყვეტილებების მიღების, მეხსიერების უნარის დაქვეითება
- ხშირი ფიქრი სიკვდილზე, თვითმკვლელობაზე
- აუხსნელი ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა წელის ტკივილი ან თავის ტკივილი
- ზოგიერთ პაციენტში, დეპრესიის სიმპტომები ძლიერადაა გამოხატული. ზოგში კი დეპრესიის გამოვლენა მცირეა.
დეპრესიის ტიპები
დეპრესია სხვადასხვაგვარად ვლინდება პაციენტებში. უკეთესი კლასიფიცირებისათვის, საჭიროა დამატებითი სიმპტომების გამოყენება. ეს სიმპტომები კონკრეტულ ტიპებად ყოფს ზოგადი დეპრესიის დიაგნოზს:
- შფოთვითი დისტრესი– უჩვეულო მოუსვენრობა, ნერვიულობა, კონტროლის დაკარგვა
- შერეული სიმპტომები– ერთდროული დეპრესია და მანია, ამაღლებული თვითშეფასება, ჭარბი ლაპარაკი, სწრაფი ფიქრები და იდეები
- მელანქოლიური დეპრესია– მძიმე დეპრესია რეაქციის ნაკლებობითა და სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითებით. ახლავს დილით ადრე გაღვიძება, ხასიათის გაუარესება საღამოს, მადის ცვლილებები, დანაშაულის, აჟიტირების შეგრძნება.
- ატიპიური სიმპტომები– დადებითი მოვლენების გამო განწყობის ამაღლება, მადის მომატება, ძილის ნაკლები მოთხოვნილება, მგრძნობელობა უარყოფაზე და გარიყვაზე, სიმძიმის შეგრძნება ფეხებში ან ხელებში
- ფსიქოზური სიმპტომები– დეპრესიას თან ახლავს აჩემებული იდეები და ჰალუცინაციები, თვითშეფასების შემცირება და უარყოფითი ფიქრები
- კატატონია– მოძრაობითი აქტივობა, უკონტროლო, იმპულსური, უმიზნო მოძრაობა ან ერთი დაჭერილი პოზა
- პერიპარტუმ დეპრესია– ხდება ორსულობის დროს ან მშობიარობიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ
- სეზონური ცვლილებები– დეპრესიის სიმპტომები იცვლება სეზონებთან ერთად, მძიმდება მზის სინათლის შემცირებისას
დეპრესიის სიმპტომები ბავშვებსა და მოზარდებში
- ბავშვებისა და მოზარდების სიმპტომები გავს მოზრდილთა სიმპტომებს, მაგრამ შესაძლოა ვიპოვოთ განსხვავებებიც.
- პატარა ბავშვებში, დეპრესიის სიმპტომები შესაძლოა იყოს: სევდიანობა, მოუხერხებლობა, ნერვიულობა, ტკივილი და მტკივნეულობა, სკოლის გაცდენის სურვილი, წონაში კლება.
- მოზარდებში, სიმპტომებია: სევდიანობა, გაღიზიანებადობა, უარყოფითი ფიქრები საკუთარ თავზე, ბრაზი, ცუდი აკადემიური მოსწრება სკოლაში, შეგრძნება, რომ მისი არ ესმით, მგრძნობელობის მომატება, ნარკოტიკების ან ალკოჰოლის გამოყენება, მადის მომატება, ჭარბი ძილი, თვითდაზიანება, ინტერესის დაკარგვა, სოციალური გარიყვა.
- დეპრესია შესაძლოა სხვა მენტალური აშლილობის თანმხლები იყოს, როგორიცაა შფოთვა, კვებითი აშლილობა, ნარკომანია ან ყურადღების დეფიციტის სინდრომი.
დეპრესიის სიმპტომები მოზრდილებში
- დეპრესია ასაკის მატების ნორმალური თანმხლები მოვლენა არ არის და მარტივ სიმპტომად არ უნდა ჩავთვალოთ. სამწუხაროდ, დეპრესიის დიაგნოზი ხშირად არ ისმება მოზრდილებში, რადგან ისინი დახმარების მიღებაზე და დიაგნოსტირებაზე უარს ამბობენ. დეპრესიის სიმპტომები განსხვავებული ან ნაკლებად გამოხატულია მოზრდილებში. ესენია:
- მეხსიერების პრობლემები ან პიროვნული ცვლილებები
- დაღლილობა, უმადობა, ძილის დარღვევა, ტკივილი, სექსის ინტერესის დაკარგვა, რომელსაც არ იწვევს მედიკამენტი ან სხვა მდგომარეობა
- ხშირად სახლში დარჩენა, სოციალურ ღონისძიებებზე დასწრების მაგივრად
- თვითმკვლელობაზე ფიქრი, განსაკუთრებით მოზრდილ კაცებში
როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ დეპრესიის ნიშნები, დაგეგმეთ ვიზიტი რაც შეიძლება მალე. დეპრესია მძიმდება მკურნალობის გარეშე და იწვევს სხვა მენტალური თუ ფიზიკურ პრობლემებს. დეპრესიული ფიქრები თვითმკვლელობის გაზრდილ რისკთანაცაა დაკავშირებული.
თუ არ გსურთ დახმარების მიღება, ესაუბრეთ ახლობელ ადამიანს, მოძღვარს ან ვინმეს, ვისაც ენდობით.
თუ ფიქრობთ თვითმკვლელობაზე
თუ თქვენ ან თქვენს ირგვლივ მყოფს აწუხებს ფიქრები თვითმკვლელობაზე, მოითხოვეთ დახმარება მაშინვე. თქვენ შეგიძლიათ:
- დარეკოთ მეგობართან ან ახლობელთან
- ესაუბროთ რელიგიის წარმომადგენელს
- დარეკოთ თვითმკვლელობის პრევენციის ცხელ ხაზებზე
- დაგეგმოთ ვიზიტი ექიმთან, ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან
მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება
- თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება თავს რაიმე ავნოთ ან ჩაიდინოთ თვითმკვლელობა, დარეკეთ 112–ზე დაუყოვნებლივ.
- თუ თქვენს გარშემო მყოფი ან თქვენი მეგობარი აპირებს თვითმკვლელობას ან მანამდე უცდია ეს, აუცილებლად დარჩით მასთან. დარეკეთ 112–ზე და დაელოდეთ დახმარებას, ან, თუ ამის გაკეთება უსაფრთხოდ შესაძლებელია, წაიყვანეთ ეს ადამიანი უახლოეს საავადმყოფოში.