დიაბეტური ჰიპოგლიკემია

დაავადების აღწერა

დიაბეტით დაავადებულებში, ჰიპოგლიკემია (შაქრის დაბალი დონე) ხშირად ინსულინის დოზის გადაჭარბებისა და არასაკმარისი შაქრის მიღების გამო ვითარდება. ჰიპოგლიკემია ნიშნავს სისხლში 70 მგ/დლ ნაკლები გლუკოზის არსებობას.

დიაბეტის დროს ჰიპოგლიკემიის განვითარებაზე რამდენიმე ფაქტორია პასუხისმგებელი, როგორიცაა ინსულინის ან სხვა მედიკამენტის დოზის გადაჭარბება, არასაკმარისი საკვების მიღება ან ჩვეულზე მეტად ვარჯიში.

დააკვირდით ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს, რათა ჰიპოგლიკემია თავიდან აირიდოთ. ჰიპოგლიკემიის დროს საჭიროა გლუკოზის აბების ან სხვა დანამატების მიღება, რათა შაქარი ნორმალურ მაჩვენებელზე აიყვანოთ.

მკურნალობის გარეშე, დიაბეტური ჰიპოგლიკემია იწვევს გულყრასა და ცნობიერების დაკარგვას. იშვიათად, ჰიპოგლიკემია ფატალურად მთავრდება. უთხარით მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რა გააკეთონ, თუ თქვენ მდგომარეობის კონტროლი ვერ შეგეძლებათ.

გამომწვევი მიზეზი

ჰიპოგლიკემია ყველაზე ხშირად ინსულინის მომხმარებლებს ემართებათ, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს სხვა დიაბეტურ მედიკამენტებზეც.

დიაბეტური ჰიპოგლიკემიის ხშირი მიზეზებია:

  • ინსულინის ან სხვა მედიკამენტის დოზის გადაჭარბება
  • არასაკმარისი საკვების მიღება
  • კვების გადადება, გამოტოვება
  • ვარჯიშის გაძლიერება საკვების მომატების ან მედიკამენტის დოზის ცვლილების გარეშე
  • ალკოჰოლის მიღება
  • შაქრის რეგულაცია სისხლში



ჰორმონი ინსულინი ამცირებს გლუკოზის დონეს, როცა იგი მომატებულია. თუ გაქვთ პირველი ან მეორე ტიპის დიაბეტი და იყენებთ ინსულინს სამკურნალოდ, მისი დოზის გადაჭარბებით მკვეთრად მცირდება გლუკოზის დონე– ვითარდება ჰიპოგლიკემია.

ჰიპოგლიკემია მედიკამენტის ან ინსულინის მიღების შემდეგ არასაკმარისი საკვების მიღების ან ზედმეტი ვარჯიშის გამოც ვითარდება. ექიმი აგიხსნით, როგორ აიცილოთ თავიდან ეს დისბალანსი და შეუსაბამოთ დოზები ვარჯიშისა და კვების ტენდენციებს.

სიმპტომები

ადრეული ნიშნები და სიმპტომებია:

  • კანკალი
  • თავბრუსხვევა
  • ოფლიანობა
  • შიმშილის გრძნობა
  • გაღიზიანებადობა, უხასიათობა
  • შფოთვა, ნერვიულობა
  • თავის ტკივილი



ღამის სიმპტომები

  • დიაბეტური ჰიპოგლიკემია ძილის დროსაც შეიძლება განვითარდეს. ნიშნები და სიმპტომები ხშირად ადამიანს აღვიძებს:
  • ოფლიანობის გამო თეთრეულის დასველება
  • კოშმარები
  • დაღლილობა, გაღიზიანება ან დაბნეულობა გაღვიძების დროს



მძიმე სიმპტომები

თუ დიაბეტური ჰიპოგლიკემია მკურნალობის გარეშე გართულდა, ყალიბდება შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • მოუქნელობა, უხეში მოძრაობები
  • კუნთების სისუსტე
  • მეტყველების გაძნელება ან შენელება
  • დაბინდული, გაორებული ხედვა
  • მოთენთვა
  • დაბნეულობა
  • გულყრა, შეტევები
  • ცნობიერების დაკარგვა
  • სიკვდილი



სიფრთხილით მოეკიდეთ სიმპტომებს. დიაბეტური ჰიპოგლიკემია მძიმე გართულებების რისკის წინაშე გაყენებთ. გამომწვევი ფაქტორების აღმოჩენისა და პრევენციის გზით შესაძლოა ამ გართულებების თავიდან აცილება.

თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები ან თანამშრომლები უნდა იყვნენ ინფორმირებული ჰიპოგლიკემიის შესახებ. მათ უნდა იცოდნენ, რა სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს და რა უნდა გააკეთონ ასეთ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტილებას ვერ იღებთ. მნიშვნელოვანია ოჯახში იცოდნენ გლუკაგონის ინექციის შესახებაც, თუ ეს დაგჭირდათ.

სიმპტომები მრავალფეროვანია და განსხვავდება როგორც პაციენტებს შორის, ასევე თითოეულ ადამიანში. მნიშვნელოვანია შაქრის დონის ხშირი მონიტორინგი და დაკვირვება. ზოგიერთ პაციენტს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები საერთოდ არ უვლინდება. ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ ექიმი გლუკოზის სამიზნე ზედა ზღვარს ზრდის.

როდის მივმართოთ ექიმს

ჰიპოგლიკემია შესაძლოა გართულდეს ცნობიერების დაბინდვით ან უგონო მდგომარეობით, რასაც სასწრაფო ჩარევა ესაჭიროება. უთხარით ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს რა მოიმოქმედონ.

თუ დაკარგეთ გონება და ვერ ყლაპავთ:

  • არ უნდა მოგცენ სითხე ან საკვები, შესაძლოა გამოიწვიოს დახრჩობა
  • გჭირდებათ გლუკაგონის ინექცია– ჰორმონი, რომელიც შაქრის გამოყოფას იწვევს სისხლში
  • საჭიროა სასწრაფო დახმარება თუ გლუკაგონის ინექცია თან არ გაქვთ
  • თუ გქონდათ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები კვირაში რამდენჯერმე, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა შეგიცვალონ მედიკამენტები ან დოზები ან სხვამხრივ შეცვალონ დიაბეტის მკურნალობის გეგმა.