დიაბეტური კომა

დაავადების აღწერა

დიაბეტური კომა დიაბეტის სიცოცხლისათვის საშიში გართულებაა, რომელიც ცნობიერების დაკარგვას იწვევს. თუ გაქვთ დიაბეტი, სისხლში შაქრის მკვეთრად ჭარბი ან შემცირებული კონცენტრაცია შესაძლოა გახდეს კომის მიზეზი.

დიაბეტური კომის დროს ადამიანი ცოცხალია, მაგრამ არ პასუხობს გამღიზიანებლებზე, როგორიცაა სინათლე, ხმა ან სტიმულის სხვა ფორმა. მკურნალობის გარეშე, დიაბეტური კომა ფატალურია.

დიაბეტური კომა საშიში მდგომარეობაა, მაგრამ, საბედნიეროდ, შესაძლებელია მისი პრევენცია. აუცილებლად უნდა დაემორჩილოთ დიაბეტის მკურნალობის გეგმას.

გამომწვევი მიზეზი

სისხლში შაქრის დონის ცვლილების ხანგრძლივი ეპიზოდი იწვევს სხვადასხვა მდგომარეობას, რაც გადადის დიაბეტურ კომაში.

დიაბეტური კეტოაციდოზი. თუ კუნთებს ენერგია მოაკლდათ, სხეული იწყებს ცხიმების დაშლას. ამ პროცესს მოყვება ტოქსიური მჟავების– კეტონების გამოთავისუფლება. მკურნალობის გარეშე, დიაბეტური კეტოაციდოზი გართულდება დიაბეტური კომით.

დიაბეტური კეტოაციდოზი ყველაზე ხშირია პირველი ტიპის დიაბეტის დროს, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს მეორე ტიპის ან გესტაციური დიაბეტის დროსაც.

დიაბეტური ჰიპეროსმოლარული სინდრომი. თუ სისხლში გლუკოზის დონე 600 მილიგრამი/დეცილიტრზე მეტია, ამ მდგომარეობას დიაბეტური ჰიპეროსმოლარული სინდრომი ეწოდება.

თუ შაქრის დონე ასეთი მაღალია, სისხლი სქელი და სიროფისმაგვარი ხდება. ზედმეტი შაქარი სისხლიდან შარდში გადის, რაც იწვევს ფილტრაციის პროცესის გაძლიერებასა და დიდი მოცულობით სითხის გამოტანას ორგანიზმიდან.

მკურნალობს გარეშე, დიაბეტური ჰიპეროსმოლარული სინდრომი სიცოცხლისათვის საშიშ გაუწყლოებასა და დიაბეტურ კომას იწვევს. სინდრომი ხშირია საშუალო ასაკის და მეტის მოზრდილებში, რომელთაც მეორე ტიპის დიაბეტი აქვთ.

ჰიპოგლიკემია. ტვინს სჭირდება გლუკოზა ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად. გლუკოზის დონის შემცირების დროს შესაძლოა გონება დაკარგოთ. ჰიპოგლიკემიას იწვევს ინსულინის ზედმეტი დოზა ან არასაკმარისი საკვები. ჭარბი ვარჯიში ან ალკოჰოლი ასევე შესაძლო მიზეზებია.

ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ხანგრძლივი დიაბეტის დროს, შესაძლოა გამოგრჩეთ ადრეული ნიშნები, როგორიცაა შიმშილის გრძნობა, კანკალი და ოფლიანობა. სიმპტომები ზოგჯერ მხოლოდ მძიმე შემთხვევებში ვლინდება. ამ მდგომარეობას ჰიპოგლიკემიის აღქმის დაქვეითება ეწოდება.

სიმპტომები

კომის განვითარებამდე, პაციენტები გრძნობენ სისხლში შაქრის დონის შემცირების ან მომატების სიმპტომებს.

ჰიპერგლიკემია (ჭარბი შაქარი)

თუ სისხლში შაქრის დონე მაღალია, ვითარდება სიმპტომები:

  • წყურვილის გაძლიერება
  • ხშირი შარდვა
  • დაღლილობა
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • სუნთქვის უკმარისობა
  • მუცლის ტკივილი
  • მოტკბო სუნი პირის ღრუში
  • გამომშრალი პირის ღრუ
  • აჩქარებული გულისცემა
  • ჰიპოგლიკემია (შაქრის დონის შემცირება)



ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • მოუსვენრობა, გაღიზიანება
  • შფოთვა
  • დაღლილობა
  • სისუსტე
  • ოფლიანობა
  • შიმშილის გრძნობა
  • გულისრევა
  • თავბრუსხვევა
  • მეტყველების გაძნელება
  • დაბნეულობა



ზოგიერთი პაციენტი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც დიაბეტი დიდი ხანია რაც აქვს, ვერ ხვდება, რომ ჰიპოგლიკემია აქვს, რადგან არ უვითარდება შესაბამისი სიმპტომები.

თუ გაქვთ ჰიპო ან ჰიპერგლიკემიის მსგავსი სიმპტომები, შეიმოწმეთ შაქრის დონე სისხლში და მიყევით დიაბეტის მკურნალობის გეგმას შედეგების მიხედვით. თუ არ გამოკეთდებით ან სიმპტომები გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.

როდის მივმართოთ ექიმს

დიაბეტური კომა გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა. თუ გაქვთ შაქრის მკვეთრად მაღალი ან დაბალი დონე სისხლში ან გონების დაკარგვის შეგრძნება, დარეკეთ 112–ზე. თუ თქვენს გვერდით მყოფს დიაბეტი აქვს და გონება დაკარგა, ასევე მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება და აუცილებლად უთხარით სამედიცინო პერსონალს დიაბეტის არსებობის შესახებ.