დიაბეტური ნეიროპათია

დაავადების აღწერა

დიაბეტური ნეიროპათია ნერვების დაზიანების მდგომარეობაა, რომელსაც დიაბეტი იწვევს. შაქრის მაღალი დონე აზიანებს ნერვულ ბოჭკოებს მთელ სხეულში, მაგრამ განსაკუთრებით წვივებსა და ტერფებში.

დაზიანებული ნერვების მიხედვით, დიაბეტური ნეიროპათია შესაძლოა გამოიხატოს ტკივილითა და დაბუჟებით კიდურებში ან საჭმლის მომნელებელი, საშარდე, გულ–სისხლძარღვთა სისტემის სიმპტომებით. ზოგიერთ პაციენტში, სიმპტომები მსუბუქია. სხვებში, დიაბეტური ნეიროპათია მტკივნეული, შემაწუხებელი და ზოგჯერ ფატალურიცაა.

დიაბეტური ნეიროპათია დიაბეტის ხშირი და მძიმე გართულებაა. მისი პრევენცია ან შენელება შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის ფრთხილი კონრტოლითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით.

გამომწვევი მიზეზი

ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანება

  • სისხლში მაღალი შაქრის დონის გამო ზიანდება დელიკატური ნერვული ბოჭკოები, რაც იწვევს დიაბეტურ ნეიროპათიას. ზუსტად რატომ ხდება ასე, უცნობია, თუმცა სავარაუდოა ფაქტორთა კომბინაცია, მათ შორის ნერვებსა და სისხლძარღვებს შორის არსებული ურთიერთკავშირი.
  • შაქრის მაღალი დონე ხელს უშლის ნერვებში სიგნალების გადაცემის პროცესს. ასევე შესუსტებულია მცირე ზომის სისხლძარღვების კედლები. ეს სისხლძარღვები (კაპილარები) ნერვებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებენ.



სხვა ფაქტორები

სხვა ფაქტორებია:

  • ნერვების ანთება აუტოიმუნური მექანიზმით. ამ დროს იმუნური სისტემა “შეცდომით” ებრძვის ორგანიზმის საკუთარ ქსოვილს, უცხო მიკროორგანიზმის მაგივრად.
  • გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც არ უკავშირდება დიაბეტს, მაგრამ ხდის ადამიანს უფრო მგრძნობიარეს ნერვული დაზიანების მიმართ.
  • თამბაქოს მოხმარება და ალკოჰოლი. ორივე ნივთიერება აზიანებს ნერვებსა და სისხლძარღვებს, იზრდება ინფიცირების რისკიც.

სიმპტომები

არსებობს დიაბეტური ნეიროპათიის ოთხი მთავარი ტიპი. შესაძლოა გქონდეთ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ტიპისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომები უმეტესად თანდათანობით ვითარდება და მხოლოდ მნიშვნელოვანი დაზიანების შემდეგ ვლინდება.

ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება ნეიროპათიის ტიპისა და დაზიანებული ნერვების მიხედვით.

პერიფერიული ნეიროპათია

პერიფერიული ნეიროპათია ყველაზე ხშირი ფორმაა დიაბეტის დროს. ტერფები და წვივები პირველად ზიანდება, რასაც მოყვება ხელებისა და მკლავების დაზიანებაც. ნიშნები და სიმპტომები ხშირად უარესია ღამით:

  • შემცირებული მგრძნობელობა, ტკივილის ან ტემპერატურის შეგრძნების უნარის დაქვეითება
  • წვის ან დაბუჟების შეგრძნება
  • ბასრი ტკივილი ან კრუნჩხვითი შეგრძნება
  • მომატებული მგრძნობელობა შეხებაზე– ზოგჯერ საბნის დაფარების დროსაც კი
  • კუნთების სისუსტე
  • რეფლექსების დაქვეითება, განსაკუთრებით კოჭში
  • ბალანსისა და კოორდინაციის დაქვეითება
  • ტერფის მძიმე პრობლემები, როგორიცაა წყლული, დეფორმაცია, ძვლისა და სახსრის ტკივილი



აუტონომიური ნეიროპათია

აუტონომიური ნერვული სისტემა აკონტროლებს გულს, შარდის ბუშტს, ფილტვებს, კუჭს, ნაწლავებს, რეპროდუქციულ ორგანოებსა და თვალებს, დიაბეტი აზიანებს ნერვებს ამ ორგანოებში, რაც ვლინდება სიმპტომებით:

  • ჰიპოგლიკემიის აღქმის უნარის დაქვეითება
  • შარდის ბუშტის პრობლემები, როგორიცაა ინფექციები, არდი
  • ყაბზობა, დიარეა, მათი კომბინაცია
  • კუჭის გვიანი დაცლა, გულისრევა,ღებინება, უმადობა
  • ყლაპვის გაძნელება
  • ერექციული დისფუნქცია კაცებში
  • ვაგინალური გამორობა და სხვა გართულებები ქალებში
  • მომატებული ან შემცირებული ოფლიანობა
  • სისხლის წნევისა და პულსის რეგულაციის უუნარობა, რაც იწვევს წნევის სწრაფ ცვლილებებს პოზიციის შეცვლის დროს (გულის წასვლა ადგომისას)
  • სხეულის ტემპერატურის რეგულაციის პრობლემები
  • თვალის რეფლექსების დაქვეითება სიბნელიდან სინათლეზე გასვლისას
  • აჩქარებული გულისცემა მოსვენებით მდგომარეობაში
  • დიაბეტური ამიოტროფია



რადიკულოპლექსუსის ნეიროპათია აზიანებს ნერვებს თეძოებში, ბარძაყებში, დუნდულებსა და ფეხებში. ამ მდგომარეობას ასევე დიაბეტურ ამიოტროფიას, ფემორალურ ნეიროპათიას ან პროქსიმალურ ნეიროპათიასაც უწოდებენ. ამ ტიპის ნეიროპათია ხშირია მეორე ტიპის დიაბეტის დროს, მოზრდილებში.

სიმპტომები ვლინდება უმეტესად სხეულის ცალ მხარეს, თუმცა ზოგჯერ ვრცელდება საპირისპირო მიმართულებითაც. პაციენტების უმეტესობა გამოკეთდება ნაწილობრივ მაინც დროთა განმავლობაში, თუმცა სიმპტომები მძიმდება, სანამ დაიწყება გამოკეთების პერიოდი. ამ 

  • მდგომარეობას ახასიათებს:
  • უცაბედი, ძლიერი ტკივილი თეძოს, ბარძაყის, დუნდულოს არეში
  • შესუსტებული, ატროფირებული კუნთები
  • მჯდომარე პოზიციიდან ადგომის გაძნელება
  • მუცლის შესიება, თუ მუცლის ნერვებიც დაზიანებულია
  • წონაში კლება
  • მონონეიროპათია



მონონეიროპათია ნიშნავს კონკრეტული ნერვის დაზიანებას. ნერვი შესაძლოა იყოს სახის, ტანის ან ფეხის. მონონეიროპათია, ანუ ფოკალური ნეიროპათია, ხშირად სწრაფად იწყება. უფრო ხშირია მოზრდილებში.

მონონეიროპათია იწვევს ძლიერ ტკივილს, მაგრამ უმეტესად არ რთულდება გრძელვადიანი შედეგებით. სიმპტომები ქრება რამდენიმე კვირაში ან თვეში. ნიშნები და სიმპტომები განსხვავებულია დაზიანებული ნერვების მიხედვით. ესენია:

  • მხედველობის ფოკუსირების პრობლემები, გაორებული მხედველობა ან ტკივილი თვალში
  • სახის ცალ მხარეს პარალიზი (ბელის დამბლა)
  • ტკივილი ტერფში
  • ტკივილი წელსა და მენჯში
  • ტკივილი თეძოში
  • ტკივილი გულმკერდში ან მუცელში



ზოგჯერ, მონონეიროპათია ნერვის კომპრესიის შედეგია. კარპალ გვირაბის სინდრომი ამ კომპრესიის ხშირი გამომწვევი მიზეზია დიაბეტიან პაციენტებში.

გვირაბის სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:

  • მგრძნობელობის დაქვეითება ან დაბუჟება თითებში, მტევანში, განსაკუთრებით ცერა თითზე, საჩვენებელ თითზე, შუა და არათითზე.
  • სისუსტე ხელებში და ნივთების ხელიდან გავარდნა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ:

  • ჭრილობას ან წყლულს ტერფზე, რომელიც არ გაივლის, ინფიცირდება ან უარესდება
  • წვის, დაბუჟების, სისუსტის, ტკივილის შეგრძნება ხელებში ან ფეხებში ყოველდღიურად ან ძილის დროს
  • თავბრუსხვევა
  • მომნელებელი ფუნქციის, შარდვის, სქესობრივი ფუნქციების ცვლილებები
  • ეს ნიშნები და სიმპტომები ყოველთვის არ ნიშნავს ნერვის დაზიანებას, მაგრამ შესაძლოა სხვა დაავადებებზე მიანიშნებდეს. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა სიმპტომების კონტროლისა და გართულებების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.
  • ტერფზე არსებული მცირე ზომის ჭრილობაც კი შესაძლოა დაწყლულდეს. მძიმე შემთხვევებში, ტერფზე ვითარდება განგრენა (ქსოვილის სიკვდილი) და საჭიროა ქირურგიული ჩარევა, ზოგჯერ ტერფის ამპუტაციაც კი. ადრეული მკურნალობა შესაძლოა დაგეხმაროთ ამპუტაციის საჭიროების თავიდან ასაცილებლად.