დისექციური ოსტეოქონდრიტი

დაავადების აღწერა

დისექციური ოსტეოქონდრიტი სახსრების დაავადებაა, რომლის დროსაც ხრტილის ნაწილი, ახლომდებარე ძვლის თხელ ფენასთან ერთად, შორდება ძვალს და აშრევდება.

დისექციური ოსტეოქონდრიტი ხშირია ახალგაზრდა მამაკაცებში, განსაკუთრებით სახსრის დაზიანების შემდეგ. დისექციური ოსტეოქონდრიტი ყველაზე ხშირად მუხლებში გვხვდება. დისექციური ოსტეოქონდრიტი სხვა სახსრებშიც შეიძლება განვითარდეს.

თუ ხრტილისა და ძვლის აშრევებული ნაწილი ძვალთან ახლოს დარჩა, შესაძლოა დისექციური ოსტეოქონდრიტი უსიმპტომოდ წარიმართოს და აშრევებული ნაწილი თავად შეხორცდეს. ქირურგიული ჩარევა საჭიროა, როცა აშრევებული ფრაგმენტი გადაადგილდება და მოყვება სახსრის მოძრავ ელემენტებს შორის, რაც იწვევს მუდმივ ტკივილს.

გამომწვევი მიზეზი

დისექციური ოსტეოქონდრიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. შესაძლებელია მიზეზი იყოს სისხლის მიწოდების შეზღუდვა ძვლის გარკვეულ ფრაგმენტში. ამის მიზეზი კი განმეორებითი ტრავმა, თუნდაც მცირე დაზიანებები შეიძლება გახდეს. დისექციური ოსტეოქონდრიტი ასევე სავარაუდოდ მოიცავს გენეტიკურ კომპონენტსაც, რის გამოც ზოგიერთ ადამიანს დაავადება უფრო ადვილად უჩნდება.

სიმპტომები

დისექციური ოსტეოქონდრიტი იწვევს შემდეგ ნიშნებსა და სიმპტომებს:

  • ტკივილი. დისექციური ოსტეოქონდრიტის ყველაზე ხშირი გამოვლინება ტკივილია, რომელსაც ფიზიკური აქტივობა აუარესებს, როგორიცაა კიბეზე ასვლა, აღმართზე სიარული ან სპორტი
  • სახსრის გატკაცუნება ან ჩაკეტვა. შესაძლოა სახსარი ერთ პოზიციაში “ჩაიკეტოს” თუ აშრევებული ფრაგმენტი ამ დროს სახსარშია მოყოლილი
  • სახსრის სისუსტე. შესაძლოა იგრძნოთ, რომ სახსარი სუსტია ან ვეღარ ეყრდნობით
  • მოძრაობის შეზღუდვა. შესაძლოა ვერ გაშალოთ კიდური ბოლომდე
  • შესიება და მტკივნეულობა. სახსრის გარშემო კანი მგრძნობიარე და შესიებულია



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ ხშირი ტკივილი და მგრძნობიარე კანი სახსართან ახლოს, მიმართეთ ექიმს. სხვა ნიშნები და სიმპტომები, რომლის გამოც უნდა დაგეგმოთ ვიზიტი ექიმთან მოიცავს სახსრის შეშუპებას, მოძრაობის უნარის შეზღუდვას.