ჟილბერის სინდრომი

დაავადების აღწერა

ჟილბერის სინდრომი არის ხშირი, მსუბუქი ღვიძლის პათოლოგია, რომლის დროსაც ღვიძლი სათანადოდ ვერ გარდაქმნის ნივთიერებას სახელად ბილირუბინი. ბილირუბინი წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად.

ჟილბერის სინდრომი უმეტესად უვნებელია და არ მოითხოვს მკურნალობას.

ჟილბერის სინდრომს იწვევს თანდაყოლილი გენის მუტაცია. თქვენ იბადებით ჟილბერის სინდრომით, თუმცა იგი შეუმჩნეველია ბევრი წლის განმავლობაში. ჟილბერის სინდრომს ხშირად შემთხვევით აღმოაჩენენ, როდესაც სისხლის ანალიზის დროს ნახავენ ბილირუბინის გაზრდილ დონეს.

ჟილბერის სინდრომს აგრეთვე უწოდებენ ღვიძლის კონსტიტუციურ დისფუნქციას და ოჯახურ არაჰემოლიზურ სიყვითლეს.

გამომწვევი მიზეზი

ჟილბერის სინდრომს იწვევს მშობლებისგან მიღებული პათოლოგიური გენი. ეს გენი აკონტროლებს ფერმენტს, რომელიც მონაწილეობს ღვიძლში ბილირუბინის დაშლაში. უფუნქციო გენის შემთხვევაში ბილირუბინის ჭარბი რაოდენობა გროვდება სისხლში.

როგორ ამუშავებს ორგანიზმი ბილირუბინს ნორმაში

ბილირუბინი არის მოყვითალო პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ძველი სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად. ბილირუბინი სისხლის გავლით მიდის ღვიძლში. ნორმაში ღვიძლის უჯრედებში არსებული ფერმენტი შლის ბილირუბინს და გამოაქვს იგი სისხლის მიმოქცევიდან. ბილირუბინი ნაღვლის შემადგენლობაში გადადის ღვიძლიდან ნაწლავებში. შემდეგ იგი გამოიყოფა განავალთან ერთად. ბილირუბინის მცირე რაოდენობა რჩება სისხლში.

როგორ გადაეცემა ოჯახებში პათოლოგიური გენი

ჟილბერის სინდრომის გამომწვევი პათოლოგიური გენი ხშირად გვხვდება. ბევრი ადამიანი ატარებს ამ პათოლოგიური გენის მხოლოდ ერთ ასლს. ჩვეულებრივ აუცილებელია ორი ასლი რათა გამოვლინდეს ჟილბერის სინდრომი.

სიმპტომები

ჟილბერის სინდრომის ერთადერთი სიმპტომია კანისა და სკლერების მოყვითალო ელფერი. ეს გამოწვეულია სისხლში ბილირუბინის დონის მცირედ გაზრდით. ჟილბერის სინდრომიან ადამიანებში ზოგ მდგომარეობას და სიტუაციას შეუძლია გაზარდოს ბილირუბინის დონე და შესაბამისად სიყვითლე. ესენია:

  • ავადმყოფობა, როგორიცაა გაციება ან გრიპი
  • შიმშილი ან ძალიან დაბალ-კალორიული დიეტა
  • გაუწყლოება
  • მენსტრუაცია
  • სტრესი
  • ძლიერი ვარჯიში
  • ძილის ნაკლებობა



ამ მდგომარეობების გამოსწორების შემდეგ სიყვითლე გაქრება.

როდის მივმართოთ ექიმს.

მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ სიყვითლეს. სიყვითლეს ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს.