ძილის აპნოე

დაავადების აღწერა

ძილის აპნოე პოტენციურად საშიში დარღვევაა, რომლის გამოც ძილის დროს სუნთქვა სპონტანურად წყდება და შემდეგ ისევ გრძელდება. ძილის აპნოე სავარაუდოა, თუ ხმამაღლა ხვრინავთ და კარგად გამოძინების შემდეგაც დაღლილი ხართ.

არსებობს ძილის აპნოეს ორი მთავარი ტიპი:

  • ძილის ობსტრუქციული აპნოე, რომელიც უფრო ხშირია და გამოწვეულია ხახის კუნთების მოდუნებით
  • ძილის ცენტრალური აპნოე, რომელიც თავის ტვინიდან არასწორი სიგნალების გადაცემის შედეგია, სუნთქვის მაკონტროლირებენ კუნთებამდე



თუ ფიქრობთ, რომ ძილის აპნოე გაქვთ, მიმართეთ ექიმს. მკურნალობით შეძლებთ გულის დაავადებებისა და სხვა გართულებების პრევენციას.

გამომწვევი მიზეზი

ძილის ობსტრუქციული აპნოეს მიზეზები

ძილის ობსტრუქციული აპნოე ვითარდება, როცა ხახის უკანა კუნთები დუნდება. ეს კუნთები იჭერენ რბილ სასას– სამკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომელიც მდებარეობს ხახის კედლებს შორის, ენის ზემოთ.

როცა კუნთები დუნდება, სასუნთქი გზა ვიწროვდება და იხშობა ჩასუნთქვასთან ერთად, რაც ართულებს სუნთქვას. ეს შეიძლება გახდეს ორგანიზმში ჟანგბადის დონის შემცირების მიზეზიც. თავის ტვინი აღიქვამს სუნთქვის შეჩერებას, გაღვიძებთ, რათა სასუნთქი გზა გაიხსნას. გაღვიძება იმდენად ხანმოკლეა, რომ ხშირად არც გახსოვთ.

შესაძლოა გამოსცეთ მოხრჩობის, ხვრინვის ხმიანობა. ეს სიმპტომები შეიძლება საათში 5–30 ჯერ განმეორდეს, მთელი ღამის განმავლობაში. ამის გამო, ირღვევა ძილის ფაზები და გრძნობთ თავს გადაღლილად, გაწუხებთ ჭარბი ძილიანობა დღის განმავლობაში.

ძილის ობსტრუქციული აპნოეს მქონე პაციენტი შეიძლება ვერც ხვდებოდეს, რომ ძილი დარღვეული აქვს. ზოგიერთი ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ კარგად სძინავს.

ძილის ცენტრალური აპნოეს მიზეზები

ძილის ცენტრალური აპნოე, რომელიც ბევრად უფრო იშვიათია, ვითარდება, როცა თავის ტვინი ნორმალურად ვერ გადასცემს სიგნალებს სასუნთქ კუნთებს. შესაძლოა გაგეღვიძოთ სუნთქვის უკმარისობით ან გაგიჭირდეთ ჩაძინება და ძილის შენარჩუნება. როგორც ობსტრუქციული ტიპის დროს, ხვრინვა და ძილიანობა დღისით აქაც ხშირი სიმპტომია. ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი ძილის ცენტრალური აპნოეს დროს, გულის უკმარისობაა და უფრო იშვიათად, ინსულტი. ძილის ცენტრალური აპნოეს მქონე პაციენტები უფრო ხშირად იგონებენ გაღვიძების ეპიზოდებს და ახსოვთ ისინი, განსხვავებით ობსტრუქციული ტიპისაგან.

სიმპტომები

ობსტრუქციული და ცენტრალური აპნოეს სიმპტომები და ნიშნები ერთმანეთს ემთხვევა, რაც მიზეზისა და ტიპის დიაგნოსტიკას ართულებს. ორივე ტიპის ყველაზე ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • ჭარბი ძილიანობა დღის განმავლობაში
  • ხმამაღალი ხვრინვა, რომელიც ობსტრუქციული ტიპის დროს უფრო ვლინდება
  • სუნთქვის შეჩერების ეპიზოდი, რომელიც სხვა ადამიანმა შეამჩნია
  • ძილის დროს უეცარი გაღვიძება, რომელსაც ახლავს სუნთქვის უკმარისობა– უფრო ხშირად ცენტრალურ ტიპს ახასიათებს
  • გაღვიძება, პირის სიმშრალე ან ყელის ტკივილი
  • დილის თავის ტკივილი
  • უძილობა
  • ყურადღების პრობლემები



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ან სხვები ამჩნევენ ამ ნიშნებს:

  • ხმამაღალი ხვრინვა, რომელიც გაწუხებთ თქვენ ან სხვას
  • სუნთქვის უკმარისობა, რომელიც გაღვიძებთ
  • განმეორებადი პაუზები სუნთქვის დროს
  • ძილიანობა დღისით, რომლის გამოც სამსახურში, ტელევიზორის ყურებისას ან მანქანის მართვის დროსაც კი შეიძლება ჩაგეძინოთ



უმეტესად, პაციენტები არ თვლიან, რომ ხვრინვა რაიმე მდგომარეობის სიმპტომია. ასევე, ძილის აპნოე აუცილებლად არ იწვევს ხვრინვას. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ხვრინვა იმდენად ხმამაღალია, რომ გაწუხებთ, განსაკუთრებით თუ მას მოსდევს სიჩუმის პერიოდები.

კითხეთ ექიმს თქვენი პრობლემის შესახებ, განსაკუთრებით თუ ძილის დეფიციტის გამო გადაღლილი, გაღიზიანებული ხართ. ჭარბი ძილიანობა დღისით სხვა დაავადებებმაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორიცაა ნარკოლეფსია.