ძუძუს კიბო მამაკაცებში

დაავადების აღწერა

ძუძუს კიბო მამაკაცებში საკმაოდ იშვიათად გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბო ქალების დაავადებადაა მიჩნეული, კიბო გარკვეული სიხშირით მაინც ფიქსირდება მამაკაცებშიც.

ძუძუს კიბო უფრო ხშირია მოხუც მამაკაცებში, თუმცა შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს.

ადრეულ სტადიაზე დასმული დიაგნოზი წარმატებული მკურნალობის საშუალებას იძლევა. ამის მიუხედავად, ბევრი მამაკაცი არ მიდის დროულად ექიმთან ნიშნებისა და სიმპტომების გამო, რომლებიც ხშირად მკერდის არეში გამონაზარდს უკავშირდება. დაგვიანებული მიმართვის გამო, ძუძუს კიბოს დიაგნოზი კაცებში ხშირად გვიან სტადიაზე ისმება.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, ზუსტად რა იწვევს ძუძუს კიბოს მამაკაცებში.

ექიმებმა იციან, რომ ძუძუს კიბოს განვითარების დროს ზოგიერთი უჯრედი უფრო ხშირად და სწრაფად იყოფა, ვიდრე ნორმალური უჯრედები. უჯრედთა ეს გროვა ქმნის მასას, სიმსივნეს, რომელიც შემდეგ ვრცელდება (მეტასტაზირებს) ახლომდებარე ქსოვილებში, ლიმფურ კვანძებსა და დისტალურ ორგანოებში.

სად იწყება ძუძუს კიბო მამაკაცებში

ნებისმიერ ადამიანს აქვს დაბადებიდან ძუძუს გარკვეული ქსოვილი. ეს ქსოვილი შედგება რძის წარმომქმნელი ჯირკვლების (წილაკები), სადინრებისა და ცხიმოვანი კომპონენტისაგან.
მომწიფების ასაკში, ქალებს უვითარდებათ სარძევე ჯირკვლის ქსოვილი, კაცებს კი არა. თუმცა, რადგან მამაკაცებს დაბადებიდან ჰქონდათ მცირე რაოდენობით ქსოვილები, მათში მაინც შესაძლებელია კიბოს განვითარება.
მამაკაცებში დიაგნოსტირებული კიბოს ტიპებია:

  • კიბო, რომელიც იწყება სარძევე სადინრებში (დუქტალური კარცნომა). თითქმის ყველა შემთხვევა სწორედ ამ ტიპისაა.
  • კიბო, რომელიც იწყება რძის წარმომქმნელ ჯირკვლებში (წილაკოვანი კარცინომა). ამ ტიპის კიბო იშვიათია კაცებში, რადგან მათ ჯირკვლების ნაკლები რაოდენობა აქვთ.
  • კიბო, რომელიც ვრცელდება ძუძუსთავზე (პაჯეტის დაავადება). იშვიათად, მამაკაცებში ძუძუს კიბო წარმოიქმნება სარძევე სადინრებში და შემდეგ ვრცელდება ძუძუსთავზე, რაც იწვევს ქერქოვანი, აქერცლილი კანის განვითარებას ძუძუსთავზე


გენები, რომლებიც ზრდიან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს

ზოგიერთ მამაკაცს აქვს მემკვიდრეობითი მუტაციური გენი, რომელიც მშობლებისაგან გადმოეცა და რომლის გამოც ძუძუს კიბოს მაღალი რისკი აქვს. რამდენიმე გენის მუტაციები, მაგ. BRCA2, ასოცირებულია ძუძუს და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მაღალ რისკთან.

ამ გენების მიხედვით წარმოიქმნება ცილები, რომლებიც არეგულირებენ უჯრედების ნორმალურ ზრდას და ხელს უშლიან კიბოს განვითარებას. მუტაციური გენები კი ვეღარ იცავენ ქსოვილებს მალიგნანტური ტრანსფორმაციებისაგან.

ვიზიტი გენეტიკოსთან და შესაბამისი გენეტიკური ტესტების ჩატარება შესაძლოა დაგეხმაროთ გარკვევაში, ატარებთ თუ არა მუტაციურ გენს და გაქვთ თუ არა ძუძუს კიბოს მაღალი რისკი, რომელიც შემდეგ თაობებსაც გადაეცემა–როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს. ესაუბრეთ ექიმს გენეტიკური გამოკვლევების შესახებ.

სიმპტომები

მამაკაცებში ძუძუს კიბოს ნიშნები და სიმპტომებია:

  • უმტკივნეულო ამობურცულობა ან გასქელება მკერდის არეში
  • მკერდის კანის ცვლილებები, როგორიცაა კანის ჩაღრმავება, დანაოჭება, შეწითლება ან აქერცვლაც კი
  • ძუძუსთავის ცვლილებები, როგორიცაა შეწითლება, აქერცვლა ან ძუძუსთავის ამობრუნება
  • გამონადენი ძუძუსთავიდან


როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ რომელიმე მსგავსი ნიშანი ან სიმპტომები, რის გამოც ნერვიულობთ.