ეფუზია (სითხის ჩადგომა) პერიკარდიუმის ღრუში

დაავადების აღწერა

პერიკარდიუმის ეფუზია ვითარდება, როცა ჭარბი სითხე დგება გულის გარშემო მდებარე პერიკარდიუმის ღრუში.

გული შემოსაზღვრულია ორმაგშრიანი, ღრუს წარმომქნელი სტრუქტურით– პერიკარდიუმით. სივრცე პერიკარდიუმის შიდა და გარე ფენებს შორის ნორმაში მცირე ოდენობით სითხეს შეიცავს.

თუ პერიკარდიუმი დაზიანდა ან განვითარდა რაიმე დაავადება, ანთებითი მდგომარეობა იწვევს ჭარბი სითხის ჩადგომას– ეფუზიას. სითხე ანთების გარეშეც შეიძლება დაგროვდეს. ზოგჯერ, ეფუზია გამოწვეულია სისხლის დაგროვებით, ქირურგიული ჩარევის შემდგომ ან ტრავმული დაზიანების გამო.

როცა სითხის რაოდენობა გადააჭარბებს პერიკარდიუმის ღრუს ლიმიტებს, ეფუზია წნევით აწვება გულს, აუარესებს შეკუმშვის ფუნქციებს. მკურნალობის გარეშე, ეფუზია იწვევს გულის უკმარისობას და სიკვდილსაც კი.

გამომწვევი მიზეზი

პერიკარდიუმის ანთება–პერიკარდიტი ვითარდება დაავადების, დაზიანების ან ანთებითი დარღვევების დროს. პერიკარიუმის ეფუზია ხშირად სწორედ ამ ანთებითი პროცესის შედეგია.

პერიკარდიუმის ეფუზია ასევე შეიძლება განვითარდეს, როცა სითხე ღრუდან ვერ გაედინება ან გროვდება სისხლი გულის გარშემო. უცნობია, როგორ იწვევს ზოგიერთი დაავადება ეფუზიას, ხშირად მიზეზი ვერც დგინდება.

პერიკარდიუმში ეფუზიის სპეციფიკური მიზეზებია:

  • ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ან პარაზიტული ინფექციები
  • პერიკარდიუმის ანთება, უცნობი მიზეზით–იდიოპათიური პერიკარდიტი
  • პერიკარდიუმის ანთება გულის ქირურგიის ან ინფარქტის შემდეგ– დრესლერის სინდრომი
  • აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი ან მგლურა
  • ცხოველქმედების პროდუქტების დაგროვება სისხლში თირკმლის უკმარისობის გამო– ურემია
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია– ჰიპოთიროიდიზმი
  • კიბოს გავრცელება–მეტასტაზი. განსაკუთრებით ფილტვის კიბოს, ძუძუს კიბოს, მელანომას, ლეიკემიის, არაჰოჯკინის ლიმფომის და ჰოჯკინის დაავადების დროს
  • პერიკარდიუმის ან გულის კიბო
  • სხივური თერაპია გულის გარშემო
  • ქიმიოთერაპია კიბოს სამკურნალოდ დოქსორუბიცინით ან ციკლოფოსფამიდით
  • ტრავმა ან ჭრილობა გულთან ახლოს
  • გარკვეული რეცეპტით გაცემული მედიკამენტები, როგორიცაა ჰიდრალაზინი (მაღალი წნევის სამკურნალოდ), იზონიაციდი, ტუბერკულოზის სამკურნალოდ და ფენიტოინი– ანტიეპილეფსიური საშუალება.

სიმპტომები

შესაძლოა პაციენტს მნიშვნელოვანი ეფუზია ჰქონდეს, თუმცა სიმპტომები არ გამოვლინდეს, განსაკუთრებით თუ სითხე ნელნელა დგებოდა.

თუ პერიკარდიუმის ეფუზიის სიმპტომები გამოვლინდა, ესენია:

  • სუნთქვის უკმარისობა ან გაძნელება (დისპნეა)
  • წოლით მდგომარეობაში სუნთქვის გაძნელება (ორთოპნეა)
  • ტკივილი გულმკერდის არეში, ძირითადად მკერდის ძვლის უკან ან მარცხენა მხარეს, რომელიც უარესდება ჩასუნთქვის დროს და მსუბუქდება წამოჯდომის დროს
  • ხველა
  • დაბალი ცხელება
  • გულისცემის აჩქარება



როდის მივმართოთ ექიმს

დარეკეთ 112–ზე თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც რამდენიმე წუთზე მეტს გასტანს, ან თუ გიჭირთ სუნთქვა, გაქვთ გონების დაკარგვის აუხსნელი შეგრძნება. თუ განიცდით სუნთქვის უკმარისობას, დაღლილობას ან ეფუზიის სხვა სიმპტომებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.