ელენთის რუპტურა
დაავადების აღწერა
ელენთის რუპტურა გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ელენთის ნაწილი იხევა. ელენთა, რომელიც ნეკნებს ქვეშ, მარცხენა მხარეს მდებარეობს, ორგანიზმს ეხმარება ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის ძველი უჯრედების გაფილტვრაში.
ელენთის რუპტურა ძირითადად გამოწვეულია ძლიერი ტრავმით მუცლის არეში– სპორტული აქტივობის, ავტოავარიის, ფიზიკური კონფლიქტის გამო. დროული მკურნალობის გარეშე, ელენთის რუპტურა შეიძლება გახდეს სიცოცხლისათვის საშიში შინაგანი სისხლდენის მიზეზი.
ზოგჯერ, ელენთის რუპტურა საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, მაგრამ ზოგიერთი ადამიანის მკურნალობა შესაძლებელია კლინიკაში რამდენიმე დღის გატარებით.
გამომწვევი მიზეზი
ელენთის რუპტურის მიზეზებია:
- ტრავმა სხეულის მარცხენა ზედა ნაწილში. ელენთის რუპტურა ძირითადად გამოწვეულია პირდაპირი ტრავმით მუცლის ან გულმკერდის მარცხენა მხარეს, მაგალითად სპორტული აქტივობების, ფიზიკური კონფლიქტის ან ავტოავარიების შემთხვევაში. ელენთის რუპტურა ტრავმიდან მალევე შეიძლება განვითარდეს, ან მოგვიანებით, რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.
- გადიდებული ელენთა. ელენთა შეიძლება გადიდდეს, როცა სისხლის უჯრედები გროვდება ამ ორგანოში. გადიდებული ელენთა მიანიშნებს სხვადასხვა პრობლემებზე, როგორიცაა მონონუკლეოზი და ინფექციები, ღვიძლის დაავადება ან ლეიკემიები.
სიმპტომები
ნიშნები და სიმპტომებია:
- ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა ნაწილში
- მტკივნეულობა შეხებისას, მუხლის მარცხენა ზედა ნაწილში
- თავბრუსხვევა
- დაბნეულობა
როდის მივმართოთ ექიმს
ელენთის რუპტურა გადაუდებელი მდგომარეობაა. ტრავმის შემდეგ, თუ გაქვთ ტკივილი მუცლის მარცხენა ზედა ნაწილში, ან შინაგანი სისხლდენის სხვა ნიშნები და სიმპტომები (თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, დაბნეულობა, გონების დაკარგვა), აუცილებლად მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება.