ელვისებური თავის ტკივილი
დაავადების აღწერა
ელვისებური თავის ტკივილის დროს უეცარი, მწვავე თავის ტკივილი პიკს აღწევს პირველ 60 წამში და 1 საათის შემდეგ გაქრობას იწყებს. ზოგიერთი ელვისებური თავის ტკივილი ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება.
ელვისებური თავის ტკივილი ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე მიუთითებებს; ყველაზე ხშირად ტვინში ან მის გარშემო სისხლდენაზე. ამის გამო ელვისებური თავის ტკივილის დროს მნიშვნელოვანია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ზოგიერთ ადამიანს აქვს ელვისებური თავის ტკივილი თავის ტკივილის პათოლოგიის გამო, რომელსაც პირველადი ელვისებური თავის ტკივილი ეწოდება. ეს დიაგნოზი მხოლოდ მაშინ ისმება, როდესაც გულმოდგინე გამოკვლევის შედეგად ყველა სხვა შესაძლო მიზეზი გამოირიცხება
გამომწვევი მიზეზი
ზოგიერთი ელვისებური თავის ტკივილი უმიზეზოდ ჩნდება.
სხვა შემთხვევებში, იგი შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიშმა მდგომარეობებმა, რომელთა შორისაა:
- სისხლდენა ტვინსა და ტვინის მფარავ გარსებს შორის, რისი მიზეზიც ხშირად სისხლძარღვის პათოლოგიური გამობერვაა (ანევრიზმა).
- ტვინის სისხლძარღვის გასკდომა
- ტვინის მკვებავი არტერიის კედლის დაზიანება
- თავ-ზურგ-ტვინის სითხის გაჟონვა, რაც გამოწვეულია ზურგის ტვინის ნერვების ფუძის მფარავი გარსის დაზიანებით
- სიმსივნე ტვინის მესამე პარკუჭში, რომელიც ხელს უშლის თავ-ზურგ-ტვინის სითხის დინებას
- სისხლდენა ჰიპოფიზში ან ჰიპოფიზისთვის სისხლის მიწოდების შეწყვეტა
- თრომბი ტვინში
- სისხლის წნევის მწვავე მომატება
- ინფექცია, მაგალითად მენინგიტი და ენცეფალიტი
სიმპტომები
ელვისებური თავის ტკივილის სიმპტომებია ტკივილი, რომელიც:
- ვითარდება უეცრად და მწვავედ. ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ მსგავსი ტკივილი არასდროს უგრძვნიათ
- პიკს აღწევს პირველ 60 წამში
- გრძელდება 1 საათიდან 10 დღემდე
- შეიძლება განვითარდეს თავის ნებისმიერ ნაწილში და მოიცავდეს კისერს და ზურგის ქვედა ნაწილს
- თან ერთვის გულისრევას, პირღებინებას და გონების დაკარგვას
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ მწვავე და უეცარი თავის ტკივილი