ენდომეტრიოზი
დაავადების აღწერა
ენდომეტრიოზი მტკივნეული დაავადებაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ამომფენი გარსი- ენდომეტრიუმი – ყალიბდება საშვილოსნოს გარეთ (ენდომეტრიუმის იმპლანტი). ენდომეტრიოზი ხშირად აზიანებს საკვერცხეებს, ნაწლავებს და მენჯის ამომფენ ქსოვილებს. ენდომეტრიოზი იშვიათად ვრცელდება მენჯის რეგიონის გარეთ.
ენდომეტრიოზის დროს, შეცვლილი მდებარეობის ენდომეტრიუმის ქსოვილი აგრძელებს ჩვეულებისამებრ მოქმედებას – იგი სქელდება, იშლება და იწყებს სისხლდენას თითოეული მენსტრუალური ციკლის დროს. რადგანაც გადააადგილებული ენდომეტრიუმის ქსოვილს არ შეუძლია დატოვოს ორგანიზმი, იგი რჩება მასში. როდესაც ენდომეტრიუმი გვხვდება საკვერცხეებში, შესაძლოა ჩამოყალიბდეს კისტები, რომელსაც ენდომეტრიომა ეწოდება. გარშემო მყოფი ქსოვილები ღიზიანდება, რის შედეგადაც ვითარდება ნაწიბუროვანი ქსოვილი და შეხორცებები – არანორმალური ქსოვილი, რომელიც ორ ორგანოს ერთმანეთთან აერთებს.
ენდომეტრიოზი იწვევს ტკივილს, ზოგჯერ ძლიერს, განსაკუთრებით მენსტრუალური პერიოდის დროს. შესაძლოა განვითარდეს ნაყოფიერების პრობლემები. საბედნიეროდ, არსებობს ეფექტური მკურნალობა.
გამომწვევი მიზეზი
მიუხედავად იმისა, რომ ენდომეტრიოზის ზუსტი მიზეზი უცნობია, არსებობს რამოდენიმე ახსნა:
- რეტროგრადული მენსტრუაცია. ენდომეტრიოზის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებული ეს ახსნა დღეს-დღეობით სიმართლესთან ყველაზე მიახლოებულად ითვლება. რეტროგრადული მენსტრუაციის დროს, ენდომეტრიუმის უჯრედების შემცველი მენსტრაულური სისხლი ბრუნდება უკან, ფალოპის მილებში და გადადის მენჯის ღრუში იმის მაგივრად, რომ გამოიდევნოს ორგანიზმიდან. შეცვლილი მდებარეობის ენდომეტრიუმის უჯრედები ეკრობიან მენჯის კედლებს და მენჯის ღრუს ორგანოების ზედაპირს, სადაც ისინი იზრდებიან, აგრძელებენ გასქელებას და ახასიათებთ სისხლდენა ყოველი პერიოდის დროს.
- ემბრიონული უჯრედების ზრდა. მუცლისა და მენჯის ღრუს ამომფენი უჯრედები ემბრიონული უჯრედებიდან მომდინარეობენ. როდესაც მუცლის ღრუს ერთი ან მეტ მცირე ზომის მიდამო გარადიქმნება ენტომეტრიუმის ქსოვილად, ვითარდება ენდომეტრიოზი.
- ქირურგიული ნაწიბურის იმპლანტაცია. ქირურგიული ოპერაციის შემდგომ, როგორიცა ჰისტერექტომია ან საკეისრო კვეთა, ენდომეტრიუმის უჯრედები შესაძლოა მიემაგრონ ქირურგიული ჭრილობის ადგილას.
- ენდომეტრიული უჯრედების ტრანსპორტი. სისლხძარღვებმა ან ლიმფურმა სისტემამ ენდომეტრიუმის უჯრედები შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილებში გადააადგილონ.
- იმუნური სისტემის დაავადება. შესაძლებელია, რომ იმუნური სისტემის პრობლემებმა გამოიწვიონ ორგანიზმის უუნარობა, შეამჩნიოს და გაანადგუროს საშვილოსნოს გარეთ მზარდი ენდომეტრიუმის უჯრედები.
სიმპტომები
ენდომეტრიოზის პირველადი სიმპტომი არის ტკივილი მენჯის არეში, განსაკუთრებით მენსტრუალური პერიოდის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალი განიცდის სპაზმებს მენსტრუაციის დროს, ენდომეტრიოზით დაავადებული ქალები ტკივილს გაცილებით უფრო მწვავედ აღწერენ. ისინი აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ტკივილი დროთა განმავლობაში უარესდება.
ენდომეტრიოზის სიმპტომები:
- მტკივნეული მენსტრუაცია(დისმენორეა). ტკივილი მენჯის არეში და კრუნჩხვები შესაძლოა დაიწყოს მენსტრუალურ პერიოდამდე, გაგრძელდეს რამოდენიმე დღე მენსტრუაციის დროს და თან ახლდეს ტკივილი წელისა და მუცლის არეში.
- ტკივილი სექსუალური აქტის დროს. ტკივილი სექსის შემდგომ ხშირია ენდომეტრიოზის დროს.
- ტკივილი დეფეკაციის ან მოშარდვის დროს. ეს სიმპტომები ხშირია მენსტრუალური პერიოდის დროს.
- ჭარბი სისხლდენა. თქვენ შესაძლოა აღგენიშნებოდეთ მძიმე სისხლდენა პერიოდის დროს(მენორაგია) ან სისხლდენა პერიოდებს შორის(მენომეტრორაგია).
- უშვილობა. ენდომეტრიოზის პრიველადი აღმოჩენა ზოგჯერ უშვილობის ჩივილით საავადმყოფოში მისული ქალების შემოწმების დროს ხდება.
- სხვა სიმპტომები. შესაძლოა აღინიშნებოდეს სხვა სიმპტომებიც: დაღლილობა, ფაღარათი, ყაბზობა, შებერილობა ან გულისრევის შეგრძნება, განსაკუთრებით მენსტრუალური პერიოდის დროს.
ტკივილის სიძლიერე ყოველთვის არ მიუთითებს ავადმყოფობის სიმწვავეზე. ზოგიერთ ქალს, მსუბუქი ენდომეტრიოზის დროს აღენიშნება ძლიერი ტკივილი, როდესაც მძიმე ენდომეტრიოზის დროს შესაძლოა საერთოდ არ იყოს ტკივილი.
ენდომეტრიოზი ხშირად ეშლებათ სხვა დაავადებებში, რომელიც იწვევს ტკივილს მენჯის არეში, მაგალითად მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება ან საკვერცხის კისტები. ენდომეტრიოზი ზოგჯერ ერევათ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომში. ეს სინდრომი ხასიათდება მონაცვლეობითი ფაღარათითა და ყაბზობით, ასევე მუცლის კრუნჩვებით. ეს დაავდაება შესაძლოა თან ახლდეს ენდოემტრიოზს, რაც ართულებს დიაგნოზის დასმას.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები მიუთითებენ ენდომეტრიოზზე. მენჯის ქრონიკული ან ძლიერი ტკივილის მიზეზის დადგენა რთულია. თუმცა პრობლემის ადრეულმა აღმოჩენამ შესაძლოა თავიდან აგარიდოთ არასასურველი გართულებები და ტკივილი.