ენტერობიოზი
დაავადების აღწერა
ენტერობიოზი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პარაზიტი ჭიის მიერ (Enterobius vermicularis) გამოწვეული ინფექციაა. ძაფისებრი ჭიები თხელი და თეთრი ფერისაა, ზომით დაახლოებით 5–13 მილიმეტრია სიგრძეში.
როცა ინფიცირებულ ადამიანს სძინავს, მდედრობითი ჭიები დებენ ათასობით კვერცხს ანალური ხვრელის გარშემო, კანის ფენებს შორის. დაინფიცირებული ადამიანების უმეტესობას სიმპტომები არ აქვს, მაგრამ ზოგჯერ ვლინდება ქავილი ანალურ არეში და ძილის დარღვევა.
ენტერობიოზი ყველაზე ხშირია სკოლის ასაკის ბავშვებში, მიკროსკოპული ზომის კვერცხები ადვილად ვრცელდება ბავშვიდან ბავშვზე. მკურნალობა შედგება ორალური მედიკამენტური თერაპიით, რომელიც კლავს ჭიებს. აუცილებელია თეთრეულის, ტანსაცმლის კარგად გარეცხვა. საუკეთესო შედეგისათვის, მთელმა ოჯახმა უნდა გაიაროს მკურნალობის კურსი.
გამომწვევი მიზეზი
ძაფისებრი ჭიების კვერცხების შემთხვევითი ჩასუნთქვა ან გადაყლაპვა ასოცირებულია ინფიცირებასთან. მიკროსკოპული კვერცხები პირის ღრუში ხვდება დაბინძურებული საკვებით, სასმელით ან თითებით. როცა კვერცხი გადაიყლაპება, ჭია იჩეკება ნაწლავში და მწიფდება დიდი ზომის ჭიად, დაახლოებით რამდენიმე კვირაში.
მდედრობითი სქესის ძაფისებრი ჭია გადაადგილდება ანალურ ხვრელამდე, რათა დადოს კვერცხები. ეს იწვევს ქავილს. როცა მოიქავებთ, კვერცხები ეწებება თითებს და ხვდება ფრჩხილების ქვეშ. კვერცხები ამის შემდეგ გარემოში ხვდება, მაგალითად სათამაშოებზე, თეთრეულზე, ტუალეტში. კვერცხების გავრცელება საკვებთან შეხებითაც შეიძლება, ან პირდაპირი კონტაქტით სხვა ადამიანთან.
ძაფისებრი ჭია ზედაპირებზე ძლებს 2–3 კვირას.
სიმპტომები
ენტერობიოზის სიმპტომებია:
- ანალური ხვრელის ან ვაგინის ქავილი
- უძილობა, გაღიზიანება, მოუსვენრობა
- ხანგამოშვებითი ტკივილი მუცლის არეში და გულისრევა
ენტერობიოზი ხშირად ასიმპტომატურია.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ქავილის შეგრძნება ანალურ ხვრელთან, განსაკუთრებით ღამით.