ესენციური ტრემორი

დაავადების აღწერა

ესენციური ტრემორი ნერვული სისტემის დაავადებაა(ნევროლოგიური დაავადება), რომელიც იწვევს რითმულ კანკალს. ესენციური ტრემორი სხეულის თითქმის ყველა ნაწილს აზიანებს, თუმცა კანკალი ყველაზე ხშირად გამოხატულია ხელის მტევნებზე – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი ცდილობს მარტივი დავალების შესრულებას, როგორიცაა ჭიქიდან წყლის დალევა, თასმების შეკვრა, წერა ან გაპარსვა. ესენციური ტრემორი ასევე მოქმედებს თავზე, ხმაზე, მკლავებსა და ქვედა კიდურებზე.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება საშიში არ არის, ესენციური ტრემორი უარესდება დროთა განმავლობაში და ზოგიერთ პაციენტში მძიმე ფორმას იღებს. მდგომარეობა არ არის გამოწვეული სხვა დაავადებით, თუმცა მას ხშირად ურევენ პარკინსონის დაავადებაში. ესენციური ტრემორი ნებისმიერ ასაკში ვითარდება, თუმცა ყველაზე ხშირად 40 წელს ზემოთ გვხვდება.

გამომწვევი მიზეზი

ესენციური ტრემორის შემთხვევების ნახევარი განპირობებულია გენეტიკური მუტაციით. ასეთ ტიპის ოჯახურ ტრემორს უწოდებენ. გენეტიკური მუტაციის არმქონე პაციენტებში ესენციური ტრემორის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

კვლევამ დაამტკიცა, რომ თავის ტვინის კონკრეტულ წერტილებში არსებული ცვლილებები იწვევენ ესენციურ ტრემორს.

სიმპტომები

ესენციური ტრემორის სიმპტომები:

  • იწყება თანდათანობით
  • უარესდება მოძრაობასთან ერთად
  • როგორც წესი თავდაპირველად ხელის მტევნებში გვხვდება. ჩართულია ერთი ან ორივე ხელის მტევანი
  • შესაძლოა ახასიათებდეს თავის დაქნევის ან გაქნევისმაგვარი მოძრაობები
  • შესაძლოა დამძიმდეს ემოციური სტრესის, დაღლილობის, კოფეინის მიღების და უკიდურესად მაღალი ან დაბალი ტემპერატურების დროს.



ესენციური ტრემორი და პარკინსონის დაავადება

ბევრი ადამიანი უკავშირებს ესენციურ ტრემორს პარკინსონის დაავადებას. თუმცა ეს ორი დაავადეწბა რამოდენიმე ასპექტით განსხვავდება:

  • კანკალის ფორმა. ხელების ესენციური კანკალი ვითარდება ხელების გამოყენების დროს. პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებული კანკალი ყველაზე გამოხატულია ხელების გვერდებზე ყოფნის დროს ან მოსვენების მდგომარეობაში.
  • დაკავშირებული მდგომარეობები. ესენციური ტრემორი არ იწვევს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს, თუმცა პარკინსონის დაავადება დაკავშირებულია წელში მოხრასთან, ნელა მოძრაობასთან და არამყარ სიარულთან. თუმცა ესენციური ტრემორის მქონე პაციენტებს შესაძლოა ჩამოუყლაიბდეთ ნევროლოგიური სხვა სიმპტომები, როგორიცაა არამყარი სიარული (ატაქსია).
  • სხეულის დაზიანებული ნაწილები. ესენციური ტრემორი ძირითადად მოიცავს ხელის მტევნებს, თავს და ხმას. პარკინსონის დაავადება ძირითადად იწყება ხელის მტევნებში და შესაძლოა აზიანებდეს ქვედა კიდურებს, ნიკაპს და სხეულის სხვა ნაწილებს.