ფალოს ტეტრადა

დაავადების აღწერა

ფალოს ტეტრადა არის იშვიათი თანდაყოლილი პათოლოგია, რომლის დროსაც გვხვდება გულის ოთხი დეფექტი. ეს დეფექტები აზიანებენ გულის სტრუქტურას და იწვევენ გულიდან სხეულის დანარჩენ ნაწილებში ჟანგბადით ღარიბი სისხლის გადასროლას. ფალოს ტეტრადის მქონე ჩვილებს და ბავშვებს ხშირად აქვთ მოლურჯო კანი, რადგან მათი სისხლი არ შეიცავს საკმარის ჟანგბადს.

ფალოს ტეტრადის დიაგნოზირება ხდება ჩვილობისას ან ადრეული ბავშვობის ასაკში, თუმცა მისი დიაგნოზირება შეიძლება ზრდასრულობამდე არ მოხდეს დეფექტებისა და სიმპტომების სიმძიმიდან გამომდინარე. ადრეული დიაგნოზირების და მკურნალობის შემთხვევაში ბავშვების უმეტესობა ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევა, თუმცა მათ სჭირდებათ ექიმის რეგულარული მეთვალყურეობა და ვარჯიშის შეზღუდვა.

გამომწვევი მიზეზი

ფალოს ტეტრადა ვითარდება ნაყოფის გულის განვითარების პროცესში. დედის ცუდი კვება, ვირუსული დაავადებები და გენეტიკური ფაქტორები ზრდიან დაავადების რისკს, თუმცა მისი გამომწვევი უცნობია.

ფალოს ტეტრადა შედგება ოთხი პათოლოგიისგან:

  • ფილტვის არტერიის სარქვლის სტენოზი. ამ დროს ვიწროვდება ფილტვის არტერიის სარქველი, რომელიც გამოყოფს მარჯვენა პარკუჭს ფილტვის არტერიისგან. ფილტვის არტერიის სარქვლის შევიწროვება იწვევს სისხლის მიმოქცევის შემცირებას ფილტვებში. შევიწროვებამ აგრეთვე შეიძლება დააზიანოს სარქვლის ქვეშ არსებული კუნთი.
  • პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი. ეს არის გულის ორ ქვედა საკანს (პარკუჭები) შორის არსებული ხვრელი. ამ ხვრელის საშუალებით მარჯვენა პარკუჭში არსებული ჟანგბადით ღარიბი სისხლი გადმოდის მარცხენა პარკუჭში და ერევა ფილტვიდან წამოსულ ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს. სისხლი ასევე გადადის მარცხენა პარკუჭიდან მარჯვენაში. ამ დეფექტის გამო მარცხენა პარკუჭში არსებული ჟანგბადით მდიდარი სისხლი ზავდება რაც იწვევს გულის დასუსტებას.
  • აორტის დექსტრაპოზიცია. ნორმაში აორტა, რომელიც არის მთავარი არტერია, გამოდის მარცხენა პარკუჭიდან. ფალოს ტეტრადის დროს, აორტა გადაწეული მარჯვნივ და მდებარეობს პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის თავზე. ამ პოზიციაში აორტა იღებს სისხლს როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა პარკუჭიდან, რის გამოც ხდება ჟანგბადით მდიდარი და ღარიბი სისხლის არევა.
  • მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტრიპია. როდესაც გულის მტუმბავი ფუნქცია გადატვირთულია, მარჯვენა პარკუჭის კუნთოვანი ქსოვილი იზრდება და სქელდება. დროთა განმავლობაში ეს იწვევს გულის სიხისტეს, დასუსტებას და საბოლოო ჯამში უკმარისობას.

იშვიათად, ფალოს ტეტრადის მქონე ბავშვებს აქვთ გულის ზედა საკნებს შორის ხვრელი (წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი).

სიმპტომები

ფალოს ტეტრადის სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია სისხლის გულის მარჯვენა ნაწილიდან ფილტვში გადასროლის დარღვევაზე. ფალოს ტეტრადის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ჟანგბადის ნაკლებობის გამო კანის მოლურჯო შეფერილობა (ციანოზი)
  • სუნთქვის უკმარისობა და სწრაფი კვება, განსაკუთრებით კვების დროს
  • გულის წასვლა
  • დოლის ჩხირისებრი თითები, საათის მინისებური ფრჩხილები
  • წონაში ცუდი მატება
  • თამაშის დროს მალევე დაღლა
  • გაღიზიანებულობა
  • გახანგრძლივებული ტირილი
  • გულის შუილი



“Tet Spells”

ხანდახან, ფალოს ტეტრადის მქონე ბავშვებს უეცრად განუვითარდებათ კანის, ფრჩხილების და ტუჩების ციანოზი ტირილის, კვების, კუჭში ასვლის ან გაღვიძებისას ფეხების დარტყმის შემდეგ. ამ ეპიზოდებს ეწოდებათ “tet spells’ და ისინი გამწვეულია სისხლში ჟანგბადის დონის უეცარი დავარდნით. ბავშვი ამ დროს შეიძლება ინსტინქტურად ჩაიცუცქოს. ჩაცუცქვა ზრდის სისხლის მიმოქცევას ფილტვებში. “tet spells”’ უფრო ხშირია 2-4 თვის ჩვილები.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ,რომ ბავშვს აქვს შემდეგი სიმპტომები:

  • სუნთქვის გაძნელება
  • კანის მოლურჯო შეფერილობა
  • გულის წასვლა ან გულყრები
  • სისუსტე
  • უჩვეულო გაღიზიანებულობა

თუ ბავშვი ციანოზური გახდება, სასწრაფოდ დააწვინეთ იგი გვერდზე და მიუტანეთ მუხლები მკერდთან. ეს ზრდის სისხლის მიმოქცევას ფილტვებში. დაუყოვნებლივ დარეკეთ სასწრაფოში