ფანტომური ტკივილი
დაავადების აღწერა
ფანტომური ტკივილი ვითარდება, როცა სხეულის ნაწილი (ძირითადად კიდური) ამპუტირებულია, თუმცა პაციენტი გრძნობს ამ ნაწილის ტკივილს. ექიმებს ადრე ეგონათ, რომ ფანტომური ტკივილი პოსტოპერაციული ფსიქოლოგიური მიზეზით იყო გამოწვეული, თუმცა ახლა ცნობილია, რომ ტკივილი ნამდვილია და გამოწვეულია ზურგის ტვინისა და თავის ტვინის გამო.
ფანტომური ტკივილი ვითარდება ისეთ ადამიანებში, რომელთაც მოკვეთეს კიდური, თუმცა დაავადება სხვა ქირურგიული ჩარევის შემდეგაც შეიძლება განვითარდეს, როგორიცაა ძუძუს მოკვეთა, პენისის, თვალის ან ენის ამოკვეთა.
ზოგიერთ პაციენტში, ფანტომური ტკივილი მსუბუქდება მკურნალობის შემდეგ. სხვებში, ფანტომური ტკივილის მენეჯმენტი რთულია. ექიმთან ერთად შესაძლებელია ეფექტური გზების გამონახვა მედიკამენტების და სხვა თერაპიული საშუალებების გამოყენებით.
გამომწვევი მიზეზი
ფანტომური ტკივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ტკივილი იწყება ზურგის ტვინსა და თავის ტვინში. კვლევების დროს, მაგალითად მაგნეტო–რეზონანსული კვლევის ან პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიის დროს, ტვინის ის ნაწილები, რომლებიც ნევროლოგიურად დაკავშირებული იყო კიდურთან, ამჟღავნებენ მომატებულ აქტივობას, როცა პაციენტი ტკივილს აღწერს.
მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ფანტომური ტკივილი ნაწილობრივ აიხსნება ტვინის სიგნალებით. ამპუტაციის შემდეგ, ზურგის ტვინის ის ნაწილები, რომლებიც კიდურს უკავშირდებოდა და ზურგის ტვინის ახლომდებარე ქსოვილები არაპროგნოზირებადი გზებით ცდილობენ ადაპტირებას მოკვეთილ კიდურთან. შედეგად, ნერვები აგზავნიან სიგნალს – ტკივილს, რადგან კიდურში “პრობლემაა”.
კვლევები აჩვენებს, რომ ამპუტაციის შემდეგ ამპუტირებული კიდურის შესაბამისი ნერვული გზები შესაძლოა ორგანიზმის სხვა ნაწილზე “გადავიდეს”. რადგან ამპუტირებული არე ვეღარ იღებს სიგნალებს მგრძნობელობის შესახებ, ეს ინფორმაცია “სხვაგან” გადადის, მაგალითად ხელის ამპუტირების შემდეგ ლოყაზე და ა.შ.
შედეგად, როცა პაციენტი ლოყას ეხება, შეგრძნება აქვს არარსებულ კიდურზე. რადგანაც ეს ნერვული გზების აშლილობაა, შედეგი ტკივილი შეიძლება იყოს.
ფანტომურ ტკივილს სხვა ფაქტორებიც უწყობენ ხელს, მათ შორის ნერვული დაბოლოებების დაზიანება, ნაწიბურის ჩამოყალიბება, ან ფსიქიკური მეხსიერება, ამპუტირებამდე არსებული ტკივილის შესახებ.
სიმპტომები
კიდურის ამპუტირების შემდეგ, მრავალი პაციენტი ამბობს, რომ მათ აქვთ შეგრძნება, თითქოს კიდური ისევ ადგილზეა. ამ ფენომენს, რომელსაც ტკივილი არ მოყვება, ფანტომური კიდურის შეგრძნება ეწოდება და იშვიათად ვითარდება იმ პაციენტებშიც, რომლებსაც დაბადებიდან არ აქვთ კიდურები.
ფანტომური კიდურის შეგრძნება შეიძლება ასოცირდებოდეს სიცივის, სითბოს, ქავილის ან დაბუჟების შეგრძნებასთან, თუმცა არა ფანტომურ ტკივილთან. ტკივილის შემთქვევაში მდგომარეობას ფანტომური ტკივილი ეწოდება. განმარტების მიხედვით, ტკივილი ფანტომურია, თუ მტკივნეული ადგილი, კიდური ამპუტირებულია.
ფანტომურ ტკივილს ახასიათებს:
- ამპუტაციის შემდეგ რამდენიმე დღეში დაწყება
- გაქრობა და გაჩენა ან გახანგრძლივება, მუდმივობა
ხშირად ფანტომური ტკივილი კიდურის ყველაზე შორს მდებარე ნაწილს ეხება, მაგალითად ფეხის ამპუტირების შემდეგ ხშირად მტკივნეულია ტერფი
ტკივილს აღწერენ, როგორც ბასრს, ყრუს, მოჭერითს, გამჭოლს ან წვის შეგრძნებას
ზოგჯერ ვითარდება შეგრძნება, თითქოს ამპუტირებული კიდური არაკომფორტულ პოზიციაშია
ტკივილს ზოგჯერ იწვევს კიდურის ნარჩენ ნაწილზე ზეწოლა ან ემოციური სტრესი