ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე
დაავადების აღწერა
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე წარმოიქმნება ფარისებრ ჯირკვალში, რომელის არის პეპლის ფორმის ჯირკვალი და მდებარეობს ფარისებრი ხრტილის ქვეშ. ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ გულისცემის სისწრაფეს, სისხლის წნევას, სხეულის ტემპერატურას და წონას.
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე ხშირი არაა ა.შ.შ-ში, თუმცა შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. ექიმების ვარაუდით ეს იმის ბრალია, რომ თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ძალიან პატარა ზომის სიმსივნეები, რაც ადრე შეუძლებელი იყო.
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების უმეტესობა მკურნალობის შედეგად განკურნებადია.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს.
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების გენეტიკური მუტაციის შედეგად. ეს მუტაცია უჯრედებს სწრაფად გამრავლების და გაყოფის საშუალებას აძლევს. უჯრედები აგრეთვე კარგავენ სიკვდილის უნარს. დაგროვილი უჯრედები წარმოქმნიან სიმსივნეს. პათოლოგიური უჯრედები შეიძლება შეიჭრან გარშემომყოფ ქსოვილებში და გავრცელდნენ მთელ ორგანიზმში.
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ფორმები
მკურნალობა და პროგნოზი დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ფორმაზე. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ფორმებია:
- პაპილარული სიმსივნე. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ყველაზე ხშირი ფორმა, რომელიც წარმოიქმნება ფოლიკულური უჯრედებიდან. ფოლიკულური უჯრედები წარმოქმნიან და ინახავენ ჰორმონებს. პაპილარული სიმსივნე შეიძლება ნებისმიერ ასაკში წარმოიქმნას, თუმცა იგი ყველაზე ხშირია 30-50 წლის ასაკში.
- ფოლიკულური სიმსივნე. ფოლიკულური სიმსივნე აგრეთვე ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედებიდან წარქმოიქმნება. იგი ძირითადად გვხვდება 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში. ჰიურტლეს უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნე ფოლიკულური სიმსივნის იშვიათი და აგრესიული ფორმაა.
- მედულარული სიმსივნე. მედულარული სიმსივნე იწყება ფარისებრი ჯირკვლის C უჯრედებში. ეს უჯრედები წარმოქმნიან ჰორმონ კალციტონინს. სისხლში კალციტონინის მომატებული დონის საშუალებით შესაძლებელია მედულარული კარცინომის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა. ზოგიერთი გენეტიკური სინდრომი ზრდის მედულარული სიმსივნის რისკს, თუმცა ეს გენეტიკური კავშირი იშვიათია.
- ანაპლაზიური სიმსივნე. ანაპლაზიური სიმსივნე იშვიათი, სწრაფად მზარდი და რთულად სამკურნალო სიმსივნეა. ანაპლაზიური სიმსივნე ვითარდება 60 წელს ზემოთ ადამიანებში.
- ლიმფომა. ფარისებრი ჯირკვლის ლიმფომა არის სიმსივნის იშვიათი ფორმა, რომელიც იწყება ფარისებრი ჯირკვლის იმუნურ უჯრედებში და სწრაფად იზრდება. ფარისებრი ჯირკვლის ლიმფომა ხანშიშესულ ადამიანებში გვხვდება.
სიმპტომები
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე როგორც წესი ადრეულ ეტაპზე არ იწვევს ნიშნებს და სიმპტომებს. სიმსივნემ ზრდასთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს:
- გამობერილობა, რომელიც შეიგრძნობა კისრის არეში კანის ქვეშ
- ხმის ცვლილებები, მათ შორის ხმის ჩახლეჩა
- ყლაპვის გაძნელება
- ტკივილი კისერში ან ყელში
- კისრის ლიმფური კვანძების შესიება
როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი, მიმართეთ ექიმს. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე იშვიათია, ამიტომ ექიმი თავდაპირველად სხვა მიზეზის პოვნას შეეცდება.