ფეხის მომხრელი კუნთების დაზიანება

დაავადების აღწერა

ფეხის მომხრელი კუნთების დაზიანება ვითარდება, როცა დაჭიმავთ ან ზედმეტად დატვირთავთ მომხრელი კუნთების ჯგუფიდან რომელიმე კუნთს. ამ ჯგუფის 3 კუნთი ბარძაყის უკანა ზედაპირზე მდებარეობს.

მომხრელი კუნთების დაზიანება ხშირად სპორტსმენებში გვხვდება. სპორტის ეს სახეობებია: ფეხბურთი, რაგბი, ჩოგბურთი, სირბილი (ხშირი შეჩერებითა და გაგრძელებით). მომხრელი კუნთების დაზიანება ხშირია მორბენალებსა და მოცეკვავეებში.

მარტივი საშუალებები, როგორიცაა მოსვენება, ყინული და ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლები ხშირად საკმარისია ტკივილისა და შესიების სამკურნალოდ. იშვიათად, საჭირო ხდება დაზიანებული კუნთის აღმდგენი ქირურგიული ჩარევა.

გამომწვევი მიზეზი

მომხრელი კუნთების ჯგუფი მოიცავს სამ კუნთს, რომლებიც ბარძაყის უკანა მხარეს არიან მოთავსებული, თეძოდან მუხლის ოდნავ ქვემო ნაწილამდე. როცა რომელიმე კუნთი ლიმიტზე მეტად დაიჭიმება ფიზიკური აქტივობის, მაგალითად სპორტის თამაშის დროს, ვითარდება კუნთის დაზიანება.

სიმპტომები

მომხრელი კუნთის დაზიანება ტიპიურად იწვევს უეცარ, ბასრ ტკივილს ბარძაყის უკანა მხარეს. ასევე შეიძლება იგრძნოთ ამოვარდნის ან ტკაცუნის შეგრძნებაც. შესიება და მტკივნეულობა ვითარდება რამდენიმე საათში. შესაძლოა დაზიანების ადგილი ჩალურჯდეს და ფერი იცვალოს. ასევე გვხვდება კუნთის სისუსტე.

როდის მივმართოთ ექიმს

მომხრელი კუნთის მსუბუქი დაზიანება შესაძლოა სახლის პირობებშიც შემსუბუქდეს. ექიმს უნდა მიმართოთ, თუ გაქვთ სისუსტე დაზიანებულ კიდურში და ვერ დადიხართ ტკივილის გარეშე.