ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზია

დაავადების აღწერა

ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზია გულის თანდაყოლილი დეფექტია, რომელიც ნორმაში სიცოცხლის პირველ საათებში დიაგნოსტირდება. ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზიის დროს, ის სარქველი, რომელიც გულიდან ფილტვში სისხლის გადასვლას უზრუნველყოფს, სწორად არ ვითარდება. სარქველის ნაცვლად, რომლის გაღება და დახურვა ასოცირდება სისხლის მიმოქცევასთან, ასეთ დროს ყალიბდება ქსოვილის მყარი შრე. გულის მარჯვენა ნაწილიდან სისხლი ვერ მიდის ფილტვებამდე, ჟანგბადის შეწოვისათვის.

ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზია სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. შესაბამისი პროცედურები და მედიკამენტები დაეხმარება თქვენს ბავშვს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა ბავშვობაში. ხანგრძლივი სამედიცინო ჩარევა ასოცირებულია უკეთეს პროგნოზებთან.

გამომწვევი მიზეზი

ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ პრობლემა ორსულობის ადრეულ ეტაპზე იწყება. პრობლემის უკეთ გასაგებად, საჭიროა გვესმოდეს, როგორ მუშაობს გული.

როგორ მუშაობს გული

“გული გაყოფილია ოთხ საკნად, მათგან ორი მარჯვნივ მდებარეობს ორი კი მარცხნივ. გული სისხლის გადასატყორცნად მარცხენა და მარჯვენა საკნებს სხვადასხვა მიზნით იყენებს
გულის მარჯვენა ნაწილი სიხლს ფილტვებისკენ გადატყორცნის ფილტვის არტერიების საშუალებით. ფილტვებში სისხლი მარაგდება ჟანგბადით და ბრუნდება გულის მარცხენა მხარეს ფილტვის ვენების საშუალებით. გულის მარცხენა ნაწილი სისხლს აორტის საშუალებით მთელ ორგანიზმში აგზავნის, რის შედეგადაც ბავშვის ორგანიზმი ჟანგბადით მარაგდება. სისხლი ერთი მიმართულებით მოძრაობს ბავშვის გულში, სარქველების დახურვის და გაღების გამო. ფილტვის არტერიის სარქველი მდებარეობს გულის მარჯვენა მხარეს და მისი საშუალებით სისხლი გადის ფილტვებში, ჟანგბადით გამდიდრების მიზნით.”

ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზიის დროს, სარქველი ნორმალურად არ ვითარდება, რაც ხელს უშლის მის გაღებას. სისხლი ვერ გადადის მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვებისაკენ. დაბადებამდე, არასწორად ჩამოყალიბებული სარქველი არ არის საშიში, რადგან ნაყოფი ჟანგბადით პლაცენტიდან მარაგდება. ჟანგბადით მდიდარი სისხლი ოვალური ხვრელით გადადის მარჯვნიდან მარცხნივ. ოვალური ხვრელი წინაგულებს შორის მდებარეობს და უზრუნველყოფს პლაცენტიდან გულის მარჯვენა მხარეს შესული ჟანგბადით მდიდარი სისხლით მარცხნივ გასვლას, რათა მარცხენა პარკუჭის საშუალებით ეს სისხლი მთელ ორგანიზმში გადანაწილდეს.

დაბადების შემდეგ, ბავშვის ფილტვებია პასუხისმგებელი სისხლის ჟანგბადით გამდიდრებაზე. ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზიის დროს, სისხლმა უნდა “იპოვოს” სხვა გზა, რათა ფილტვამდე მიაღწიოს.

ოვალური ხვრელი დაბადებიდან მალევე იხურება, მაგრამ ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზიის დროს, შესაძლოა ღიად დარჩეს და უზრუნველყოს ჟანგბადით ღარიბი სისხლის მიმოქცევა წინაგულებს შორის. სისხლი გადადის მარცხენა პარკუჭში და შემდეგ აორტაში. სისხლის ეს მიმოქცევა არ არის საკმარისი ჟანგბადით ბავშვის ორგანიზმის ადეკვატურად მომარაგებისათვის.

ახალშობილებს ასევე აქვთ დროებითი არხი აორტსა და ფილტვის არტერიას შორის. ამ არხის საშუალებით ჟანგბადით ღარიბი სისხლის ნაწილი გადადის ფილტვში, სადაც იღებს ჟანგბადს და ამარაგებს ორგანიზმს. არხი ძირითადად დაბადებიდან რამდენიმე საათში ან დღეში იხურება, მაგრამ შესაძლებელია მისი ღიად შენარჩუნება გარკვეული მედიკამენტების დახმარებით.

ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა არსებობდეს მეორე ხვრელიც, რომელიც მდებარეობს პარკუჭებს შორის– პარკუჭოვანი ძგიდის დეფექტი. დეფექტის საშუალებით, სისხლი მარცხენა პარკუჭამდე მიდის. თუ პარკუჭოვანი ძგიდის დეფექტი არ გვაქვს, მარჯვენა პარკუჭი იღებს მცირე სისხლს დაბადებამდე და ცუდად ვითარდება. ამ მდგომარეობას ეწოდება ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზია პარკუჭოვანი ძგიდის დეფექტის გარეშე.

სიმპტომები

თუ ბავშვი დაიბადა ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზიით, სიმპტომები მალევე იჩენს თავს, რამდენიმე საათში ან დღეში. ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ლურჯი ან მონაცრისფრო კანი– ციანოზი
  • სწრაფი სუნთქვა, სუნთქვის უკმარისობა
  • ადვილად დაღლა, გადაღლილობა
  • კვების პრობლემები, როგორიცაა ოფლიანობა და დაღლა ჭამის დროს
  • ფერმკრთალი, სველი კანი, რომელიც ცივია შეხებისას



როდის მივმართოთ ექიმს

ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზიის დიაგნოზი ძირითადად ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე საათში ან დღეში ხდება ცნობილი. ამის მიუხედავად, ზოგჯერ, სიმპტომები ბავშვის სახლში წამოყვანის შემდეგაც ვლინდება, რაც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას. ციანოზი ბავშვებში ექიმის მიერ უნდა იქნას შეფასებული, რაც შეიძლება მალე.