ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)

დაავადების აღწერა

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) აღნიშნავს დაავადებათა ჯგუფს, რომელთაც აერთიანებთ სასუნთქი გზების დახშობა და სუნთქვის გაძნელება.

ემფიზემა და ქრონიკული ბრონქიტი ამ ჯგუფის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია. ქრონიკული ბრონქიტი ანთებითი მდგომარეობაა ბრონქებში–სასუნთ მილებში, რომლებიც ჰაერს ატარებენ ფილტვებამდე და ფილტვებიდან გარეთ. ემფიზემა კი ვითარდება, როცა ჰაეროვანი ბუშტუკები (ალვეოლები) უმცირესი ზომის სასუნთქი გზების ბოლოს (ბრონქიოლები) თანდათანობით ნადგურდებიან.

ფილტვების ფქოდ–ის გამო დაზიანება შეუქცევადია, მაგრამ მკურნალობით შესაძლოა სიმპტომების კონტროლი და ამ დაზიანების გავრცელების შემცირება.

გამომწვევი მიზეზი

ფქოდ–ის გამომწვევი მთავარი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. თუმცა, განვითარებად ქვეყნებში, ფქოდი ხშირია ქალებში, რომლებიც საწვავის გამონაბოლქვს სუნთქავენ საკვების მომზადების დროს, არასწორად განიავებულ სახლებში. ქრონიკული მწეველების მხოლოდ 20% პროცენტს უვითარდება ფქოდი. ზოგიერთი მწეველი უფრო იშვიათი ფილტვის დაავადებით ავადდება. ეს დაავადებები შესაძლოა ფქოდ–ში აერიოთ, სანამ უფრო სიღმისეული გამოკვლევები არ ჩატარდება.

როგორ ზიანდება ფილტვები

ჰაერი ტრაქეადან ჩადის ფილტვებში ორი დიდი ზომის მილის–ბრონქების საშუალებით. ფილტვებში, ეს მილები მრავალჯერ იყოფა, როგორც ხის ტოტები, და წარმოქმნის მცირე ზომის მილებს–ბრონქიოლებს, რომლებიც ბოლოვდება ჰაეროვანი ბუშტუკებით–ალვეოლებით. ალვეოლები გარშემორტყმულია კაპილარებით. ჰაერში არსებული ჟანგბადი სწორედ ამ კაპირების მეშვეობით აღწევს სისხლში. ამავდროულად, ნახშირბადის მონოქსიდი–მეტაბოლიზმის ნარჩენი აირი, გამოიყოფა ფილტვებიდან.

ფილტვი დამოკიდებულია ბრონქული მილების ელასტიურობასა და ჰაეროვან ბუშტუკებზე, რათა ჰაერი ფილტვიდან გარეთ გამოვიდეს. ფქოდ–ის დროს ბრონქი კარგავს ელასტიურობას და ნაწილობრივ კოლაფსირდება, რაც იწვევს ფილტვებში გარკვეული მოცულობის ჰაერის “ჩარჩენას”, ამოსუნთქვის შემდეგ.

სასუნთქი გზების ობსტრუქციის მიზეზები

ემფიზემა. ფილტვის ეს დაავადება იწვევს ალვეოლების ადვილად დაზიანებადი კედლებისა და ელასტიური ბოჭკოების განადგურებას. მცირე ზომის სასუნთქი გზები იფუშება და უშლის ხელს ამოსუნთქვას.

ქრონიკული ბრონქიტი. ამ დროს, ბრონქის მილები ანთებული და შევიწროებულია, რადგან წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ლორწო, რომელიც ბლოკავს მილების განვლადობას. ვითარდება ქრონიკული ხველა, მილების გაწმენდის მცდელობის გამო.

თამბაქოს კვამლი და სხვა გამღიზიანებლები

შემთხვევათა უმეტესობაში, ფილტვის დაზიანება თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარების შედეგია, მაგრამ სავარაუდოა სხვა ფაქტორების მონაწილეობაც ფქოდ–ის განვითარებაში, როგორიცაა გენეტიკური წინასწარგანწყობა, რადგან მწეველთა მხოლოდ 20% ავითარებს ამ დაავადებას.
სხვა გამღიზიანებლებმა შესაძლოა გამოიწვიონ ფქოდი, როგორიცაა სიგარა, მეორეული კვამლი, გამონაბოლქვი, ჰაერის დაბინძურება, მტვერი.

ალფა 1–ანტიტრიპსინის დეფიციტი

ფქოდ–ით დაავადებულთა დაახლოებით 1%–ს აღენიშნება გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს ცილა ალფა 1–ანტიტრიპსინის შემცირებულ რაოდენობას. ალფა 1–ანტიტრიპსინი წარმოიქმნება ღვიძლში და გამოიყოფა სისხლში, ფილტვების დასაცავას. ცილის დეფიციტი იწვევს როგორც ღვიძლის, ისე ფილტვის პათოლოგიებს. ღვიძლის დაზიანება ხშირია ბავშვებსა და ჩვილებში, არა მხოლოდ მოზრდილ მწეველებში. მოზრდილებში კი, ტრიპსინის დეფიციტის მკურნალობა იგივეა, რაც ფქოდ–ის სხვა მიზეზებისა. ზოგჯერ, მკურნალობა მოიცავს ნაკლული ტრიპსინის მიწოდებას, რათა ფილტვების მეტი დაზიანება ავიცილოთ თავიდან.

 

სიმპტომები

ფქოდ–ის სიმპტომები არ ვლინდება, სანამ ფილტვის მნიშვნელოვანი ნაწილის დაზიანება არ მოხდება. სიმპტომები ძირითადად უარესდება დროთა განმავლობაში. ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაში, მთავარი სიმპტომი ხველაა, რომელიც წელიწადში 3 თვე, 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს გამოვლენილი. ფქოდ–ის სხვა ნიშნები და სიმპტომებია:

  • სუნთქვის უკმარისობა, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის დროს
  • სტვენითი სუნთქვა
  • დაჭიმულობა გულმკერდის არეში
  • ფილტვებში ლორწოს დაგროვების გამო, დილით ხველება
  • ქრონიკული ხველა, რომელსაც თან ახლავს ნახველი–გამჭვირვალე, თეთრი, ყვითელი ან მომწვანო
  • ტუჩების ან ფრჩხილების გალურჯება (ციანოზი)
  • ხშირი სასუნთქი გზების ინფექციები
  • ენერგიის ნაკლებობა
  • უმიზეზოდ წონაში კლება (მოგვიანებით სტადიებზე)
  • ფქოდ–ით დაავადებულებს ხშირად აქვთ გამწვავების ეპიზოდებიც, როცა სიმპტომები მძიმდება რამდენიმე დღის ან მეტის განმავლობაში.